in

სავარაუდოდ, მეცნიერებმა წყლით დაფარული ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ეგზოპლანეტა TOI-1452 b აღმოაჩინეს. იგი ორი პატარა ვარსკვლავის ორობით სისტემაში ბრუნავს, რომელიც დრაკოს თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 100 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. კონკრეტული აღმოჩენა კი მკვლევართა საერთაშორისო გუნდს ეკუთვნის, რომელსაც ჩარლზ კადიე, ეგზოპლანეტების კვლევითი დაწესებულების წევრი, ხელმძღვანელობდა. 

M2
M2

ეგზოპლანეტა ზომითა და მასით დედამიწას ოდნავ აღემატება და მისი ვარსკვლავისგან მოშორებითაც მდებარეობს, სადაც ტემპერატურა არც ძალიან ცხელი უნდა იყოს და არც ძალიან ცივი იმისათვის, რომ ზედაპირზე წყალი თხევად მდგომარეობაში არსებობდეს. ასტრონავტები ფიქრობენ, რომ ეს, შესაძლოა, ოკეანის პლანეტა იყოს, რომელიც იუპიტერისა და სატურნის მთვარეების მსგავსად, წყლის სქელი ფენით არის დაფარული. 

ძალიან ვამაყობ ამ აღმოჩენით, რადგან იგი ჩვენი მკვლევრების პროფესიონალიზმსა და ინსტრუმენტების მაღალ ხარისხს აჩვენებს. Observatoire du Mont-Mégantic (OMM)-ის დახმარებით და ჩვენ მიერ შემუშავებული ინოვაციური ანალიტიკური მეთოდით, ამ უნიკალური ეგზოპლანეტის აღმოჩენა შევძელით, — ამბობს რენე დოიონი, მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორი. 

ეგზოპლანეტის კვალზე კი მკვლევრები Nasa-ს კოსმოსურმა ტელესკოპმა, სახელწოდებით TESS, დააყენა. ხოლო ჩარლზ კადიე იმ ასტრონავტთა ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც TESS-ის მიერ იდენტიფიცირებულ კანდიდატებზე დაკვირვებებს აწარმოებს, რათა პლანეტის ტიპი და მახასიათებლები დაადგინოს. ამისთვის, იგი PESTO-ს, OMM-ის ტელესკოპზე დაყენებულ კამერას, იყენებს. მისი გარჩევადობა კი საკმარისად მაღალია იმისათვის, რომ ორი ობიექტი განასხვავოს. სურათებმა ისიც აჩვენა, რომ ეგზოპლანეტა TOI-1452-ის ორბიტაზე ბრუნავს, რაც შემდგომში იაპონურმა ჯგუფმაც დაადასტურა. 

ეგზოპლანეტა, დედამიწის მსგავსად, კლდოვანი უნდა იყოს, მაგრამ თუ მისი რადიუსით, მასითა და სიმკვრივით ვიმსჯელებთ, იგი ჩვენგან ძალიან განსხვავებულიც შეიძლება აღმოჩნდეს…

TOI-1452 b ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია იმისათვის, რომ ოკეანის პლანეტა იყოს. მის რადიუსსა და მასას თუ დავაკვირდებით, სიმკვრივე იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე ამას ლითონისა და ქვებისგან შემდგარი პლანეტისგან უნდა მოველოდოთ, — აცხადებს კადიე. 

იმასაც ვარაუდობენ, რომ ეგზოპლანეტის 30% წყალს შეიცავს, რითაც იგი ჩვენს მზის სისტემაში ზოგიერთ ბუნებრივ თანამგზავრს დაემსგავსება. მაგალითად, იუპიტერის თანამგზავრებს, განიმედესა და კალისტოს. 

ხოლო იმისათვის, რომ ამ უცნაურ და მშვენიერ სამყაროს უკეთ დააკვირდნენ, შემდგომ კვლევებს ჯეიმს ვების ტელესკოპით ჩაატარებენ.

7 მიზეზი, თუ რატომ მართავს ვიდეო კონტენტი მარკეტინგის სამყაროს

რაჭაში საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო „უწერა რეზორტი“ რადისონ ინდივიდუალის ბრენდით გაიხსნება