in

Wix Vs WordPress – პლატფორმებს შორის 5 ძირითადი განსხვავება

რომელს ანიჭებს ქართული მცირე ბიზნესი უპირატესობას?

გავრცელებული ტენდენცია, რომ ბიზნესპროცესები უნდა იყოს გაციფრულებული, თავად ციფრული ხელსაწყოების შემქმნელთა შორისაც აჩენს კონკურენციას. ახალ-ახალი გადაწყვეტები ყოველდღიურად ჩნდება და ყველა გვეუბნება, რომ თუ ჩვენი ბიზნესის ონლაინ სივრცეში წარმატებით განთავსება გვინდა, სწორედ ის ერთადერთი უნდა ავირჩიოთ.

ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დუეტია Wix Vs WordPress, რომლებიც საკმაო პოპულარობით სარგებლობენ მომხმარებელში. პირველ რიგში, გავერკვეთ, რა არის ან ერთი ან მეორე.

WIX

ეს არის პაკეტების ნაკრები, რომლის ძირითადი მიმართულებაც ვებსაიტების აწყობაა. ის გთავაზობთ შაბლონებს, რომლითაც კოდის წერის გარეშე შეგიძლიათ, შექმნათ თქვენი ვებგვერდი სხვადასხვა საჭიროებისთვის. მაგალითად, თუ ხართ მუსიკოსი, დიზაინერი, ფოტოგრაფი და თვითგამოხატვა გჭირდებათ, რასაც ფაილში კი არ განათავსებთ, არამედ საიტის ბმულად მიაბამთ სოციალურ ქსელებს, მაშინ WIX ამისთვის შესანიშნავი ვარიანტია.

WordPress

WordPress არის ღია კოდის, ვებგვერდის შექმნის ინსტრუმენტი, დაწერილი პროგრამირების ენაზე PHP. ის ლიცენზირებულია ზოგადი საჯარო ლიცენზიით, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერს, არა მხოლოდ გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა, არამედ შეცვალოს იგი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად და გაუზიაროს ეს ცვლილებები სხვებს.

მისი შექმნის იდეა თავიდანვე ის იყო, რომ იგი გამოეყენებინათ დამწყებ პროგრამისტებსაც და გამოცდილებსაც. დამწყებთათვის არის გამზადებული საიტის უფასო თემები, რომელთა კონფიგურაციაც შეიძლება კოდის წერის გარეშე. იმ ხალხისთვის კი, რომლებსაც აქვთ ვებსაიტის დიზაინისა და დეველოპმენტის გამოცდილება, WordPress წვდომას ხსნის პროგრამული უზრუნველყოფის ყველა ნაწილზე, მათ შორის სკრიპტებზე, რათა ის მორგებული იყოს ნებისმიერი საიტის საჭიროებებზე.

თუ რა განსხვავებაა ამ ორ პლატფორმას შორის, ლევან პაიჭაძე, ტექნოლოგიური სააგენტო, Brandify.ge-ს დამფუძნებელი გვეტყვის:

M: Wix-ზეც და WordPress-ზეც შესაძლებელია საიტების დამზადება. რა მსგავსება ან განსხვავებაა მათ შორის?

Wix-იცა და WordPress-იც, ორივე მარტივი და თანამედროვე საიტის ასაწყობი ხელსაწყოა, რომელსაც კოდის წერის ცოდნა არ Sჭირდება, ასობით საიტი მაქვს აწყობილი პირადად და პროექტების უმრავლესობას კოდის წერა საერთოდ არ დასჭირვებია. რაც შეეხება განსხვავებებს, ვიქსზე ვებს აწყობ მათსავე პორტალზე, რაშიც შედის ჰოსტინგიც (ლიმიტირებული რესურსით) და ტექნიკური მხარდაჭერაც, ხოლო WordPress უფრო Windows-ივითაა, საოპერაციო სისტემა, რომელსაც იღებ და აყენებ საკუთარ ჰოსტინგზე (უმეტესად). მარტივად რომ ავხსნა, Wix შემიძლია მივამსგავსო ფოტო ალბომს, რომლებსაც ადრე ვყიდულობდით და ჩვენს სურათებს ვალაგებდით შიგნით, დავუწერდით გვერდზე წარწერას და ეგ იყო, WordPress კი ლეგოს სათამაშოს გავს, რომელიც უნდა ააწყო სასურველი ელემენტებით, მაგალითად, დაუმატო მაღაზიის მოდული, პორტფოლიო, გალერეა და ა.შ. Wix-ზე ჯამში ათასამდე შაბლონია, ხოლო WordPress-ზე კი ათობით ათასი მზა საიტი არსებობს, რომლის ყიდვაც პირდაპირ შეიძლება და ფუნქციონალით ბევრად მეტის შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე სხვა.

