უკვე 2 წელზე მეტია, Wishlist.ge მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ, პროდუქციის ყველაზე ფართო ასორტიმენტი შეიძინოს. “ქართული ამაზონი”, ასე უწოდებენ მას და, ალბათ, არც არის გასაკვირი – იგი ხომ პროდუქტის საკმაოდ ბევრ კატეგორიასა და ქვეკატეგორიას აერთიანებს. კომპანიის მაღაზია სულ ახლახან დიღომში მდებარე “გუდვილში” გაიხსნა. რა გზა გაიარა ვიშლისთმა შექმნიდან დღემდე და რა სამომავლო გეგმები აქვს მას, ყველაფერ ამის შესახებ კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, სალომე ქუთათელაძეს გავესაუბრეთ.
M: როგორ გაჩნდა Wishlist-ის შექმნის იდეა?
ონლაინ მაღაზიის შექმნის იდეა გაგვიჩნდა ჯერ კიდევ 2005 წელს, თუმცა, ყველამ კარგად იცის, იმ პერიოდში საქართველოში კომპიუტერიზაციის და, მით უმეტეს, ინტერნეტის მოხმარების დონე როგორი იყო.. ბაზრის კვლევის ჩატარების შემდეგ მივხვდით, რომ ასეთი ტიპის მომსახურებისთვის არც მომხმარებელი იქნებოდა მზად და, მით უმეტეს, არც მომწოდებლები. დროებით შევწყვიტეთ ამაზე ფიქრი. შემდეგ კი, 2015 წელს გავაცოცხლეთ ეს იდეა – ამ დროიდან აქტიურად დავიწყეთ Wishlist-ზე მუშაობა.
M: მოგვიყევით მისი კონცეფციის შესახებ..
ვიშლისთი არის ორგანიზაცია, რომელშიც ორი მიმართულება გამოიყოფა – ერთი არის ონლაინ მაღაზია, რომელზეც თავისუფლად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოში ყველაზე დიდია, რადგანაც აქ მომხმარებელს 50 000-მდე განსხვავებულ პროდუქტს ვთავაზობთ. ვიშლისთს აფასებენ, როგორც ქართულ ამაზონს. მომხმარებელს ვთავაზობთ, ნებისმიერი ნივთი შეიძინოს სახლიდან გაუსვლელად. მეორე მიმართულებას რაც შეეხება – ვართ საბავშვო პროდუქციის ყველაზე დიდი იმპორტიორები ევროპიდან.
M: როგორ დაიწყო Wishlist-ის ისტორია?
დავიწყეთ საბავშვო პროდუქციით, რადგან ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მიზნობრივი აუდიტორია ონლაინშიც და ისედაც არიან მშობლები. დედა და ზოგადად მშობელი არის კატეგორია, რომელსაც არასოდეს საკმარისი დრო არ აქვს სასურველი ნივთების ასარჩევად და შესაძენად; ამიტომ სახლიდან გაუსვლელად ყველანაირი კატეგორიის ნივთის არჩევის და შეძენის შესაძლებლობა, მათთვის დიდი კომფორტი იქნებოდა. ასევე, ხარისხიანი საბავშვო პროდუქციის კატეგორიაში იყო ძალიან მწირი არჩევანი – ბაზარზე ფაქტიურად არ იყო ხელმისაწვდომი ევროპული ხარისხის, ევროსერთიფიცირებული, ბრენდული პროდუქცია. ხარისხიანი საბავშვო პროდუქციის შეთავაზებით, ვიფიქრეთ, რომ ყველაზე კარგად შევძლებდით მათი ყურადღების მიპყრობას და მათგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაც უფრო მარტივი იქნებოდა.
M: როგორ განვითარდა შემდგომ მოვლენები და რას სთავაზობთ დღესდღეობით მომხმარებელს?
ვიშლისთი იყო ერთადერთი ონლაინ მაღაზია 2 წლის წინ, რომელმაც მომხმარებლებს სრული სპექტრის ონლაინ სავაჭრო სივრცე შესთავაზა. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც მომხმარებელს საშუალება მისცა, ონლაინ, ერთ სივრცეში აერჩია და შეეძინა, ისეთი კატეგორიის ნივთები, როგორიცაა – საბავშვო პროდუქცია, სამშენებლო მასალები, ავეჯი, კოსმეტიკა, ბრენდული საათები, საბაღე ინვენტარი, ჭურჭელი, ტექნიკა, საახალწლო და საზაფხულო ინვენტარი, ავტონაწილები და ა.შ. ვიშლისთი ასევე პირველი ონლაინ სივრცე იყო, სადაც შეიქმნა ცალკე კატეგორია“დამზადებულია საქართველოში”, ამით მივეცით საშუალება ადგილობრივ მწარმოებლებს, თავიანთი ნაწარმი ონლაინაც გაეყიდათ. დღეს დაახლოებით 30-მდე განსხვავებული კატეგორია გვაქვს, რაც ქვეკატეგორიებში დამატებით 150-ზე მეტ დასახელებას აერთიანებს.
M: როგორც ვიცით, პროდუქტის გაყიდვის გარდა, კონსულტაციასაც ეწევით საბავშვო პროდუქტთან დაკავშირებით..
