ჰონგ-კონგის ჩრდილოეთით Wong Tai Sin-ის სამედიცინო დაწესებულებაში სამი მანათობელი ნახატია განთავსებული. ჩვეულებრივ ხელოვნების ნიმუშს ჰგავს, რომელზეც ადგილობრივი ღირსშესანიშნაობებია გამოსახული, მათ შორის Kai Tak River და Morse Park. თუმცა თუ ცერა თითს მის წინ ასწევთ, ლურჯი პეიზაჟი ფერს შეიცვლის და მწვანე გახდება, ხოლო თუ ხელებს ზემოთ ასწევთ, განათება ყვითლად დაიწყებს ციმციმს.
ეს პანელები მანათობელი მასალისგანაა დამზადებული, რომელიც, თავის მხრივ, პოლიმერული ოპტიკური ბოჭკოებისგან შედგება, თუმცა მხოლოდ იმისთვის არ შექმნილა, რომ ვიზუალურად მოგვხიბლოს… ინტერაქციული ხელსაწყოებია, რომლებიც გრძნობების სტიმულირებისთვის შეიქმნა, რათა დემენციის მქონე მოხუცი პაციენტების მობილობა უზრუნველყოს.
თითოეულ პანელში პატარა კამერაა ინტეგრირებული, რომელიც AI კომპიუტერული ხედვის მოდელს უკავშირდება. ეს უკანასკნელი კი ისეა გაწვრთნილი, რომ სხეულისა თუ ხელის კონკრეტული ჟესტები ამოიცნოს და საპასუხოდ განათება შეცვალოს.
„ჭკვიანი ტექსტილის“ იდეა ჯინ ტანს ეკუთვნის, ჰონგ-კონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, რომელიც იდეაზე სხვა თერაპევტებთან ერთად მუშაობდა. პირველად 2021 წელს დაამონტაჟეს და იმდენად პოპულარული გახდა, რომ მალე გუნდმა ნაქსოვი ბალიშის შექმნა გადაწყვიტა, რომელსაც ფერების შეცვლა შეეძლებოდა, როცა დემენციის მქონე მომხმარებელი დააჭერდა. თითოეული ისე დააპროგრამეს, რომ სხვადასხვა ჟესტზე პასუხი შეეძლოს, მაშინაც კი, თუ ეს ჟესტები 100%-ით სრულყოფილი არ არის.
„მინდოდა ექიმებს ისინი სენსორული თერაპიებისთვის და მარტივი სავარჯიშოებისთვის გამოეყენებინათ“, — აცხადებს ტანი.
აქვე შეგახსენებთ, რომ დემენციის მქონე ადამიანებში, რომელთაც კოგნიტიური უნარები დაკარგული აქვთ, საჭიროა მარტივი აქტივობები, რომლებიც მათი შეგრძნებების სტიმულირებას შეძლებს. ამგვარი გამოცდილების მისაღებად წარსულში თუ პაციენტებს ბავშვების სათამაშოებს აძლევდნენ, დღეს მათთვის არაერთი მოწყობილობაა შექმნილი, რომელთა შორისაც ტანის მიერ შემოთავაზებული ქსოვილი გამორჩეულია. ერთდროულად ტაქტილური, მოქნილი და ინტერაქციულია. ამგვარად, ვისაც ტაქტილური გამოცდილების მიღება მოუნდება, შეუძლია შეეხოს, ხოლო ვისაც არა, ჟესტებს მიმართოს.
ახლა ასე მარტივად კი ვსაუბრობთ, მაგრამ იმის გასარკვევად, თუ როგორ მოექსოვათ იგი სტანდარტული ინდუსტრიული დანადგარების გამოყენებით, გუნდს 2 წელი დასჭირდა, ხოლო შემდგომ კიდევ ერთი წელი კომპიუტერული მოდელის დასახვეწად, რათა მას ჟესტებზე შესაბამისად ეპასუხა… ამ დროს კი მათ მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდათ, მიღებული „ჭკვიანი ტექსტილით“ დემენციის მქონე ადამიანებს დახმარებოდნენ…
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს იგი Milan Fashion Week-ზეც წარადგინეს: