9
Jan
2018

თბილისში ნარჩენების დახარისხების მეექვსე ლოკაცია მოეწყო!

9 Jan 2018

2018 წლის იანვარში, პროგრამის WMTR II ფარგლებში, თბილისში რიგით მეექვსე ნარჩენების სეპარაციის კუთხე, კოლმეურნეობის მოედანზე მდებარე „კარფურში“ გაიხსნა. აქ მოსახლეობას შეუძლია დახარისხებული ნარჩენების (ქაღალდი, შუშა, პლასტმასი, ალუმინი) მიტანა, რომელიც ურნებიდან ტრანსპორტირდება გადამამუშავებელ საწარმოებში და გარდაიქმნება ახალ პროდუქტად. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, 2019 წლიდან, ნარჩენების სეპარაცია კანონით სავალდებულო ხდება, WMTR II მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში. ნაგავსაყრელების ნეგატიური გავლენა ბუნებრივ რესურსზე ცალსახაა და ნარჩენების აუთვისებლობისა და გადაუმუშავებლობის პირობებში, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ადამიანის ჯანმრთელობასაც. თბილისის გარდა, USAID ფინანსური მხარდაჭერითა და CENN-ის ორგანიზებით მიმდინარე პროგრამა WMTR II, სამ რეგიონში – აჭარა, შიდა ქართლი, კახეთი – ხორციელდება, ხოლო, თბილისში, მოსახლეობას დახარისხებული ნარჩენების მიტანა 6 ლოკაციაზე შეუძლია. მარკეტერი გთავაზობთ თბილისში არსებული სეპარირების კუთხეების რუკას.

 

ნარჩენების მართვისთვის ხელის შეწყობა, შედეგად კი, გარემოზე ზრუნვა, თითოეული მოქალაქის და კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობაა, მსგავსი ღონისძიებების გატარება კი მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარების, ეკოლოგიური პრობლემების პრევენციისა და ეფექტიანი მოგვარების კუთხით. გარდა სეპარირების ყუთების განთავსებისა, პროგრამა WMTR II-ის ფარგლებში ტარდება ღონისძიებები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის. კონკრეტულად, რა კამპანიები ტარდება პროგრამის ფარგლებში და როგორია საქართველოში ამ ინიციატივის გეოგრაფიული გაფართოების პოტენციალი – ამ საკითხებზე მარკეტერს WMTR II-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების გუნდის ლიდერი – სალომე სულაბერიძე ესაუბრა:

M: რა ტიპის ღონისძიებებს ატარებთ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით? 
აქტიურად ვატარებთ ტრენინგებს სკოლებში, უნივერსიტეტებში, ასევე, ნებისმიერ სტრუქტურაში, რომელიც გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს. ჩვენი პროგრამა ბევრი მიმართულებით მუშაობს, გვაქვს სხვადასხვა კამპანია, მათ შორის – „ჩვენ გარემოსთვის“, რომელიც მოუწოდებს კერძო კომპანიებს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და სხვა დაინტერესებულ პარტნიორებს, ხელი შეუწყონ ქვეყანაში გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების განვითარებასა და საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში მწვანე ჩვევების დანერგვას.

M: როგორია სეპარირებული ნარჩენების ტრანსპორტირებისა და გადამუშავების პროცესი? არის თუ არა საქართველოში საწარმოები, რომლებიც ამ მომენტისთვის არსებული ნედლეულის მოცულობის გადამუშავებას შეძლებენ?
დახარისხებული ნარჩენების გადამამუშავებელ კომპანიებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შპს „სუფთა სამყარო“. დახარისხებული ნარჩენები გადამუშავდება სხვადასხვა საწარმოებში და გარდაიქმნება ახალ პროდუქტებად. არის ქაღალდის გადამამუშავებელი კომპანიები, ასევე, პლასტმასის გადამამუშავებელი კომპანიები, თუმცა, ნარჩენების ნაწილი ექსპორტზეც გადის. ამ დროისათვის, არსებული საწარმოების რაოდენობა, არსებული ნედლეულის გადასამუშავებლად, საკმარისია, თუმცა, ვვარაუდობთ, რომ მომავალში არ იქნება საკმარისი.

M: ნარჩენების სეპარირების მხრივ, რა მდგომარეობაა იმ რეგიონებში, სადაც თქვენი პროგრამა ხორციელდება (აჭარა, შიდა ქართლი, კახეთი)? თუ იგეგმება სხვა რეგიონების ჩართვა ან დახარისხების კუთხეების განთავსება თბილისის სხვა ადგილებშიც? 
რეგიონებში სეპარაცია არ არის დამკვიდრებული ისე, როგორც თბილისშია, თუმცა, სამზადისი ნამდვილად არის. რეგიონებში სადაც ვმუშაობთ, ხორციელდება ძალიან ბევრი კამპანია, გავხსენით პოლიეთილენის პარკების გადამამუშავებელი კომპანია Zugo ბათუმში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, წელიწადში დაახლოებით, 80 ტონა პოლიეთილენის პარკს გადაამუშავებს. აღნიშნულ რეგიონებში ვაპირებთ დახარისხების ყუთების დადგმასაც. 2017 წლამდე, პროგრამა WMTR-ს ჰქონდა პირველი ფაზა, რომელშიც ჩართული იყო მხოლოდ აჭარა და კახეთი, ახლა დაემატა შიდა ქართლი და თბილისი. პროგრამა გრძელდება 2020 წლამდე და ამ პერიოდში, ჯერჯერობით, ახალი რეგიონის დამატება არ იგეგმება, თუმცა, გააჩნია როგორ იმუშავებს ეს ინიციატივა. რაც შეეხება თბილისს, ვაპირებთ სხვადასხვა სკოლასთან განვათავსოთ სეპარირების კუთხეები. ამ თვეში, თბილისში, კიდევ ორი ასეთი კუთხის გახსნაა დაგეგმილი.

განხილვა