in

სამხრეთ აფრიკის უდაბნოში ჩვენი წინაპრები 1.8 მილიონი წლის წინ დასახლდნენ!

მეცნიერებმა მაგნეტიზაციის მეთოდი გამოიყენეს

ისრაელში მდებარე იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, კანადელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად, კალაჰარის უდაბნოში არსებული ვონდერვერკის სახელით ცნობილი გამოქვაბული შეისწავლეს. აქ აღმოჩენილი არტეფაქტები და ნალექი კი იმაზე მეტყველებს, რომ  ეს ჩვენი წინაპრების, ჰომინიდების საცხოვრებელია – ისინი აქ დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ დასახლდნენ. 

“ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი წინაპრები 1.8 მილიონი წლის წინ ვონდერვერკის მღვიმეში ქვის პრიმიტიულ იარაღებს ამზადებდნენ” – ამბობს რონ შარი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი. 

გარდა იარაღებისა, მღვიმეში ნაპოვნია იმავე მასალისგან დამზადებული შედარებით დახვეწილი ნაჯახები, კრისტალების კოლექცია, კედლის მხატვრობა და ცეცხლის კვალიც კი. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველი მათგანი ჰომინიდების განვითარების სხვადასხვა ეტაპს უკავშირდება, ისინი იქაურობას საცხოვრებლად დიდხანს იყენებდნენ. 

კვლევის ფარგლებში, თარიღის დასადგენად, მეცნიერებმა მაგნეტიზაციის მეთოდი გამოიყენეს – გამოქვაბულის კედლებიდან ფრთხილად მოაცილეს ასობით პატარა ნალექის ნიმუში და მათი მაგნიტური სიგნალი გაზომეს. ლაბორატორიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ზოგიერთი ნიმუში მაგნიტიზირებულია სამხრეთისკენ, ნაცვლად ჩრდილოეთისა, რაც დღევანდელი მაგნიტური ველის მიმართულებას წარმოადგენს” – ამბობს პროფესორი შარი.  

მას შემდეგ, რაც ამ მაგნიტური უკუქცევის ზუსტი დრო იქნა დადგენილი, მეცნიერებისთვის თვალსაჩინო გახდა ძველი ფენების მთელი თანმიმდევრობა. “ასევე, ქვიშაში არსებულ კვარცის ნაწილაკებს ე. წ. გეოლოგიური საათი აქვს ჩამონტაჟებული, რომელიც დროის ათვლას გამოქვაბულში მოხვედრიდან იწყებს. ამ ნაწილაკებში შეგვიძლია, სპეციფიკური იზოტოპების კონცენტრაცია შევისწავლოთ და გავიგოთ, რა დრო გავიდა მათი მღვიმეში მოხვედრიდან”. 

ამასთანავე, მკვლევრებმა შეძლეს, ჩვენი პრეისტორიული წინაპრების მიერ გამოქვაბულში ცეცხლის განზრახ გამოყენების დრო დაედგინათ. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცეცხლის ადრეული გამოყენების მაგალითები ღიაცისქვეშ შეინიშნებოდა. თანაც, ცეცხლის კვალთან ერთად დამწვარი ძვალი, ნალექი, იარაღები და ნაცარიც არის შემორჩენილი. 

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს მიგნება კაცობრიობის განვითარების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. მათი თქმით, აღნიშნული აღმოჩენა  ადამიანის ევოლუციასა და კლიმატს შორის კავშირის კვლევის წინაპირობას წარმოადგენს. ეს კი, თავის მხრივ, ჩვენი წინაპრების ცხოვრების წესის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაცნობას გულისხმობს. 

საყოფაცხოვრებო აეროზოლები უფრო მეტ მავნე ქიმიკატს გამოყოფს, ვიდრე დიდი ბრიტანეთის ყველა მანქანა!

რენესანსსა და თანამედროვე ხელოვნებას შორის არსებული გრაფიკული ნამუშევრები