კომპანია Wooden 3 წლის წინ, სამმა მეგობარმა – რატი ბაქრაძემ, სანდრო სვანიძემ და ელენე გოგიჩაიშვილმა – შექმნა. Wooden-მა საქმიანობა ნაძვის ხის სათამაშოების დამზადებით დაიწყო, ამჟამად კი, კომპანიას ცალკე სახელოსნო აქვს და მასშტაბურ პროექტებს ასრულებს კონკრეტული კომპანიებისთვის. „ვუდენი” ამზადებს ავეჯსა და ინტერიერის დიზაინს, მის სახელოსნოში 7 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის, ხეზე მუშაობით არიან დაკავებული კომპანიის შემქმნელებიც. სახელოსნოს მუშაობის დეტალებზე, შესრულებულ და შესასრულებელ მნიშვნელოვან პროექტებზე მარკეტერი „ვუდენის” ერთ-ერთ შემქმნელს, რეჟისორ – რატი ბაქრაძეს ესაუბრა:
M: როგორ გაგიჩნდათ Wooden-ის შექმნის იდეა და როდის დაიწყეთ საქმიანობა?
იყო პერიოდი, როცა გვქონდა სარეკლამო სააგენტო, სადაც საკმაოდ კრიზისული სიტუაცია დადგა. რის შემდეგაც, მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებინა კომპანია, სადაც გავაკეთებდით აქსესუარებს. დავიწყეთ ნაძვის ხისთვის ხის სათამაშოების გაკეთება, რადგან იყო საახალწლო პერიოდი. დავამზადეთ 400 მდე სათამაშო და შევქმენით facebook გვერდი, საიდანაც ვეწეოდით ჩვენი პროდუქციის რეალიზებას.M: როგორი იყო „ვუდენის” განვითარების დინამიკა და რა ეტაპზე ხართ ამჟამად?
წელიწად-ნახევარია აქსესუარებიდან და სათამაშოებიდან დიდ პროექტებზე გადავედით. გვაქვს სახელოსნო, სადაც ვმუშაობთ ხეზე, რკინაზე, ვქმნით როგორც ინდივიდუალურ, ასევე, კონკრეტული კომპანიების ინტერიერებისთვის განკუთვნილ ავეჯს.
M: რა მნიშვნელოვანი პროექტები შეგისრულებიათ და ამჟამად, რაზე მუშაობთ?
ერთ-ერთი დიდი პროექტი იყო, მაგალითად, მაღაზია „8000 მოსავალი”, ასევე, M2-ის ერთ-ერთი ეზო გავაკეთეთ თამარაშვილის ქუჩაზე. გარდა ამისა, შევქმენით ხის ავეჯი და მასალა ბავშვთა გასართობ ცენტრ „პიგმისათვის.” ამჟამად, ვმუშაობთ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისთვის”, წიგნების ფესტივალის ინტერიერისთვის.
M: რა მასალას ამუშავებთ ავეჯისთვის და პროდუქციის რეალიზებისთვის რა გზებს იყენებთ?
ძირითადად, ვიყენებთ MDF-ს, ფიჭვს, მუხას და წიფელს; მასალას, რომელიც აქტუალურია და გამოიყენება საქართველოში. მაგიდებს, მაგალითად, მუხისა და წაბლისაგან ვაკეთებთ. ვთანამშრომლობთ არქიტექტორებთან, დიზაინერებთან, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში გვიწევენ რეკომენდაციას მომხმარებელთან. რაც შეეხება საცალო შეკვეთას, ბაზარზე არიან ადამიანები, რომლებმაც გაგვიცნეს და გვიკვეთავენ, მათ შორის, Facebook-ის მეშვეობითაც. ასევე, გვაქვს მიტანის სერვისი, გარდა ამისა, ჩვენთან, სახელოსნოშიც შეუძლიათ მოვიდნენ, რადგან უმჯობესია მომხმარებელმა ადგილზე შეარჩიოს მასალა და დიზაინი.
M: რა უპირატესობა გაქვთ სხვა კომპანიებთან მიმართებაში, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ?
წარმოუდგენლად სწრაფ ვადებში ვდებთ მაღალი ხარისხის პროდუქტს. გარდა ამისა, მომხმარებელს ვაძლევთ გარანტიასაც. დაზიანების შემთხვევაში მივდივართ ადგილზე და ვასწორებთ.
M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ და რა მიმართულებით გეგმავთ „ვუდენის” განვითარებას?
გააჩნია პროექტის სიდიდეს, მაგალითად, მუხის მაგიდა, სტანდარტული ზომის, შეუწებებელი ხით, ერთიანი ზედაპირითა და რკინის საყრდენით, ღირს 1000-დან 2000 ლარამდე. ვაპირებთ საწარმოს გაფართოებას. ვიმედოვნებთ, რომ ბევრ საინტერესო დიზაინის ავეჯს შევქმნით.