M: შესასწავლად რომელი უფრო რთულია?

Wix ყველაზე მარტივი პლატფორმაა, რაც შემხვედრია, მორგებულია ყველა ტიპის მომხმარებელზე, რომ მარტივად შეძლოს საიტის აწყობა, მასალების ცვლილება და ა.შ. WordPress-ის საიტს ასე პირდაპირ ვერ ააწყობ, რამდენიმესაათიანი ტრენინგი, ვიდეოების ყურება YouTube-ზე, ინსტრუქციების კითხვა და სწავლა Sჭირდება. თუმცა აქ ჩანს მათი საკმაოდ დიდი სხვაობა, Wix ბევრად შეზღუდულია ფუნქციონალში, ვიდრე WordPress, ოდნავ რთულ ამოცანას ფიზიკურად ვეღარ ართმევს თავს და რჩები საიტით, რომელიც შენთვის საჭირო ფუნქციას ვერ ასრულებს, ცალკე მოდულები არ აქვს და მხოლოდ ის უნდა გამოიყენო, რასაც ონლაინ გთავაზობენ, რაშიც საკმაოდ შეზღუდული ხართ. 

M: რის მიხედვით უნდა გადაწყვიტოს ბიზნესმა, WIX სჭირდება თუ WORDPRESS?

პირველ რიგში, ბიზნესმა უნდა გაიგოს, როგორი საიტი სჭირდება, ძირითადად რამდენიმე ტიპს გამოვყოფ:

სტატიკური საიტი

შედგება გვერდებისგან, სადაც ინფორმაცია დიდად არ იცვლება, მაგალითად: „ჩვენ შესახებ“, „სერვისები“, „კონტაქტი“, „გალერეა“. თუ კომპანია ახალი დაფუძნებულია, ბიუჯეტიც ბევრი არ აქვს და სურს მხოლოდ ერთხელ განათავსოს ინფორმაცია, სადაც ინფორმაცია იშვიათად შეიცვლება, ვურჩევდი Wix-ს. თუ ოდნავ უფრო დიდი ბიზნესია და სჭირდება უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ სტატიკური ტექსტის განთავსება, ვურჩევდი WordPress-ზე აიწყოს საიტი. ათობით ათასი მზა შაბლონი არსებობს WordPress-ზე და მისი ათვისება ბევრად მომგებიანი იქნება კომპანიისთვის. 

პორტფოლიო

სტატიკურ გვერდებთან ერთად ნამუშევრების განთავსების საშუალება, რომლებიც ცალკე გვერდზე იხსნება დეტალური აღწერით. ასეთებია მაგალითად: სარეკლამო ან არქიტექტურული სააგენტოები, ვებსტუდიები და ა.შ. მათ შემთხვევაში ბიუჯეტზე გავაკეთებდი აქცენტს, თუ ბიუჯეტის გამოყოფა შეუძლიათ WordPress-ის საიტისთვის, აუცილებლად ვურჩევდი ამ გადაწყვეტილებას, ხოლო თუ ახალი კომპანიაა, Wix-ზე დაწყებაც მოსულა, რომელიც თვეში რამოდენიმე ათეული ლარი ჯდება.

ონლაინ მაღაზია

თუ გჭირდება პროდუქციის მართვა, კატალოგები, ონლაინ გადახდები, ნაშთების მართვა, მომხმარებლის პანელი, ბევრი პროდუქტის განთავსება და ა.შ.  აუცილებლად WordPress-ზე უნდა აეწყოს. Wix-ზე დაბრკოლებაა ქართული ბანკების ინტეგრაცია, აქეთ კი ყველა ბანკის მოდული პირდაპირ იყიდება და ლეგოს ნაწილივით შეგიძლია დაამატო საიტზე. ასევე შეგიძლია, დაამატო განვადებები, საბუღალტრო პროგრამებთან ინტეგრაცია და ა.შ. 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელზე დაიწყებ, ყოველთვის შეგიძლია სხვა პლატფორმაზე გადახვიდე. თუ დროებით Wix-ზე გააკეთებ არჩევანს ბიუჯეტის მხრივ, შეგიძლია პარალელურად იმუშაო WordPress-ის საიტზეც და ჩაანაცვლო, მზად რომ გექნება. 

M: რატომ ურჩევდით მცირე ბიზნესებს wordpress-ის ან wix-ის გამოყენებას? 

