ადგილობრივ ბაზარზე ფინური კომპანია „ვოლტი“ ოფიციალურად შემოვიდა. ეს კი, მათი წარმომადგენლის თქმით, განსხვავებული კერძების მოყვარულმა ხალხმა და მრავალფეროვანმა ქართულმა კულინარიამ განაპირობა. კონკრეტულად რას სთავაზობს მომხმარებლებს და რა გეგმები აქვს კერძების მიტანის ტექნოლოგიურ კომპანიას საქართველოში?! Marketer.ge „ვოლტის“ განვითარების გუნდის წევს ტონი ჰონკანენსსა და „ვოლტ საქართველოს“ გენერალურ მენეჯერს ნატალია ხიზანიშვილს ესაუბრა.
ნატალია ხიზანიშვილი: „ვოლტი“ 2014 წელს შეიქმნა. დღეს 8 ქვეყანასა (ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, საქართველო) და 23 ქალაქში ფუნქციონირებს. კომპანიის გენერალური დირექტორი, მიკი კუუსი, რომელიც, ასევე, საერთაშორისო სტარტაპის „სლეშის“ დამფუძნებელია, ახლახან „ფორბსის“ 30 წლამდე 30 საუკეთესო მენეჯერთა სიაში მოხვდა. ჩვენი პროდუქტის ხელმძღვანელი ელიას პიეტილა კი სკანდინავიის ქვეყნებში პირველი ადამიანია, რომელმაც Apple Design Award მოიგო. გარდა ამისა, „ვოლტის“ გუნდს აძლიერებს ისეთი ინვესტორები, როგორებიც არიან ილკა პაანენი (Supercell-ის დამფუძნებელი), ნიკლას ზენსტრომი (Skype-ის დამფუძნებელი), კეს კოლენი (booking.com-ის ყოფილი CEO) და რისტო სიილასმა (Nokia-ს თავმჯდომარე). მათ კომპანიაში 15 მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელეს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „ვოლტი“ Apple Design-ის ჯილდოს მქონე ჰელსინკიში დაარსებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ქალაქში საუკეთესო კერძების აღმოჩენისა და დაგემოვნების საშუალებას იძლევა.
M: კონკრეტულად რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„ვოლტის“ მთავარი ფუნქციები კერძების მიტანა, წინასწარ შეკვეთა და წაღებაა. მომხმარებელი შეძლებს, შეუკვეთოს სასურველი კერძი, რომელსაც ჩვენი კურიერი, უმოკლეს ვადაში, სახლში მიუტანს. ვთავაზობთ ალტერნატივასაც – თავად მიაკითხოს შეკვეთას, რომელსაც რესტორანი წინასწარ ამზადებს. გარდა ამისა, ჩვენთან შესაძლებელია შეკვეთის რამდენიმე დღით ადრე გაფორმება და შესაბამისად, ლანჩის ან მეგობრებთან ერთად რესტორანში ვიზიტის წინასწარ დაგეგმვა. „ვოლტში“ აღმოაჩენთ სხვადასხვა ფასისა და კატეგორიის საუკეთესო კვების ობიექტებს თბილისში. აპლიკაციის სიმარტივე კი კერძების შეკვეთას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.
M: რაც შეეხება გუნდს, ვინც „ვოლტის“ ქართულ წარმომადგენლობაში იმუშავებს?
„ვოლტს“ ყველა ქვეყანაში ადგილობრივი, ახალგაზრდა და კრეატიული ადამიანები მართავენ. მათ წარმატების მიღწევაში განვითარების საერთაშორისო გუნდი ეხმარება. ჩვენ მუდმივად საუკეთესო თანამშრომლებს ვარჩევთ. გარდა ამისა, ასობით რესტორანთან და დამოუკიდებელ კურიერთან ვთანამშრომლობთ. ეს პროცესი გრძელდება, კომპანია კვლავ ეძებს კურიერებს.
M: რატომ გადაწყდა, რომ კომპანია ქართულ ბაზარზე შემოსულიყო?
ნატალია ხიზანიშვილი: ეს ბევრმა მიზეზმა განაპირობა. უმთავრესად კი საბაბი მრავალფეროვანი ქართული კულინარია და რა თქმა უნდა, განსხვავებული კერძების მოყვარული ხალხი გახდა.
ტონი ჰონკანენი: საქართველო და, განსაკუთრებით, თბილისი სწრაფად განვითარებადი ბაზარია „სმარტფონების“ გამოყენების მაღალი მაჩვენებლით. დამატებით, ქვეყანაში თავისუფალია ბიზნესის წარმოება. შესაბამისად, საქართველო მზად არის საერთაშორისო კომპანიებისთვის. ვფიქრობთ, რომ თბილისის გარდა, სხვა ქალაქებიც არანაკლებ საინტერესოა. ჩვენი ამოცანაა ადგილობრივი კვების ინდუსტრიაში რევოლუციის მოხდენა.
M: ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. არის ბევრი ახალი და უკვე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიები. „ვოლტი“ მათ შორის ადგილს დაიმკვიდრებს და კონკურენციას გაუწევს?
ნატალია ხიზანიშვილი: ჩვენ გვჯერა „ვოლტის“ კონცეფციის და კონკურენციის მაგივრად, საქმის საუკეთესოდ წარმართვაზე ვკონცენტრირდებით. კომპანიას განსაკუთრებულს ხდის მისი უნიკალური პროგრამა – რესტორანი, აპლიკაციის მეშვეობით, მომენტალურად იღებს შეტყობინებას, ადასტურებს შეკვეთის მიღებას, რაც დისტანციის გათვალისწინებით, დროის ინდივიდუალურად გამოთვლის საშუალებას იძლევა. კურიერი იღებს მასთან ყველაზე ახლო შეკვეთებს, ხოლო პროგრამა ავტომატურად უჩვენებს გამომუშავებულ თანხას. ჩვენთვის ყველა შეკვეთა მნიშვნელოვანია, „ვოლტის“ მხარდაჭერის გუნდი, რომელიც ახალგაზრდა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული ადამიანებისგან შედგება, ყველა კითხვას პასუხობს და მომენტალურად აგვარებს ნებისმიერ პრობლემას. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელთან ურთიერთობა და მომსახურების ხარისხის შენარჩუნებაა.
M: ერთია კომპანიის საერთო სტრატეგია, მაგრამ რაც მუშაობს ჰელსინკიში, სტოკჰოლმში, ტალინში, ნაკლებად იმუშავებს თბილისში . . .
რა თქმა უნდა, ყველა ბაზარი განსხვავებულია და სწორედ ამიტომ, ყველა ქვეყანაში საუკეთესო თანამშრომლებს ვეძებთ. დიდ ყურადღებას ვუთმობთ ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკას, მდგომარეობას და მას ვარგებთ როგორც სისტემას, ისე მთლიანად – ბიზნეს მოდელს. მიუხედავად ამისა, არსებობს ბევრი რამ, რაც ყველა ქვეყანაში საერთოა. მაგალითად, კომუნიკაციის მეგობრული სტილი, საუკეთესო რესტორნებთან თანამშრომლობა, მიტანის სწრაფი სერვისი და თითოეული შეკვეთის მუდმივი კონტროლი.
[R]