გზა ზოგისთვის ის ყოველდღიური, ჩვეული მარშრუტია, ზოგისთვის კი – წამის მეასედებთან ბრძოლა და ადრენალინით სავსე სარბოლო ტრასა. თუმცა, მიუხედავად იმისა, ვინ ზის საჭესთან, მოძრაობის პროცესი ყოველთვის ინდივიდუალური და ემოციურია. სწორედ ამ ადამიანურ გამოცდილებაზე დააშენა „ვისოლმა“ თავისი ახალი ხედვა და ქართული ავტოსპორტის მრავალწლიანი მხარდაჭერის შემდეგ, კომუნიკაციის სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა. ბრენდმა გადაწყვიტა, უარი თქვას მშრალ, ტრადიციულ ნარატივზე და მთავარ გმირად არა საკუთარი თავი, არამედ თავად მძღოლი და მისი განვითარების პროცესი აქციოს.
ასე დაიბადა კამპანია „გზა შენია“ – კონცეფცია, რომელიც სპორტული ჟინითა და პროგრესისკენ სწრაფვით აერთიანებს როგორც ტიტულოვან მრბოლელებს, ისე იმ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ საკუთარ ყოველდღიურ მარშრუტს გადიან. აღსანიშნავია, რომ პროექტი მხოლოდ ტრადიციული სარეკლამო არხებით არ შემოიფარგლება. ბრენდმა დათა ქაჯაიასთან ერთად YouTube-მედიაპლატფორმის შექმნა დაიწყო, სადაც მთავარი აქცენტი არა უშუალოდ კომპანიაზე, არამედ ადამიანების ინდივიდუალურ გზასა და მათ გამოცდილებაზე კეთდება.
როგორ იქცევა საწვავის მომწოდებელი ბიზნესი კონტენტკრეატორად, რა სტრატეგია უდევს საფუძვლად ახალ საკომუნიკაციო პლატფორმას? დეტალებზე „ვისოლის“ მარკეტინგისა და ციფრული კომუნიკაციების დირექტორი ჯაბა ბოკუჩავა გვესაუბრა.
M: „ვისოლი“ 2012 წლიდან უჭერს მხარს ქართულ ავტოსპორტს. რა გახდა ახალი საკომუნიკაციო კამპანიის – „გზა შენია“ – მთავარი ინსპირაცია და რა არის მისი ძირითადი გზავნილი?
კამპანიის ინსპირაცია იმ ფილოსოფიიდან მოდის, რომელსაც „ვისოლი“ როგორც ბრენდი ატარებს – ჩვენ არ ვართ მხოლოდ საწვავის მომწოდებელი, ჩვენ ვქმნით გარემოს და გზაზე ყოფნის სრულფასოვან ეკოსისტემას. „გზა შენია“ სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა. მნიშვნელობა არ აქვს, რეკორდებს ამყარებ თუ ყოველდღიურ მარშრუტს გადიხარ, „ვისოლი“ ის პარტნიორია, რომელიც საჭირო ენერგიას გაძლევს და გიმარტივებს პროცესს. ჩვენი გზავნილიც მარტივია: შენი გზა ინდივიდუალურია, ჩვენ კი ვქმნით პირობებს, რომ ის წარმატებული და კომფორტული იყოს.
M: რას მოიცავს კამპანია, როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე და რა აქტივობებს აერთიანებს იგი?
კამპანია თავიდანვე დაიგეგმა როგორც მრავალშრიანი პლატფორმა და არა ერთჯერადი კომუნიკაცია. ის სხვადასხვა არხში იშლება, სადაც ერთ-ერთი მთავარი რგოლი „ვისოლის“ YouTube არხი და დათა ქაჯაიასთან ერთად შექმნილი „სუპერ ტესტია“. ეს არის სრულფასოვანი მედიაპროდუქტი, სადაც სარბოლო გამოცდილება და ტექნიკური დეტალები ემოციურ სთორითელინგს ერწყმის. ამასთან ერთად, კამპანია მოიცავს გარე რეკლამას, ბრენდირებულ სარბოლო იდენტობას, ციფრულ პლატფორმებსა და სპორტულ ღონისძიებებს. ეს არის ერთიანი სისტემა, სადაც ყველა წერტილი გზის გამოცდილების გაუმჯობესებას ემსახურება.

M: კამპანია აერთიანებს სხვადასხვა თაობისა და დისციპლინის გამორჩეულ სპორტსმენებს. რა კრიტერიუმებით შეირჩნენ მთავარი გმირები და რა როლი აქვთ მათ ბრენდის პოზიციონირებაში?
სპორტსმენების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი იყო არა მხოლოდ მშრალი შედეგი, არამედ მათი დამოკიდებულება – პროგრესის ჟინი და საკუთარი გზის შექმნის უნარი. სხვადასხვა თაობისა და დისციპლინის წარმომადგენლების გაერთიანებით ვაჩვენეთ, რომ „გზა შენია“ უნივერსალური კონცეფციაა და ის ერთნაირად ეხება როგორც პროფესიონალ პილოტს, ისე ახალ ტალანტს. ბრენდის როლი აქ ორმაგია, ერთი მხრივ, უზრუნველვყოფთ ინფრასტრუქტურასა და ენერგიას, მეორე მხრივ კი ვტოვებთ სივრცეს გამარჯვებისთვის. ჩვენ არ ვიკავებთ მთავარ როლს – ჩვენ ვქმნით პირობებს, სადაც გმირები თავად ბრწყინავენ.
M: ტრადიციული საკომუნიკაციო არხების გარდა, დათა ქაჯაიასთან ერთად YouTube არხი აამუშავეთ. რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით ფოკუსირება და რა არის თქვენი გრძელვადიანი მიზანი?
YouTube არხის შექმნა ლოგიკური ნაბიჯი იყო, რადგან ავტოსპორტი ძალიან დინამიკურია და მისი სრულად გადმოცემა ტრადიციული მედიის ფორმატებში რთულია. ჩვენი პლატფორმით მოვიხსენით დროისა და ფორმატის შეზღუდვები. გრძელვადიანი მიზანი კი საქართველოში ავტოსპორტის პოპულარიზაციაა. გვსურს, ეს არხი დროთა განმავლობაში სრულფასოვან მედიაპლატფორმად იქცეს ამ სფეროს მოყვარულთათვის.
M: როგორია „ვისოლის“ სამომავლო გეგმები ავტოსპორტის მხარდაჭერის მიმართულებით?
„ვისოლი“ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ავტოსპორტის განვითარების მხარდაჭერას. წელს, აქცენტს გავაკეთებთ KING OF DRIFT-ზე, OFF ROAD ღონისძიებებზე, ინდივიდუალურ პილოტებსა და ფორმულა 1-ისა თუ NASCAR-ის ტრანსლაციების უზრუნველყოფაზე. ჩვენი სტრატეგია უცვლელია – „ვისოლი“ რჩება ბრენდად, რომელიც არა მხოლოდ სპონსორია, არამედ სისტემურად ავითარებს ამ სფეროს და აკავშირებს მას ტექნოლოგიებთან და მომხმარებლის ყოველდღიურ გზასთან.
[R]