3 მიზეზი მაქვს, რატომაც ვურჩევ: მარტივია, ბიუჯეტურია, სანდოა. მსოფლიოში არსებული საიტების 43% WordPress-ზე მუშაობს, ფაქტობრივად, ყოველი მეორე საიტი, სადაც შედიხართ ამ სისტემაზეა აწყობილი (საქართველოში სავარაუდოდ ყოველი 5 საიტიდან 4 WordPress-ზეა). Wix-ს კი ბაზრის 1.3% უჭირავს. მზა პლატფორმები რითაც მომწონს, არის ის, რომ მათი გატეხვა თითქმის შეუძლებელია, განახლებები ყოველთვის მოდის, ოპტიმიზირებულია საძიებო სისტემებთან და სამართავად მარტივია. რასაც ვერ ვიტყვი თავიდან ბოლომდე დეველოპერების მიერ დაწერილ, custom აწყობილ საიტებზე, რომლებსაც გამუდმებით სჭირდება ტექნიკური მხარდაჭერა და დეველოპერული გუნდი.

ყოველთვის, როდესაც მეკითხებიან, თუ რაზე უნდა გააკეთონ საიტი, მარტივად ვუხსნი, რომ თუ კომპანია არ არის რთული ტექნოლოგიური სტარტაპი, როგორებიცაა tkt.ge ან ss.ge, ნებისმიერი გადაწყვეტილება გარდა მზა პლატფორმებისა (WordPress, Wix, Shopify) შეცდომა მგონია, რადგან ბიუჯეტურად 10-ჯერ მეტი ჯდება მათი დამზადებაცა და შენახვაც. 

M: ქართულ ბაზარზე რა სიტუაციაა ამ მხრივ? რომელს ანიჭებენ მცირე ბიზნესები უპირატესობას და რის გამო?

სიმართლე რომ ვთქვა, ქართული ბაზარიც ნელ-ნელა ხვდება, რომ მზა პლატფორმაზე გაკეთებული საიტი ბევრად მომგებიანია. არა მარტო მცირე ბიზნესი, არამედ მრავალმილიონიანი კომპანიებიც WordPress-ზე გვიკვეთავენ საიტებს, რადგან ტექნოლოგიურად არ Sჭირდებათ ისეთი გადაწყვეტილება, რომელზეც custom იქნება სამუშაო, „თეთრი სახლის” საიტიც კი WordPress-ზეა, მაგალითისთვის. ასევე საკმაოდ ბევრი იწყებს საიტების აწყობას Wix-ზე ბიუჯეტის გამო და რამდენიმე თვის შემდეგ მოდიან ჩვენთან, რომ უფრო ფუნქციური საიტი ავუწყოთ WordPress-ზე. 

თუმცა ათი წლის წინ, ამ სფეროში მოღვაწეობა რომ დავიწყე, ასე არ იყო. ყველას custom გაკეთებული საიტი უნდოდა, თავიანთი გემოვნებით აწყობილი სრულად, ჩვენ კი მხოლოდ WordPress-ზე ვმუშაობდით, რადგან მზა გადაწყვეტილების გვჯეროდა. Custom გაკეთებული საიტის დიდი მინუსი კი არის ტექნიკური მხარდაჭერა, მას სჭირდება გუნდი, რომელიც სულ იმუშავებს საიტზე, მის განახლებაზე და ა.შ. WordPress-სა და Wix-ზე დეველოპერები თავიანთ სათავო ოფისში სხედან ან დისტანციურად და შეაქვთ ტექნიკური განახლებები სისტემებში, ამატებენ ახალ ფუნქციონალს, ბიზნესი კი ამაში ფულს არ იხდის. 

M: რომელი პლატფორმის მცოდნე უფრო მეტი გვყავს საქართველოში, wix თუ wordpress?

Wix-ზე საიტის აწყობა შეუძლია ნებისმიერს, ყველას შეუძლია, სურათები ჩაალაგოს ნაყიდ  ფოტოალბომში, ხოლო WordPress-ს Sჭირდება სწავლა და გათავისება, როგორც ლეგოს სათამაშოს, რომ სწორად იმუშაოს და ჰქონდეს კარგი ფორმა. ამ უკანასკნელის სწავლის შემდეგ შესაძლებლობები ფაქტობრივად უსაზღვროა. 

WordPress-ის მცოდნე საქართველოში ბევრი გვყავს. მას არ სჭირდება კოდის გარჩევა, ყველასთვის საერთოა და პირდაპირ შეუძლიათ კომპანიებს, ცალკეული ფუნქციის დამატებისთვის დაიქირავონ დეველოპერები, რომლებიც ასობით გყავს ლოკალურად და ათასობით მსოფლიოს გარშემო. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Spotify მაშინაც კი შეგიცვლით განწყობას, თუ შეყვარებული მიგატოვებთ

რუსლან ბერიძის რჩეული 7 შრიფტი