28
Mar
2018

რუსთაველი, მიქელანჯელო, ფიროსმანი – თემატური ხის სანიშნეები Wood Area-სგან

28 Mar 2018

Startauperi
Startauperi


გიგი დემეტრაშვილი და ბექა ცხოვრებაძე

Wood Area ხელოვნებათმცოდნე გიგი დემეტრაშვილის ხის ხელნაკეთი ნივთების სტარტაპია, რომელიც 2017 წლიდან, თემატური სანიშნეების მიმართულებით განვითარდა. დღეისათვის, მის ნაწარმს სხვადასხვა გამოფენაზე, ღონისძიებასა თუ წიგნის მაღაზიაში შეხვდებით. პროდუქციის მომავალი, მოსალოდნელი თემატიკის პროგნოზირება კი ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან, სახელოვნებო ღონისძიებების მიხედვითაა შესაძლებელი. Wood Area-ს საქმიანობაში და ხეზე კვეთის მიმართულებით, გიგის ბექა ცხოვრებაძე ეხმარება. დღეისათვის, მათ მიერაა დამზადებული სანიშნეები რუსთაველის, მიქელანჯელოს, ვაჟა-ფშაველას, აბრამიშვილის, ფიროსმანისა და სხვათა ნახატებითა თუ გამოსახულებებით. სტარტაპის შესახებ მარკეტერს გიგი დემეტრაშვილი ესაუბრა:

„2017 გამოცხადდა შოთა რუსთაველის წლად და თემატურად, შევქმენი ხის სანიშნე, რომელზეც, მწერლის გამოსახულებასთან ერთად, დავიტანე ფრაზები ვეფხისტყაოსნიდან. დაინტერესებიდან გამომდინარე, ეს მიმართულება თემატურად გაიშალა, მწერლობისა თუ მხატვრობის კუთხით. შემდეგ, დავამზადე სანიშნეები აბრამიშვილის, მიქელანჯელოს, ფიროსმანის ცნობილი ნამუშევრებით. ქართული ხელოვნებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს ამ გზით ვეხმაურები. მუზეუმში რა გამოფენაც გაკეთდება, თემატურად, ვამზადებ სანიშნეებს, იმისათვის, რომ, თუნდაც, ღონისძიებიდან გამოსულ ადამიანს, სანიშნეს სახით, შთაბეჭდილებების გარდა, ხელშესახები ნივთის წაღებაც შეეძლოს სახლში“.

ხელმისაწვდომობა
Wood Area-ს პროდუქცია ხელმისაწვდომია ეროვნული მუზეუმის მაღაზიაში. ასევე, მას შეხვდებით შემდეგ წიგნის მაღაზიებში:

პროდუქციის შექმნის პროცესი
„დიზაინს ვაკეთებ მე, ლაზერზე ვჭრი მეგობართან და შემდეგ, ვპრინტავ. მკითხველისთვის და ზოგადად ხელოვნებით გატაცებული ადამიანისთვის, სასურველია იმ გამოსახულების შეძენა, რაც მის ინტერესთან კავშირშია. ეს შეილება იყოს: საყვარელი მწერალი, მხატვარი და შესაბამისად, მათი შემოქმედება“.

„ვფიქრობდი, სანიშნეს ორივე მხარის დატვირთვაზე, რომ უკანაც იგივე გამოსახულება ყოფილიყო, რაც წინა მხარეს, თუმცა, ამ ეტაპზე გავაკეთე სახაზავი. მაგალითად, ფიროსმანის სანიშნეზე წინა მხარეს არის მისი ნახატი, მეორე მხარეს კი სახაზავი. ამით, შესაძლოა, არავინ ხაზავს, თუმცა, უცებ რომ დასჭირდეს ადამიანს, ეს ფუნქციაც აქვს“.

„მანამდე ვამზადებდი კარზე საკაკუნო ხის ჩიტებს, რომლის წარმოების განახლებასაც ვაპირებ“.

„გარდა მხატვრობისა და მწერლობისა, მუსიკის კუთხითაც მაქვს რამდენიმე თემატური ნამუშევარი, მაგალითად Miles Davis-ის სანიშნე, ჯაზის მოყვარულებისთვის. ამ მიმართულებითაც ვაპირებ განვითარებას და მუსიკის „ვუდ არეას“ სანიშნეების თემატიკად გამოყენებას“.

„ჩემი შემდეგი სანიშნე, რომელიც, ჯერჯერობით, მხოლოდ ესკიზია და მალე იქნება ხელმისაწვდომი, პეტრე ოცხელის „ფრთოსანი მღებავის“ გამოსახულებაა, ფრთოსანი სანიშნე, რომელიც გვერდიდან გვერზე დაფრინავს, რათა წიგნების სამყაროში გვამოგზაუროს. ყოველდღიურობა იძლევა Wood Area-ს სხვადასხვა თემატიკისა და დატვირთვის სანიშნეს დამზადების საშუალებას, შესაბამისად, წინ ბევრი სიახლეა“.

განხილვა