Winter Comics — ეს არის ქართველების მიერ შექმნილი ვებ-კომიქსების პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ძალას იყენებს! აქ კომიქსების ავტორებს შეუძლიათ, მარტივად შექმნან პერსონაჟები და სცენები. ტექსტზე ან უბრალო მონახაზებზე დაყრდნობით, AI მოდელები შესაბამის ნახატებს აგენერირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველას შეუძლია საკუთარი ისტორიის მკითხველამდე მიტანა მაღალი ხარისხის ვიზუალით.
პლატფორმისთვის ხელოვნური ინტელექტის მოდელების გაწვრთნა გასული წლის აგვისტოდან დაიწყეს. ამჟამად კი Winter Comics გამოცდილ ინჟინრებსა და დიზაინერს აერთიანებს, რომლებიც მუშაობდნენ გუგლში, მაიკროსოფტში, სერნში, ამაზონში და facebook-ში — გუნდის წევრების უმეტესობა და მათ შორის დამფუძნებელიც, მარია დოლიაშვილი, ქართველია.
Winter Comics-ის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას კი მარია გვიზიარებს:
M: როგორ გაჩნდა Winter Comics-ის შექმნის იდეა და რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია?
კომიქსების დაგენერირება ძალიან შრომატევადი პროცესია. დაწერილი ისტორიიდან მკითხველამდე მისატანად ხატვის უნარ-ჩვევების გამომუშავება, სახატავი პლატფორმების დაუფლება, გამომქვეყნებელი პლატფორმების მოძებნა და საკუთარი თავის გაპიარება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ხატვის პროცესი კი თავისთავად მოიცავს, როგორც მონახაზებსა და გაფერადებას, ისე კომიქსის ტექსტური ნაწილის დამატებას. ასე რომ, ძალიან ბევრი კომიქსის ავტორს, მუშაობისგან გადატვირთვის გამო, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
ჩვენი მიზანია, კომიქსების შექმნის გაადვილება, რათა მცირე დროში ყველამ შეძლოს საკუთარი ისტორიების წარმოსახვიდან რეალობაში გადმოტანა, სამხატვრო უნარ-ჩვევების გარეშეც კი. ამბის თხრობის გაადვილებით, ხელს შევუწყობთ სხვადასხვა სახის კომიქსის შექმნასა და მთელი მსოფლიოს გარშემო მკითხველებისა და ავტორების დაკავშირებას.
M: ცოტა დეტალურად რომ ავხსნათ, როგორ მუშაობს Winter Comics? რა პრინციპს და სისტემას ეფუძნება?
Winter Comics-ის AI კოლაბორატორის ტექნოლოგია დაფუძნებულია ინოვაციურ ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე; სხვადასხვა სახის ხელოვნების მაგენერირებელ ხელოვნური ინტელექტის (Generative AI Art) მოდელების, LLMs (Large Language Models) ტექსტის ანალიზისა და გენერაციის აღწერების (prompts) დასაწერად.
კონკურენტებისგან განსხვავებით, ჩვენი მოდელები შექმნილია ამბის თხრობისთვის. ასე რომ, შესაძლებელია პერსონაჟების დიზაინის შექმნა და მათი მუდმივი სახით გამოყენება განსხვავებული ემოციებით სხვადასხვა გარემოში. გარდა პერსონაჟებისა, ასევე შესაძლებლობა გვაქვს, დავაგენერიროთ ცხოველები და გარემოები.
ამავდროულად, ჩვენი კომიქსების ავტორებს საშუალება აქვთ თავიანთი გმირები და სცენები NFT-ის სახით დაარეგისტრირონ და გაყიდონ ჩვენი პლატფორმიდან.