დიახ, მაგალითად, წინა წელს ავტომანქანის საბავშვო სავარძლების კანონმდებლობის განახლებაზე მიმდინარეობდა მუშაობა და ვიშლისთი იყო ოფიციალური სპიკერი/კონსულტანტი ამ საკითხში პარლამენტის სხდომებზე. ჩვენ კონსულტაციას გავცემდით, თუ როგორი ტიპის უნდა ყოფილიყო ეს კანონმდებლობა, რათა მაქსიმალურად მორგებული ყოფილიყო ბავშვის უსაფრთხოებასა და მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებზე. ასევე, “ალიანსი საქართველოს უსაფრთხო გზებისთვის” – ამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. ერთ-ერთი იყო სამშობიაროებში ე.წ CarSeat-ების დარიგება, მშობლებისთვის მათი გამოყენების წესების ახსნა, რადგანაც მომხმარებლის ინფორმირებულობის დონე ამ კუთხით ძალიან დაბალი იყო.
ვიშლისთს პროფესიული ცოდნა აქვს – ხშირად დავდივართ ტრენინგებზე ევროპაში. მაქსიმალურად ვუწევთ კონსულტაციას მომხმარებლებს, თუ როგორ უნდა შეარჩიონ ესა თუ ის საბავშვო პროდუქტი, როგორ უნდა გამოიყენონ, როგორ უნდა დააინსტალირონ CarSeat და ა.შ
ასევე, აქამდე ძალიან აქტიურად ხდებოდა ჩინური, არა ევრო სერთიფიცირებული პროდუქციის გაყიდვა, როგორც ევროპულის და ლიცენზირებული პროდუქციის. ვიშლისთმა მოახდინა ამის დიფერენციაცია და მუდმივად ცდილობს მომხმარებელს შესაბამისი სწორი ინფორმაცია მიაწოდოს, რომელია სერტიფიცირებული და რომელი – არა. დღესაც ჩვენ დეტალურად ვაწვდით მათ ინფორმაციას, როგორ უნდა გაარჩიონ ჩინური არალიცენზირებული პროდუქცია სხვა, რეალურად ევროპული ხარისხიანი პროდუქციისგან.
M: რა სირთულეებს წააწყდით ამ პლატფორმის შექმნის გზაზე?
თავდაპირველად მომხმარებლები, უნდობლად გვიყურებდნენ – ეგონათ, რომ იყიდიდნენ და არ მიუვიდოდათ ნივთი, ან არასერტიფიცირებულ ნივთს მიიღებდნენ. ჩვენი ამოცანა იყო, დაგვემსხვრია ეს უნდობლობა და სტერეოტიპი, რომ თითქოს ონლაინ გამოწერა სარისკოა. ვთვლი, რომ კარგად გავართვით თავი, თავიდანვე ბევრი მომხმარებლის დაკმაყოფილება შევძელით. კმაყოფილი მომხმარებლების რეკომენდაციებისა და შეფასებების შედეგად, საზოგადოების ნდობაც დავიმსახურეთ. დღესდღეისობით დღეში საშუალოდ 400-500-მდე უნიკალური მომხმარებელი გვიკავშირდება ონლაინ, რაც ძალიან დიდი შრომის შედეგია.
ასევე, ძალიან რთული იყო მომწოდებლების დარწმუნებაც, რომ მათი პროდუქცია ონლაინ კარგად გაიყიდებოდა. რთული იყო მათგან იმავე პირობებზე წამოსვლა, რაც ფიზიკურ მაღაზიებთან ჰქონდათ. თანამშრომლობიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, აქეთ დაიწყეს პროდუქციის შემოთავაზება, სხვადასხვა იდეა გაუჩნდათ, დაიწყეს სხვა კომპანიებმაც აქტიურობა და ჩვენთვის პროდუქტის შემოთავაზება..
M: სულ ახლახან “დაფუძნდით” გუდვილში, მოგვიყევით ამაზე..
გუდვილში გადმოსვლის იდეა ძალიან ექსპრომტად მოგვივიდა – არ ვიცოდით, რომ ამხელა ფართი ჰქონდათ თავისუფალი. გუდვილის თანამშრომელი აღმოჩნდა ჩვენს შოურუმში, შეიძინა საბავშვო პროდუქცია, მოეწონა და გაუკვირდა, ეს კომპანია ასე მცირე მასშტაბებზე რომ იყო განთავსებული. ამ ინფორმაციის შედეგად აღმოვჩნდით გუდვილში, თანაც ზოგადად, გუდვილი ხარისხის გარანტიაა და ჩვენი იმიჯი მათ იმიჯთან თანხვედრაში მოდის.
დღეს ვიშლისთი მაქსიმალურ კომფორტს უქმნის მომხმარებელს ონლაინ გადაწყვეტილების მისაღებად – რაც უმაღლესი დონის პროფესიონალურ კონსულტაციასა და ადგილზე უფასო მიწოდებაში გამოიხატება, თუმცა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მომავალი დედისთვის უფრო კომფორტულია, მივიდეს, ადგილზე ნახოს, შეეხოს და უკეთ აღიქვას პროდუქტი, შემდეგ კი იყიდოს – მათთვის ესეც დამატებითი კომფორტი აღმოჩნდა – ასე ვთქვათ, მოკლე სიას აკეთებენ ონლაინ და შემდეგ ადგილზე აკეთებენ საბოლოო არჩევანს.
M: როგორია Wishlist-ის სამომავლო გეგმები?
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საბავშვო ასორტიმენტში თუკი ორი კონკრეტული ბრენდის ექსკლუზიური იმპორტიორობით დავიწყეთ, დღეს მომხმარებელს 30-მდე ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ. მომავალში ვგეგმავთ, დავიმატოთ საბავშვო ტანსაცმელი და ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ცნობილ ბრენდთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. მალე ვიშლისთი მისი ექსკლუზიური წარმომადგენელი იქნება საქართველოში. ასევე, ექსპორტთან დაკავშირებითაც დიდი გეგმები გვაქვს – სხვა ქვეყნებიც აქტიურად არიან დაინტერესებულნი ჩვენი პროდუქციით.
[R]