ზოგჯერ ძვირფასი მომენტების მხოლოდ ფოტოებით და ვიდეოებით, ან მოგონებებით გახსენება საკმარისი არ არის. ალბათ, ზოგჯერ ისიც გინატრიათ, ნეტავ კონკრეტულ დროში დაბრუნება და ყველაფრის ხელახლა განცდა შეგძლებოდათ… ამ სურვილის ნაწილობრივ ასასრულებლად Wist გამოჩნდა — სტარტაპი, რომელიც ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის განვითარებაზე მუშაობს. კერძოდ, მისი წევრების მიზანია, მოგონებებში დაბრუნება ნებისმიერ ჩვენგანს შეეძლოს, რისთვისაც სპეციალურ მოწყობილობებს ქმნიან.
ახლა კი უფრო კონკრეტულად ავხსნათ: აპლიკაცია ჩაწერილ ვიდეოებს VR სიუჟეტად აქცევს და ადამიანს ისეთი შეგრძნება დაეუფლება, თითქოს, რეალურად იმყოფება იმ გარემოში. ეს „შავი სარკის“ ერთ-ერთ ეპიზოდს მოგვაგონებს, როდესაც პერსონაჟები მოგონებებში ისევე მარტივად გადადიან, როგორც ოთახიდან ოთახში.
სტარტაპის დამფუძნებელმა ენდრიუ მაკჰიუმ აღნიშნა, რომ აპლიკაციას შეუძლია, სრული სიზუსტით შეინახოს ფერები, აუდიო და სცენური ინფორმაცია. ამისათვის ის LiDAR სენსორებს იყენებს, iPhone-ის Pro მოდელებსა და iPad-ზე. VR ჰედსეტის გაკეთებისას კი მომხმარებელი ისე ხედავს ყველაფერს, როგორც სინამდვილეშია.
თუ უკვე გაიღვიძა თქვენში ცნობისმოყვარე ფიქრებმა, Wist ღიაა რეგისტრაციისთვის.











