მიზანდასახულ ბიზნეს ლიდერებს ყველაფერი სურთ: წარმატებული კარიერაც და ბედნიერი ქორწინებაც. ჰარვარდის ბიზნეს სკოლის (HBS) დამწყებ სტუდენტ გოგონებს ხშირად ჰგონიათ, რომ ორივეს მისაღებად, კარიერული ამბიციები ნაკლებად უნდა გამოავლინონ.

ეს განსაცვიფრებელი დასკვნა, ჰარვარდში არც ისე დიდი ხნის წინ ჩატარებული კვლევის შედეგია. კვლევაში HBS-ის 2200 სტუდენტი მონაწილეობდა. გამოკითხული გოგონები ამბობდნენ, რომ კარიერული სურვილები მინიმუმამდე უნდა დაეყვანათ, HBS-ის სტუდენტ ბიჭებთან შედარებით. ისინი თანახმა იყვნენ, თავი შეეკავებინათ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისაგან, კარიერული ზრდისგან და შედარებით დაბალ ანაზღაურებას დასჯერებოდნენ.
2016 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ ორ ექსპერიმენტში, მკვლევარებმა, პირველ რიგში მაგისტრატურის (MBA) სტუდენტები გამოკითხეს. კითხვები პიროვნულ და კარიერულ შეხედულებებს ეხებოდა და მათ შემდგომი სტაჟირებისთვის გადანაწილებას ითვალისწინებდა.
უმეტესწილად, სტუდენტებს ეკითხებოდნენ მათ ამბიციაზე, კონკურენტუნარიანობაზე, თავდაჯერებულობაზე, მოგზაურობისთვის მზაობასა და ხანგრძლივ მუშაობაზე. ასევე, სთხოვდნენ, მიეთითებინათ სასურველი ანაზღაურება და ოჯახური მდგომარეობა.
ზოგს უთხრეს, რომ ყველა მათი ჯგუფელი ნახავდა მათ პასუხებს, სხვები კი გააფრთხილეს, რომ შედეგებს მხოლოდ თანამშრომლები და კაკრიერის ცენტრის წარმომადგენლები გაეცნობოდნენ. მკვეთრი სხვაობა გამოჩნდა ქალ მაგისტრანტებს შორის. მათ განაცხადეს, რომ ისინი ისევე ბევრს იმუშავებენ და იმოგზაურებენ, როგორც მამაკაცები და ამაში ბევრად ნაკლებ ანაზღაურებას აიღებენ.
თუმცა, დასაოჯახებელმა გოგონებმა (Single), რომლებიც გააფრთხილეს, რომ მათ პასუხებს სხვა სტუდენტებიც ნახავდნენ, განაცხადეს, რომ მათი წლიური ანაზღაურება $18,000-ზე ნაკლები იქნებოდა, თვის განმავლობაში 7 დღით ნაკლებს იმოგზაურებდნენ და 4 საათით ნაკლებს იმუშავებდნენ კვირაში, ვიდრე ის გოგონები, რომლებსაც უთხრეს, რომ შედეგებს მხოლოდ კარიერის ცენტრის თანამშრომლები ნახავდნენ.
ორმაგი ამბიცია
რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს აქედან? ერთი მხრივ, დასაოჯახებელი მაგისტრანტი გოგონები ორმაგი ამბიციით იყვნენ: ერთი მხრივ, დიდი კარიერისთვის მომზადებულიყვნენ, მეორე მხრივ კი, ეპოვნათ მეორე ნახევარი. იქნებ, ამ გოგონებს სწამდათ, რომ ამ შემთხვევაში უფრო ადვილად იპოვიდნენ სასურველ მამაკაცს?
HBS-ში, ზოგიერთის აზრით, ორივე ამბიციის დაკმაყოფილება შეიძლება. ბოლოს და ბოლოს, 2015 წლის გამოშვების მიხედვით, 25-30 წლის კურსდამთავრებულებს შორის, 31% ქალი და 16% მამაკაცი დაოჯახდა HBS-ის კურსდამთავრებულზე.
ქალების ეს ორმაგი ამბიცია გავლენას ახდენს მათ სამუშაო ადგილზეც.
მაგისტრანტების კვლევის დროს, დაისვა კითხვები იმაზეც, არიდებდნენ თუ არა თავს კარიერულ წინსვლას, საჯარო გამოსვლებსა და ხელმძღვანელ პოზიციებს ჰარვარდში სწავლის დაწყებამდე 2 წლის განმავლობაში, რომ ძალიან ამბიციურად არ გამოჩენილიყვნენ?
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამგვარად მხოლოდ დასაოჯახებელი გოგონები იქცეოდნენ (73%). მათ შემდეგ მოდიოდნენ დაოჯახებული ქალები (63%), შემდეგ დაოჯახებული მამაკაცები (50%) და დასაოჯახებელი მამაკაცები (43%).
ცალკე კვლევა ჩატარდა მარტოხელა გოგონებთან. კითხვები ეხებოდა კარიერას – თუ ისურვებდნენ უკეთეს სამუშაო პირობებს. გოგონებს უთხრეს, რომ პასუხებს მხოლოდ სხვა გოგონები ნახავდნენ. შედეგად, მათმა 68%-მა განაცხადა, რომ უფრო მაღალ ანაზღაურებასა და პოზიციას იმსახურებს. ხოლო როდესაც უთხრეს, რომ შედეგებს მამაკაცები ნახავდნენ, ასე მხოლოდ 26%-მა თქვა.
რა უნდა მოიმოქმედონ ლიდერებმა?
როგორ უნდა მოიქცნენ ბიზნესის ლიდერები ამ კვლევის გაცნობის შემდეგ? ერთი ვერსიაა, რომ თავად გამოიკვლიონ, რამდენად ემთხვევა ეს კვლევა მათი კომპანიის რეალობას.
თუკი ამგვარი დაკვირვება გაამყარებს აზრს, რომ დასაოჯახებელი გოგონები კარიერასა და ქმარს სამსახურში ეძებენ, მაშინ ხელმძღვანელებმა უნდა შექმნან კარიერული განვითარების საშუალება, რომ თანამშრომელს ორივე ამბიციის დაკმაყოფილების შესაძლებლობა მიეცეს.
ამის გაკეთების ერთი საშუალებაა, უფრო მოქნილი სამუშაო გრაფიკის შეთავაზება ცხოვრების განსხვავებულ ეტაპებზე. მაგალითად, ბოლო წლებში, საინვესტიციო ბანკებმა აღმოაჩინეს, რომ მარტოხელა თანამშრომლები ყოველდღიურად დიდ დროს ატარებდნენ სამსახურში. გამოსავლის სახით, მათ დასვენების დღეები და შესაბამისად, სოციალური ცხოვრების საშუალება მისცეს.
თუკი თანამშრომელი დაოჯახდება, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მოქნილი სამუშაო განრიგი, რათა სამსახურთან ერთად, ადამიანმა ოჯახური საქმეების მოგვარებაც მოასწროს. ნიჭიერი ადამიანის შესანარჩუნებლად, კომპანიამ არ უნდა დაივიწყოს შესაბამისი ანაზღაურებაც, რათა თანამშრომლებს სახლში დამხმარის დაქირავება შეეძლოთ.
რაც მეტი ქალი მიიწევს ზევით მმართველ პოზიციებზე და ამავდროულად, ოჯახური ცხოვრებითაც ახერხებს ტკბობას, მით უფრო ნაკლებად ეცდებიან სხვა ქალები საკუთარი კარიერული ამბიციების ჩახშობას.