თანაც ფუნქციონალის ადვილად გამოსაყენებლად, პლატფორმაზე გავაერთიანეთ კომიქსის შექმნისა და გამოქვეყნების პროცესი. შესაბამისად, იდეიდან მკითხველამდე მონათხრობის მისატანად, ჩვენი პლატფორმის დატოვება საჭირო არ არის. პროცესის დასაწყებად საჭიროა მხოლოდ ამბის/იდეის ქონა პლატფორმის გახსნისას. რამდენიმე მარტივ ნაბიჯში შესაძლებელია ამ ამბის შესაბამისი გმირებისა და სცენების დაგენერირება და ნახატების პანელებზე განთავსება.
M: მომხმარებლის მხრიდან რა სახის ჩართულობაა საჭირო? რა ენაზე მიმდინარეობს კომუნიკაცია?
Winter Comics-ის პლატფორმაზე მომხმარებელს ორი როლი აქვს: შეუძლია შექმნას კომიქსები ან წაიკითხოს სხვისი ნამუშევრები. კომიქსის ავტორები ზრუნავენ საკუთარი კომიქსის მკითხველთა რიცხვის გაზრდაზე, მკითხველებს კი უამრავი სამყარო და თავგადასავალი ელით.
უნდა აღინიშნოს, რომ პერსონაჟის გენერირება, კომიქსების გარდა, შეიძლება გამოყენებული იყოს თამაშების გმირების ან ავატარების შესაქმნელადაც.
პლატფორმა მზადდება ინგლისურ ენაზე, თუმცა კომიქსის ენა დამოკიდებულია მის ავტორზე. მომავალში ვგეგმავთ ავტომატური თარგმნის სერვისის შეთავაზებას; ასევე, გახმოვანების ფუნქციას მცირეასაკოვანი ბავშვებისთვის და მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისთვის.
აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენი კომიქსები არ არის შეზღუდული რომელიმე ასაკის ჯგუფისთვის. ასაკობრივი შეზღუდვა შეეხება მხოლოდ კონკრეტული შინაარსის კომიქსს…
M: მოცემულ ეტაპზე რამდენად სრულყოფილად მუშაობს პლატფორმა?
მკითხველის გვერდებსა და მობილურის აპლიკაციაზე მუშაობა დასრულებულია; ამჟამად აქტიურად ვთანამშრომლობთ კომიქს სტუდიებთან, კომიქსების ავტორთათვის პლატფორმის დასახვეწად. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად გამოქვეყნებულ კომიქსებს კი მკითხველი სულ მალე იხილავს.
M: საინტერესოა, სხვა მსგავსი ანალოგი არსებობს საერთაშორისო ბაზარზე?
Winter Comics პირველი პლატფორმაა, რომელიც შექმნის და გამოქვეყნების სერვისებს აერთიანებს AI collaborator-თან ერთად. ასევე, სხვა პლატფორმებს ამჟამად არ აქვს ფუნქციონალი, რომ ადამიანების გარდა, დააგენერირონ ცხოველები და სხვა არტეფაქტები. კომიქსების გამოსაქვეყნებლად კი საკმაოდ ბევრი პლატფორმა არსებობს — მათ შორის ყველაზე ცნობილია Naver Webtoon, რომელსაც 90 მილიონი მომხმარებელი იყენებს მსოფლიოს მასშტაბით.
კომიქსების შექმნის პროცესისთვისაც საკმაოდ ბევრი პლატფორმა არსებობს და ზოგიერთი მათგანი ნაწილობრივ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. თუმცა, მათი უმეტესობა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს დასაუფლებლად; ხშირად რამდენიმე პროგრამის ერთდროულად გამოყენებაცაა საჭირო.
M: სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
ვგეგმავთ, რომ ძალიან მალე გავუშვათ კომიქსების პირველი ნაკადი. გუნდი ჩართულია საერთაშორისო თამაშებისა და კომიქსების სტუდიებთან მოლაპარაკებებში — ბევრი მათგანი დაინტერესდა ჩვენი ხელსაწყოთი, რათა თავადაც დააგენერირონ პერსონაჟები, თამაშების არტეფაქტები, ავატარები და, რა თქმა უნდა, კომიქსები.