საქართველოში თანდათან ყალიბდება ზამთრის სპორტის შეჯიბრებების საერთაშორისო კულტურა. სულ ცოტა ხნის წინ, 3-4 და 10-11 თებერვალს, ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა მთის კურორტების მთავარ მოვლენას, მსოფლიო თასებს სნოუბორდსა და
სკი კროსში გუდაურსა და ბაკურიანში. ღონისძიება მთის ტრასების სააგენტოს (M.T.A) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით გაიმართა, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS). წელს, საქართველოდან შეჯიბრში ერთი ქართველი მოთხილამურე მონაწილეობდა. დავით თედიაშვილი Ski Cross-ში ასპარეზობდა და მარკეტერს წლევანდელი გამოცდილების შესახებ უამბო.
M: პირველ რიგში, გთხოვთ, გვიამბეთ სათხილამურო სპორტში თქვენს გამოცდილებაზე…
თხილამურებზე ბავშვობიდან ვდგავარ, დავდიოდი და აქტიურად ვვარჯიშობდი. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, უფრო პასიურად ვმონაწილეობდი ამ სპორტში. შემდეგ, უნივერსიადაზე მომიწია გამოსვლა ესპანეთში, 2015 წელს. სწორედ იქ გადავდგი პირველი ნაბიჯები Ski Cross-ში. ამის შემდეგ, საერთაშორისო შეჯიბრებზე გამოვდიოდი ხოლმე, FIS-ის შეჯიბრებებზე, სადაც ბევრჯერ მაქვს საპრიზო ადგილები აღებული, ევროპის თასზე მოწინავე ადგილები მაქვს დაკავებული, ასევე მსოფლიო უნივერსიადაზე მე-7 ადგილზე გავედი.

M: როგორ ეხმარება სფეროს განვითარებაში ასეთი შეჯიბრებები?
მიხარია, რომ საქართველოში ტარდება ასეთი მასშტაბური დონის ღონისძიება, რაც არ გვქონია ამ დრომდე. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო გასული წელი, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა. არამხოლოდ ზამთრის სახეობებში, არამედ სპორტის არცერთ სახეობაში არ ჩატარებულა მსოფლიო ჩემპიონატი, საქართველოს ისტორიაში. მიხარია, რომ ზამთრის სპორტი წინ წამოიწია და კვლავაც იგეგმება მსოფლიო თასის ჩატარება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მაგალითის მიმცემი იქნება მომავალი თაობისთვისაც და ახალგაზრდა სპორტსმენებში მეტ ინტერესს გამოიწვევს.
ასეთი ჩემპიონატები სფეროს ეხმარება განვითარებაში. უფრო მეტი ენთუზიაზმი იგრძნობა სპორტსმენებში და შემდეგ, უფრო მეტი შემართებით ვასპარეზობთ ჩვენც. თან, როცა საკუთარ ქვეყანაში გამოდიხარ, შენი ხალხის გულშემატკივრობა და ოვაცია ძალიან დიდ სტიმულს გაძლევს.
M: ბაკურიანში გასულ წელსაც ჩატარდა ჩემპიონატი. როგორ შეადარებდით 2023 წლისა და წლევანდელ გამოცდილებას?
წინა წლის ჩემპიონატთან შედარებით, ეს გამოცდილება უკეთესი იყო კონცენტრირების კუთხით. გასულ წელს ბევრნაირი სახეობა იყო თავმოყრილი, რის გამოც ყურადღება ბევრად მეტი მიმართულებით ნაწილდებოდა. ახლა კი, ერთ სახეობაში ჩატარდა, უფრო მეტი აქცენტი გაკეთდა სპორტის ამ სახეობაზე. ორგანიზების ნაწილსაც ეტყობოდა შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინება. მთელი გუნდი მაქსიმალურად იყო ჩართული ორგანიზებაში, რომელმაც ნამდვილად შესანიშნავად ჩაიარა. უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული მონაწილეებიც კმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რაც საამაყოა.
M: წელს, როგორია თქვენი შედეგები?
წელს, საქართველოს სახელით მხოლოდ მე ვიასპარეზე მსოფლიო თასზე, რადგან მაქვს მოპოვებული შესაბამისი ქულა მონაწილეობისთვის, თუმცა კვალიფიკაციის გავლა ვერ შევძელი. ორიოდე სიტყვით გეტყვით მონაწილეობის პრინციპზე, ამისათვის საერთაშორისო დონის შეჯიბრებზე აგროვებს სპორტსმენი ქულებს, მონაწილეობს FIS-ის ღონისძიებებში. მონაწილეობისთვის საჭირო მინიმალური მაჩვენებელი განსხვავებულია, შეჯიბრის მიხედვით, მაგალითად, გასული წლის ჩემპიონატზე საჭირო იყო 50 ქულა. მსოფლიო თასზე გამოსასვლელად კი – 100 ქულა საჭირო.
შემდეგ წელს, FIS-ის მსოფლიო თასის კალენდარში უკვე ჩასმულია ბაკურიანი და ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. ვისურვებდი, რომ ქართულ სათხილამურო კულტურაზე უფრო მეტი იცოდეს ჩვენმა გულშემატკივარმა და მეტად იყოს ჩართული ქომაგობაში.
[R]