5
Sep
2019

რას წარმოადგენს საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია და რა გეგმები აქვს მას სამომავლოდ?

5 Sep 2019

საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია (სნმა) 2015 წელს დაარსდა და აერთიანებს საქართველოში მოქმედ ნარჩენების შემგროვებელ და გადამმუშავებელ კომპანიებს. დაარსებიდან დღემდე ასოციაცია ნაყოფიერად ასრულებს თავის მისიას. სწორედ ამ მისიაზე, საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ნარჩენების მართვის ასოციაციის დირექტორს, გიორგი გულიაშვილს გავესაუბრეთ:

 

M: რა წარმოადგენს ნარჩენების მართვის ასოციაციის ძირითად მისიას?

ასოციაციის მისია ნარჩენების მართვის სექტორის განვითარება და ქვეყანაში ნარჩენების მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვის ხელშეწყობაა, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად დაეხმარება ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. ნარჩენების მართვის ასოციაცია ხელს უწყობს ქვეყანაში ნარჩენების გადამმუშავებელი და შემგროვებელი ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნას, სექტორის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირებითა და ლობირებით სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის – გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. გარდა ამისა, ასოციაცია აქტიურად მუშაობს წევრი კომპანიების შესაძლებლობების განვითარებაზე სხვადასხვა ტიპის ტექნიკური დახმარების მიწოდებით.

M: როგორია ასოციაციის შიდა სტრუქტურა და რამდენი წევრისგან შედგება დღეს იგი?

ასოციაციის ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს ასოციაციის პრეზიდენტი ასოციაციის აღმასრულებელ მდივანთან ერთად. ასოციაციის უმაღლესი მმართველი ორგანოა ასოციაციის წევრთა საერთო კრება, ხოლო მუდმივმოქმედ აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს ასოციაციის გამგეობა, რომელიც ოთხი არჩეული წევრისგან შედგება.

ამ ეტაპზე ასოციაციას ჰყავს 27 წევრი, თუმცა, ასოციაციის წევრთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიას, რომელიც ჩართულია ნარჩენების მართვის სფეროში, შეუძლია, განაცხადით მიმართოს ასოციაციის პრეზიდენტს ასოციაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

M: რა შედის ნარჩენების მართვის ასოციაციის საქმიანობასა და მოვალეობაში?

საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის (სნმა) მისია და საქმიანობა ნარჩენების მართვის სექტორის განვითარება და ქვეყანაში ნარჩენების მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვის ხელშეწყობაა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. აღნიშნულის მისაღწევად, ასოციაცია ხელს შეუწყობს:

  • ქვეყანაში ნარჩენების გადამმუშავებელი და შემგროვებელი ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს შექმნას, სექტორის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირებითა და ლობირებით სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
  • ნარჩენების გადამმუშავებელი და შემგროვებელი კომპანიების უნარ-შესაძლებლობების განვითარებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოთხოვნების შესაბამისად.

აღნიშნული საქმიანობების განხორციელება, უპირველეს ყოვლისა, ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის სფეროში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, გაზრდის დარგში წარმოების მოცულობას, უზრუნველყოფს ეკონომიკაში რესურსების უფრო რაციონალურად გამოყენებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. აღსანიშნავია, ასევე, დადებითი ეფექტი ქვეყნის ბუნებრივ გარემოზე, საზოგადოებისთვის მისაღები და გარემოსთვის უსაფრთხო ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვა შეამცირებს ქვეყანაში გარემოს დაბინძურების მაჩვენებელს, რაც პოზიტიურად აისახება, ერთი მხრივ, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და, ამასთან, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. საბოლოოდ კი, თითოეული ზემოთ აღნიშნული მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში.

M: რა ეტაპზეა დღესდღეობით ასოციაცია?

დღეს ასოციაციას ჰყავს ახლადარჩეული გამგეობა, რომლის მთავარი მიზანია ასოციაციის, როგორც სტრუქტურული ერთეულის განვითარება, გაძლიერება და მისი ცნობადობის ამაღლება დაინტერესებულ მხარეებს შორის. გამომდინარე იქიდან, რომ ასოციაცია წარმოადგენს დარგში არსებული კომპანიებისა და ზოგადად სექტორის, განვითარების ხელშემწყობ ორგანოს, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მისი გაძლიერება და გამართულად ფუნქციონირებად და ფართო საქმიანი კავშირების მქონე ასოციაციად ჩამოყალიბება. ამ მიზნის მისაღწევად დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის აქტივობის განხორციელება.

ასოციაციის გუნდი აქტიურად აგრძელებს ახალი წევრების მოძიებას და კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ ნარჩენების ასოციაციის გაძლიერების კუთხით. აგრეთვე, იგეგმება, ასოციაცია ნარჩენების მართვის სექტორში მიმდინარე რეფორმებში ჩაერთოს და გვსურს, მნიშვნელოვანი  როლი შევასრულოთ კერძო სექტორსა და მთავრობას შორის ურთიერთობებში. ასევე, სოციაცია აპირებს ადგილობრივ მთავრობებთან თანამშრომლობასაც.

M: რა გეგმები აქვს ასოციაციას სამომავლოდ?

სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს, მოვიძოთ დამატებითი ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა განვახორციელოთ პირველად საქართველოში ნარჩენების სექტორის გამოფენა ე.წ. Waste Expo, სადაც წარმოდგენილი იქნება ნარჩენების მართვის მთელი სექტორი, ჩართული მხარეები, დაინტერესებული კომპანიები. ასევე, აქტიურად გვსურს, ვიმუშაოთ საქართველოს მასშტაბით ჩვენი საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლების ამაღლებაზე.

გვსურს, ჩვენი წევრი კომპანიების საქმიანობა და შეთავაზებული სერვისები უფრო ცნობადი და ხელმისაწვდომი გახდეს ფართო საზოგადოებისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის. ვაპირებთ დასავლურ ქვეყნებში არსებულ მსგავს ორგანიზაციებთან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობას და მათი გამოცდილების გაზიარებას, როგორც თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვის კუთხით, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების გადმოღებით. ასევე, ვგეგმავთ ჩვენი წევრი კომპანიების პრობლემები მივიტანოთ გადაწყვეტილებების მიმღებებამდე ადგილობრივ თუ ცენტრალურ მთავრობაში და მოვახდინოთ მათი ლობირება.

[R]

განხილვა