in

პირველ Winter Jazz ფესტივალზე, ლეგენდარული ჯო ზავინულის მუსიკა შესრულდება

ზამთარი, გუდაური, ჯაზი… 2024 წლიდან ამ სამი სიტყვის კავშირსაც უნდა შეეჩვიოთ, ვინაიდან ჯაზ ფესტივალი, მეოთხე, ყველაზე ცივ სეზონსაც შეგვივსებს და პირველ წელს, ეს გუდაურში მოხდება.

„ისტერნ ფრომოუშენსის“ გუნდმა ჯაზ ფესტივალების განახლებული ფორმატი 2000 წლიდან დაიწყო (თუმცა კი პირველი ფესტივალი 1978 წელს ჩატარდა), 2007 წელს გაფართოვდა და“ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი“ დაემატა – 2017 წლიდან შემოდგომის სეზონი  წინანდლის „Jazz & Wine“-ით გვამახსოვრდება. და აი, 7 წლის შემდეგ ზამთრის ჯერიც დადგა. რა თქმა უნდა გუდაური მსგავსი ღონისძიებისთვის საუკეთესო ადგილია, სადაც თვეების განმავლობაში ტურისტების რაოდენობა არ წყდება და არც ადგილობრივების სიმცირე იგრძნობა.

ყველა აქამდე არსებულ ჯაზ ფესტივალს საკუთარი მუსიკალური ფორმატი, სტილი და ბრენდი გააჩნდა – გამონაკლისი არც გუდაური იქნება, რომელიც 24-25 თებერვალს 11 ზე მეტ მუსიკოსს უმასპინძლებს – ფესტივალი Winter Jazz Gudauri სასტუმრო „კარპე დიემის“ ტერიტორიაზე გაიმართება.

24 თებერვალს ფესტივალს ქართველი დიჯეი, თაზო ცხაკაია იგივე Soulidan-გახსნის და მსმენელს აფრო ამერიკულ საცეკვაო მუსიკას შესთავაზებს. მას კი ამავე მუსიკის ცნობილი სელექციონერები მოჰყვებიან: Kenny Bobien, Josh Milan, Kaidi Tatham, Dj Spen, Greg Gauthier, Afshin – თითოეულ მათგანს 25 წელზე მეტი DJ-ინგის სტაჟი აქვს, რაც მთელი დღის სასიამოვნოდ გატარების გარანტიაა.

ფესტივალის პირველ დღეს, გამორჩეული პროექტი დაასრულებს. სკოტ კინზი ცნობილი ამერიკელი კლავიშისტია, რომელიც მისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტალისტად ფართოდაა აღიარებული. მან სინთეზატორის ჟღერადობა და ოსტატობა უმაღლეს დონეზე აიყვანა და კლავიშისტების თაობიდან პირველია, რომელმაც პირველად სწორედ ელექტრონულ ინსტრუმენტს დაეუფლა, მაშინ როდესაც ძირითადად აკუსტიკური ვარიანტის შესწავლით იწყებდა ყველა.

სწორედ სკოტ კინზის პროექტს უმასპინძლებს გუდაურის ჯაზ ფესტივალი – „We Speak Luniwaz“ – ლეგენდარული მუსიკოსის, ჯო ზავინულის შემოქმედებას გაგვიზიარებს, რომელიც თავის მხრივ 60-იან წლებში პირველი იყო, ვინც ელექტრონული ფორტეპიანო შეითავსა,  ჯერ ქენონბოლ ედერლის ჯგუფში უკრავდა, 1969 წელს კი მაილს დევისთან ერთად „In A Silent Way“ შექმნა. ამ წლებში მისმა დაკვრის სტილმა, სათავე დაუდო მუსიკალურ სტილს, რომელსაც დღეს Soul Jazz-ად მოვიხსენიებთ, 70-იან წლებში კი იგი კიდევ ერთი რევოლუციური მოძრაობის პიონერი გახდა, როდესაც Weather Report-თან ერთად ჯაზ-როკ-ფიუჟენს დაუდო სათავე.

სკოტ კინზი, ამ მუსიკალური გიგანტის შემოქმედებით ახალგაზრდობიდან დაინტერესდა. „ყველა, ვინც ზავინულის მუსიკა იცის, მიხვდება რომ შეუძლებელია მისი სტილის პირდაპირი კოპირება. იგი არა მხოლოდ უბრალოდ უკრავდა, არამედ თავისი პერსონალური ენაც შექმნა, რომელიც მომენტით სულდგმულობს და მუდამ ახალია. დროთა განმავლობაში მეც ვისწავლე ამ ენაზე მეტყველება, ალბათ ჩემი კონკრეტული დიალექტით, ისე როგორც ნებისმიერ ახალ ენას სწავლობს ადამიანი – მოსმენით, შთაბეჭდილებით და რაღაც პერიოდის შემდეგ მისი არსის გაგებით“ – აცხადებს კინზი.

„We Speak Luniwaz“ – ზავინულის 7 კომპოზიციას მოიცავს, ერთიც რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილ მეორე ლეგენდას, უეინ შორტერს ეკუთვნის, 2 კომპოზიცია კი პერსონალურად კინზისია. ალბომი 2019 წელს, ლოს ანჯელესში ჩაიწერა და მასში ჯგუფის ლიდერის გარდა 3 ძირითადი და 9 სპეციალურად მოწვეული მუსიკოსი იღებდა მონაწილეობას.

განვითარებული მუსიკის ჩაწერის ტექნიკით, ეს კომპოზიციები ამ გასაოცარ ბენდთან ერთად, გამორჩეულად ჟღერს. კინზის გუდაურში შემდეგი მუსიკოსები შეუერთდებიან: სიმუს ბლეიქი – ტექნორ საქსაფონზე, ფრანცისკო ფატორუსო – ბას გიტარაზე და ნიკოლას ვიკარო დრამზე, რომელიც წარსულში ჯონ მაკლაფინთან, რიჩარდ ბონასთან და მაიკ სტერნთან თანამშრომლობდა.

ჯაზ ფესტივალის მეორე დღეს ისევ ჰაუს არტისტები დახურავენ. მოკლედ გუდაურის სიცივის ნუ შეგეშინდებათ, ვინაიდან ზემოთ ჩამოთვლილი მუსიკოსები გარანტირებულად ცეცხლს დაანთებენ თქვენთვის. ასე რომ შანსი არ გაუშვათ და დაესწარით ზამთრის პირველი ჯაზ ფესტივალს.

6000-მდე სატრენინგო საათი, 50-ზე მეტი საერთაშორისო სწავლება და 3 ავტორიზებული პროგრამა – „თეგეტა აკადემიის“ 2023 წელი

როცა რთული გადაწყვეტილებების მიღებას Oreo-ს მიანდობ