in

WINTER CUP – ქართული კიბერსპორტის ცხელ-ცხელი ზამთარი

WINTER CUP – ქართულ კიბერსპორტში ყველაზე მასშტაბური ტურნირია, რომელიც უკვე ზედიზედ მეორე წელია ტარდება. ჩემპიონატი შვიდ სახეობაში იმართება, რომელთა საერთო საპრიზო ფონდი 100 000 ლარია.

WINTER CUP-მა ქართული კიბერსპორტის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. მოთამაშეებს შესაძლებლობა მიეცათ eSports-ის ბატალიებში მიეღოთ მონაწილეობა, ამასთან, ოლიმპიურ სასახლეში სპეციალურად მოწყობილმა კიბერარენამ ნამდვილი გეიმერული ატმოსფერო შექმნა. წლევანდელი „ზამთრის თასისთვის” ახალი გუნდები შეიქმნა, წარსულში გამორჩეული მოთამაშეები კი გეიმინგს დაუბრუნდნენ.

„ქართულ კიბერსპორტში WINTER CUP ერთ-ერთ ძირითად ტურნირად იქცა, რომელიც ქართველი გეიმერებისთვის „მაჟორ” კატეგორიაა. აქ გამარჯვებული არა მხოლოდ სოლიდურ თანხას იღებს, არამედ მოცემული პერიოდისთვის სახეობაში რეიტინგულ ადგილს იკავებს. WINTER CUP მოტივაციას აძლევს გეიმერებს, რომ სახეობა სპორტად აღიქვან და ყოველი მომდევნო ჩემპიონატისთვის სათანადოდ მოემზადონ. მოხარული ვარ, რომ ევროპაბეთი ფედერაციას მხარში უდგას და ქართული გეიმინგის განვითარებისთვის ზრუნავს”, – განაცხადა საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ჩოგოვაძემ.

WINTER CUP საქართველოში  კიბერსპორტულ ამინდს ქმნის. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ წლევანდელ ჩემპიონატს – რა მოხდა ქართულ ტურნირზე და რას უნდა ველოდოთ გრანდ ფინალში.

პირველი სახეობა, რომელმაც გრანდ ფინალისტები გამოავლინა „ზამთრის თასზე”, იყო eFootball. ღონისძიების დასკვნით ეტაპზე ძმები, რატი და მათე ნანავები ითამაშებენ. ისინი ქართული eFootball-ის სცენაზე „ნანავების კლასტერის” სახელით არიან ცნობილნი. რატი 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონია, მათე კი – მისი საუკეთესო სპარინგ პარტნიორი. მთავარი ინტრიგა ისაა, შეძლებს თუ არა მათე საკუთარი ძმის ჩრდილიდან გამოსვლას და პირველი დიდი ტიტულის მოგებას.

DOTA 2-ის გრანდ ფინალში Monaspa-სა და Protos-ის დუელს ვიხილავთ. ყველაზე მაგიურ სახეობას თავიდანვე ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა. Monaspa-ს გუნდში ორი ძლიერი „დოტერი” თამაშობს – w1sh და Nande, Protos კი მათ გუნდურობასა და მებრძოლ ხასიათს დაუპირისპირებს. აღსანიშნავია ის, რომ DOTA-ს ტურნირზე პირველად ქალი მოთამაშე (Nataliiya) საპრიზო კატეგორიაში მოხვდა, იგი მესამეადგილოსან TurtlMar-ში თამაშობდა. მომხმარებლებს ქართული ტურნირის ნახვა liquipedia-ზე შეეძლოთ.

Monaspa-ს ლიდერები – w1sh და Nande

TEKKEN 7-ში გრანდ ფინალის საგზური გუგა ირემაშვილმა (Team Protos) ძალიან მარტივად მოიპოვა. მან ჯგუფურ ეტაპზე ყველა შეხვედრა მოიგო. გუგა ტურნირის მთავარი ფავორიტი იყო და მისი შედეგი არავის გაჰკვირვებია. აი, მეორე ფინალისტის, შაკო ხომასურიძის, კარგი თამაში კი სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა. ირემაშვილი შარშანდელი WINTER CUP-ის ფინალისტია, იგი დაძაბულ ბრძოლაში დავით კასრაძესთან დამარცხდა, წელს კი ტიტულის მოპოვების რეალური შანსი აქვს.

FIFA 23 ყველაზე პოპულარული საფეხბურთო სიმულატორია. ამ სახეობაში წელს შეჯიბრება FUT რეჟიმში ჩატარდა და ახალი ლიდერები გამოავლინა. შარშანდელი ფინალისტი, ნიკუშა ხევიაშვილი, ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა, ხოლო წინა წლის ჩემპიონი, ზუკო ჯიბლაძე ნახევარფინალში დამარცხდა. რაც შეეხება წლევანდელ გრანდ ფინალს, აქ ორი უძლიერესი მოთამაშე, გიორგი გოგოლი და დათუნა ბერია გავიდნენ. ამ წყვილში მცირე უპირატესობა გოგოლის მხარესაა, მაგრამ ბერიამ ტურნირის მსვლელობისას დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

CS:GO-ს ქართულ ტურნირზე Monaspa-სა და Protos-ის არყოფნაში მთავარ ფავორიტებად Ufg და Sprenty მოიაზრებოდნენ, რომლებმაც მოლოდინი გაამართლეს. საერთოდ, Sprenty „ზამთრის თასისთვის” შეიქმნა, ხოლო Ufg-ს გუდნი 2017 წლიდან არსებობს. WINTER CUP-ის ფინალში ამ ორ გუნდს შორის თანაბარი და ძალიან დაძაბული თამაშია მოსალოდნელი.

„ზამთრის თასზე” წელს პირველად ჩატარდა NBA-ს ტურნირი. შეჯიბრება ალექსანდრე ურუშაძემ ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. მან 7-იდან 6 თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში 18 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. საწყისი ორი ტურის წაგების შემდეგ სანჯი საგინაშვილი ბრწყინვალედ ათამაშდა. მან ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო და მეორე ფინალისტი გახდა. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრემ ის ერთადერთი მარცხი სწორედ სანჯისთან იწვნია. ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე ურუშაძე რევანშის აღებას, ხოლო საგინაშვილი ტურნირის ტრიუმფით დასრულებას ეცდება.

„ზამთრის თასზე” Pubg Mobile ყველაზე მასშტაბური სახეობაა. ღონისძიების დასკვნით ეტაპზე მას 16 გუნდი ითამაშებს. ნახევარფინალის შემდეგ ყველაზე მაღალქულიანი გუნდი FOM გახდა. ტიტულის დაცვას ეცდება შარშანდელი ჩემპიონი ALPI-ც. WINTER CUP-ში მონაწილეობდა ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის გუნდი – KZ ESPORTS, კლანი მე-6 ადგილით გრანდ ფინალში გავიდა.

WINTER CUP-ის დასკვნითი ღონისძიება 28,29 იანვარს, ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. ჩემპიონატის პირდაპირ ეთერში ყურებას europop-ის YOUTUBE არხზე შეძლებთ.

[R]

როგორ უნდა დაუჭიროთ მხარი ზეტ თაობის წარმომადგენლებს სამსახურში? — 7 გზა

როგორ დავიწყოთ ჯანსაღი ცხოვრება – მოკლე გზამკვლევი პირველი ნაბიჯების გადასადგმელად