in ,

Wizchiz-ის #შეცდომები, დახურვა და დაბრუნება

Startauperi
Startauperi

ყველის Fast Food „ვიზჩიზი“ 2018 წლის 8 თებერვალს, ორმა მეგობარმა – იკა ჩაჩანიძემ და გიორგი გოგიჩაშვილმა გახსნეს. ობიექტის შექმნის იდეა ამსტერდამში, ყველის რესტორანში აღმოჩენილი რაკლეტის სენდვიჩების შთაგონებით გაჩნდა, თუმცა, გახსნიდან 4 თვეში, მომხმარებელთა პირველი, დიდი ტალღის ჩავლის შემდეგ, ის დროებით დაიხურა. აღსანიშნავია, რომ „ვიზჩიზი“, სამთვიანი წყვეტის შემდეგ, 25 აგვისტოს, ახალი, გადააზრებული კონცეფციით უბრუნდება გასტრონომიულ ბაზარს. რა შეცდომებმა მიიყვანა ობიექტი დახურვამდე და როგორი იქნება ახალი „ვიზჩიზი“ – ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ქვემოთ, ყველის ქართული Fast Food-ის დამფუძნებლის, შეფ-მზარეულისა და მმართველი პარტნიორის კომენტარების გზით ვეცდებით: 

გიორგი გოგიჩაშვილი – დამფუძნებელი:
გახსნიდან 4 თვეში გავაანალიზეთ, რომ ვერ ვაკმაყოფილებდით მომხმარებლის მოთხოვნას და გადავწყვიტეთ ვიზჩიზის დროებით დახურვა. ჩვენი ფუნდამენტური შეცდომა იყო ყველის არასწორი შერჩევა. რაკლეტი საქართველოში საკმაოდ ძვირი ღირს, რაც პროდუქტს ძალიან გვიძვირებდა. ვიზჩიზი კი თავისი კონცეფციით ძვირი არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ მოგვიწია პროდუქტში ყველის რაოდენობის შემცირება. თუმცა, ამის მიუხედავად, შესამჩნევად მაინც ვერ ვაგდებდით ფასს.

ამას დაემატა აპარატურის გაუაზრებელი შეძენა. სპეციალურად რაკლეტისთვის გამოვიწერეთ ძვირადღირებული ყველის სადნობი აპარატები, რომელიც სხვა ყველზე არ გამოიყენებოდა. შესაბამისად, ყველის მრავალფეროვნებაშიც შევიზღუდეთ და მენიუ ვერ განვავითარეთ.

სარეკლამო ვიდეომ, რომლის კადრებშიც ბევრი ყველი ჩანდა, გააჩინა არასწორი მოლოდინი, რომელიც ვერ გამართლდა. მომხმარებელი დროთა განმავლობაში შემცირდა და თანამშრომლებსაც მოტივაცია დაეკარგათ. მიუხედავად იმისა, რომ შეგვეძლო ფუნქციონირება გაგვეგრძელებინა, გადავწყვიტეთ, რომ დროებით შეგვესვენა და გაგვეაზრებინა შეცდომები. გვსურდა, რომ შეგვესრულებინა ის, რასაც მომხმარებელს ვპირდებოდით.

დავიწყეთ კვლევა მენიუს გაუმჯობესებისთვის. ასევე გავაცნობიერეთ, რომ არსებული ადამიანური რესურსი არ გვყოფნიდა ბრენდის გასამართად და პარტნიორებად დავიმატეთ კონკრეტულ მიმართულებებში კომპეტენტური ადამიანები.

ახალი შეფ-მზარეული უკვე პარტნიორია და არა დაქირავებული თანამშრომელი, რაც ჩვენი აზრით, სწორი გადაწყვეტილებაა ამ სფეროსთვის. შეფ-მზარეული მაქსიმალურად ჩართულია ყველა დეტალში და თავისუფალია ექსპერიმენტებში.

სოფო ძოძუაშვილი – ვიზჩიზის შეფ-მზარეული:
ვიზჩიზის თავისუფალი კონცეფცია, მენიუს განვითარების კუთხით, მრავალფეროვნების და ინოვაციებისკენ გვიბიძგებს. რადგან ბრენდი ყველის სამყაროზე საუბრობს, ჩემი აზრით, აუცილებელია არა მარტო ყველის მრავალფეროვნება, არამედ იმ პროდუქტების, რომელსაც ყველი უხდება. მომხმარებლის ინტერესების შესწავლის საფუძველზე, დავადგინეთ, რომ fast food-ებში ყველაზე პოპულარული საჭმელი არის ბურგერი, ასევე ვრეპი, რომელიც ჯანსაღ საკვებთან ასოცირდება. მენიუში დავამატეთ ბურგერები, ვრეპი, მოცარელას ჩხირები, მაკ & ჩიზი, რომელიც სიახლეა ჩვენთვის და შეგიძლიათ მხოლოდ ვიზ ჩიზში ჭამოთ.

გიორგი კვირკველია – ვიზჩიზის მმართველი პარტნიორი:
მენიუს გარდა, ვიზჩიზის სამომავლო გეგმებიც შეიცვალა. ვგეგმავთ ქსელურად განვითარებას. ჩვენი მიზანია, რომ მომავალ წელს თბილისის მასშტაბით რამოდენიმე ობიექტი შევთავაზოთ მომხმარებელს და ასევე რეგიონებიც მოვიცვათ. მენიუს განვითარებაზე მუდმივად ვიზრუნებთ და მომხმარებელს სიახლეებს შევთავაზებთ.

ვიზჩიზი ისეთი ბრენდია, რომელიც კრეატიული კომუნიკაციის საშუალებას იძლევა, თუმცა თავიდან ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ, რადგან უფრო ძირეული ამოცანების მოგვარებით ვიყავით დაკავებული. ახალი სტრატეგიით ვიზჩიზი მეტად ექპერიმენტატორი და თავისუფალია. მომხმარებელს სიახლეებს და სიურპრიზებს სთავაზობს სოციალური მედიის საშუალებით. ვიზჩიზთან კომუნიკაცია თავგადასავალია ყველის სამყაროში, რომელშიც მომხმარებელი აქტიურად ჩაერთვება.

„ჩივნინგის“ ქართველი სტიპენდიატები, სამაგისტრო პროგრამას, ბრიტანეთის უმაღლეს სასწავლებლებში გაივლიან

არასდროს შეადარო სხვებს! – სერენა უილიამსი Chase-ის ვიდეორგოლში