“Wolt” და საქველმოქმედო ფონდი “WeHelp” ამ საახალწლოდ კეთილი საქმისთვის ერთიანდებიან. საქველმოქმედო აქციის იდეის ავტორმა – ვოლტმა გადაწყვიტა, შეაგროვოს თანხა, რომლითაც 10 ოჯახს დაეხმარება. აქცია, სახელწოდებით “აჩუქე ახალი წელი”, მიზნად ისახავს 10 000 ლარის შეგროვებას და შემდეგ მის პროპორციულ გადანაწილებას. თითოეული ოჯახისთვის მოხდება 1 000 ლარის სურსათისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა. კამპანია 14 დეკემბერს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს მასში.
საქველმოქმედო აქციასთან დაკავშირებით “WeHelp-ის” დამფუძნებელს ბორის კიკნაძესა და “ვოლტის” გენერალურ მენეჯერს, ნატალია ხიზანიშვილს ვესაუბრეთ:
M: როგორ გაჩნდა საქველმოქმედო აქციის გაკეთების იდეა?
ნატალია ხიზანიშვილი: ვოლტი დიდ ყურადღებას უთმობს სოციალურ პასუხისმგებლობას და ყოველთვის მზად არის, წვლილი შეიტანოს აქტივობებში, რომელიც მიმართულია ხალხის კეთილდღეობისკენ. კომპანია მსგავს კამპანიას რამდენიმე წელია ახორციელებს სხვადასხვა ქვეყანაში. წელს ვოლტის საქართველოს წარმომადგენლობის პირველი ახალი წელია და მსგავსად სხვა ქვეყნების წარმომადგენლობისა, ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან კამპანიაში.
M: რა არის ვოლტის როლი აღნიშნულ კამპანიაში?
ნ.ხ: მოვიძიეთ საქველმოქმედო ფონდი, რომელსაც მსგავს აქტივობებში აქვს დიდი გამოცდილება და გადავწყვიტეთ, ორგანიზაცია WeHelp-თან თანამშრომლობა, რადგან აღნიშნული ორგანიზაცია სწორედ მოახდენს ჩვენ მიერ შეგროვებული თანხების მიმართვას იმ ოჯახებისკენ, ვისაც ყველაზე მეტი საჭიროება გააჩნია ამის. თანხის დაგროვება ხდება საიტზე WeHelp.wolt.com და ასევე ვოლტის აპლიკაციის მეშვეობით. მომხმარებლების მიერ გაღებული თანხა სრულად გადაეცემა ბენეფიციარებს, ყველა თანმდევ ხარჯს ვოლტი დაფარავს.
M: როგორ შეარჩიეთ ოჯახები, რომელთაც დაეხმარებიან კამპანიის ფარგლებში?
ნ.ხ: ამ საქველმოქმედო კამპანიისთვის, WeHelp-ის დახმარებით სპეციალურად შეირჩა ბენეფიციარები. ესენი არიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახები, ვისთვისაც ნებისმიერი სახის დახმარება მნიშვნელოვანია. ეს ოჯახები გაუსაძლის გაჭირვებაში ცხოვრობენ, თითოეული მათგანი სოციალური დახმარებით სარგებლობენ და უმეტესად, სწორედ ეს არის მათი ოჯახების შემოსავალი. ყველაზე მეტად კი მათ საკვები პროდუქტები და საჭმელი ესაჭიროებათ, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ამ ოჯახებს და ბავშვებს შევუქმნათ ბედნიერი შობა-ახალი წელი.
“WeHelp-ი უკვე წლებია, ახორციელებს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქტივობებს და კამპანიებს, ამიტომაც ჩვენ მოხარულები ვიყავით, როდესაც Wolt-მა, როგორც კომპანიამ, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და გადაწყვიტა, რომ ჩვენთან ერთად შეექმნა განსაკუთრებული ახალი წელი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჩვენი თანადგომა და დახმარება სჭირდება. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით საქველმოქმედო ინიციატივებს და ამიტომაც დიდი სიხარულით დავთანხმდით Wolt-ს. WeHelp, როგორც საქველმოქმედო ფონდი, უზრუნველყოფს ბენეფიციარების მოძიებას, მათი საჭიროებების შესწავლას და კამპანიის დასრულების შემდგომ შეიძენს პროდუქტებს და Wolt-ის გუნდთან ერთად მიაწვდის მათ. ”- “WeHelp-ის” დამფუძნებელი, ბორის კიკნაძე.












