10 სექტემბრიდან ქუთაისის აეროპორტიდან WizzAir-ის თვითმფრინავები 7 ახალი მიმართულებით დაიწყებენ ფრენას. პირდაპირი რეისები პოზნანის, კოპენჰაგენის, ბარის, ბაზელის, ბრიუსელის, ტალინისა და ეინდჰოვენის მიმართულებით დაინიშნება.
,,არსებული 21 ევროპული მიმართულების გარდა, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანია Wizz Air 10 სექტემბრიდან, ეტაპობრივად 7 ახალი ევროპული მიმართულებით დაიწყებს ფრენებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაზე, რიგით მესამე თანამედროვე, AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდი დაიწყებს ოპერირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეისებზე ეკიპაჟი მთლიანად ადგილობრივებისგან იქნება დაკომპლექტებული. გარდა იმისა, რომ ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ევროპიდან ახალი ტურისტული ნაკადის მოზიდვაში, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ.