სახალისო, როგორც თავსატეხი, დეკორატიული, როგორც კედლის ხელოვნება და ვიზუალურად ინტერაქციული, როგორც ოპტიკური ილუზია… შეიძლება, ასე აღვწეროთ Teslyar-ის მიერ შექმნილი WoodfloW — სათამაშო, რომელიც მრავალი ხის ნაჭრისგან შედგება და აწყობის შემდეგ ხელოვნების ნიმუშად იქცევა. თანაც, ხის ზოლების სამგანზომილებიანი ბუნების გათვალისწინებით, სურათი იმისდა მიხედვით იცვლება, თუ საიდან უყურებთ მას.
ფილოსოფიურ დონეზე, WoodfloW იმის ჩვენებას ეძღვნება, თუ როგორ იცვლება სამყარო ჩვენი შეხედულებების მიხედვით. თავსატეხი გასწავლით, როგორ შეხედოთ სამყაროს სხვადასხვა კუთხით, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. თითოეული ნამუშევრის სანახავად, სამი კუთხის შერჩევა შეიძლება: მარჯვნივ, მარცხნივ და პირდაპირ. შესაბამისად, ერთი ხედვის წერტილიდან ვან გოგის ერთ პორტრეტს ვიღებთ, მეორიდან კი — სხვას. ასევე, ერთი მხრიდან ენდი უორჰოლს ვხედავთ, მეორიდან კი — ენდის მიერ შექმნილ მერლინ მონროს გამოსახულებას.
ალბათ, ბევრ თქვენგანს ბენქსის მიერ აუქციონზე განადგურებული თავისივე ნამუშევარი გაახსენდა, სახელწოდებით “გოგონა ბუშტით”. ამ შემთხვევაში სურათი ჯერ მთელი იყო, შემდეგ კი დანაწევრდა. ხოლო WoodfloW დანაწევრებული მდგომარეობიდან გარდაიქმნება ხელოვნების ნიმუშად — თანაც, სხვადასხვა ვარიაციით.
იმის გათვალისწინებით, რომ სრულად დასრულებული WoodfloW შეიძლება კედელზეც კი ჩამოკიდოთ, Teslyar სამი განსხვავებული სტილის ხელოვნებას გთავაზობთ: Pop Art WoodfloW, Impressionist Van Gogh WoodfloW ან Renaissance Da Vinci WoodfloW. თითოეული WoodfloW დამზადებულია მაღალი ხარისხის ბუნებრივი მყარი ხისგან, როგორიცაა მურყანი და გათეთრებული მუხა.
ამასთანავე, საგულისხმოა, რომ UV ტექნოლოგიით დაბეჭდილი ვიზუალი მაღალ ხარისხს, ნათელ და მდგრად ფერებს უზრუნველყოფს. საბოლოოდ, ნამუშევარი უფრო დიდხანს ძლევს, ვიდრე ტრადიციული ბეჭდვის მეთოდების შემთხვევაში.