8
Mar
2019

რას სთავაზობს Woodsy მომხმარებელს?!

8 Mar 2019

Startauperi
Startauperi


Woodsy ხის ბაფთებს, გულსაბნევებსა და პერანგის საკინძეებს ამზადებს. დამფუძნებელი დავით რატიანი ამბობს, რომ არც იდეაა ინოვაციური და ბაზარზე არსებულ კონკურენციაზეც წინასწარ იცოდა. თუმცა, მისი აზრით, დამკვეთისთვის სასურველი დიზაინით დამზადებული პროდუქცია, გრავირება და თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა „ვუდსის“ უპირატესობაა.

„ Woodsy 2018 წელს შევქმენი. იდეა, ნამდვილად, არ არის ჩემი, აღარც ინოვაციურია. როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საზღვარგარეთ უკვე მომრავლდა ხის ხელნაკეთი ბაფთების კომპანიები. თუმცა, მაინც გადავწყვიტე ამ საქმის დაწყება, დამატებითი შტრიხი შევიტანე პროდუქციაში, რაც ადგილობრივ ბაზარზე ნამდვილად სიახლე იქნებოდა“.

M: კონკრეტულად რას სთავაზობთ მომხმარებელს?

დავით რატიანი :  მომხმარებელს ნატურალური ხისგან დამზადებულ ბაფთებს, გულსაბნევებს და პერანგის საკინძეებს ვთავაზობთ. გვაქვს ჩვენი დიზაინით დამზადებული პროდუქცია, თუმცა, როგორც აღვნიშნე, თავიდანვე გვსურდა, განსხვავებულები ვყოფილიყავით და უკვე არსებულ კონკურენციას არ დავეჩაგრეთ. ამიტომ, ამ მიმდინარეობაში შევიტანეთ დამატებითი შტრიხი – რაც არის ინდივიდუალური პროდუქციის დამზადება: ჩვენთან შესაძლებელია სასურველი ლოგოს, ტექსტის, ნახატის გრავირება როგორც ბაფთაზე, ისე გულსაბნევსა და პერანგის საკინძეებზე. ასევე, მომხმარებელს ვთავაზობთ სასაჩუქრე ყუთის გაფორმებას და სასურველი ტექსტის ან ლოგოს გრავირებას მის თავსახურზე. ვფიქრობთ, თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა არის ჩვენი უპირატესობა და წარმატების საწინდარი.

M: Woodsy მხოლოდ „ონლაინ“ იყიდება?

დ. რ. :  ამ ეტაპზე, რეალიზაცია ხდება ჩვენი Facebook გვერდის დახმარებით, ვიღებთ შეკვეთას, ვამზადებთ და შემდეგ მომხმარებელს ადგილზე ვაწვდით – თბილისის მასშტაბით უფასოდ, რეგიონებში კი, საქართველოს ფოსტის საკურიერო მომსახურებას და მათსავე ტარიფებს ვიყენებთ. ძალიან მალე მზად გვექნება ვებგვერდი, რაც უფრო გაამარტივებს ჩვენი პროდუქციის შერჩევას, კონსულტაციასა და შეკვეთას.

M: ვისთვის არის „ვუდსი“?

დ. რ. :  ყველასთვის, ვისაც სურს, იყოს გამორჩეული და ჰქონდეს საკუთარი სტილი. რაც ძალიან მახარებს, ის არის რომ, მართალია მშობლების დახმარებით, მაგრამ გვყავს ძალიან ბევრი პატარა მომხმარებელი, რომლებიც ატარებენ ჩვენ ბაფთებს და თავს გამორჩეულად გრძნობენ საბავშვო ზეიმებსა თუ სხვა ღონისძიებებზე.

M: ბაზარზე რომ დიდი კონკურენციაა, როგორც აღნიშნეთ, „ვუდსის“ შექმნამდეც იცოდით. ამ პირობებში, თქვენი უპირატესობა მხოლოდ პროდუქციის ორიგინალური გაფორმებაა? 

დ. რ. :  ბაზარზე შემოსვლამდე გვქონდა კვლევა ჩატარებული და ვიცოდით, რომ უკვე კარგად ცნობილი და ფეხმოკიდებული კომპანიებისთვის უნდა გაგვეწია კონკურენცია, რამაც ნამდვილად არ შეგვაშინა. გადავწყვიტეთ, გვქონოდა უპირატესობა – ინდივიდუალური დიზაინის შექმნა და ინდივიდუალური პროდუქციის დამზადება. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, შეგვიკვეთოს მისთვის სასურველი დიზაინის შექმნა და დამზადება, 3-4 სამუშაო დღის განმავლობაში მზა პროდუქციას ვაბარებთ. ასევე, აღსანიშნავია ჩვენი პროდუქციის ფასები, რაც 25-35 ლარამდე მერყეობს, ინდივიდუალური დიზაინის გათვალისწინებით. სრულ სასაჩუქრე ნაკრებზე (ბაფთა, გულსაბნევი, საკინძე) მომხმარებელი დამატებით იღებს შეღავათს.

M: როგორც სტარტაპერები, რა სირთულეებს აწყდებით?

დ. რ. :  ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ უპრობლემოდ და სირთულეების გარეშე ვაღწევთ ნებისმიერი სტარტაპერი წარმატებას. ეს არის ძალიან დიდი შრომისა და თავდადების შედეგი, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებით, შემიძლია ვთქვა, რომ განვიცდით სამეწარმეო მარკეტების, გამოფენების, ვაჭრობის დეფიციტს. ძნელად მოიძებნება ყველა სეზონური მარკეტები, ტურისტულად აქტიურ ტერიტორიებზე. ძალიან დაგვეხმარა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ – სამეწარმეო მარკეტებში მონაწილეობის მიღებით, მოგვეცა საშუალება, უფრო ცნობადი და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომები გავმხდარიყავით.

M: ახალი ვებგვერდის გარდა, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

დ. რ. :  უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება რამდენიმე კორპორატიულ კლიენტთან და მოგვეცა შესაძლებლობა,  პროდუქცია მასიურად დავამზადოთ. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება Amazon-თან, რომ მათ ვებგვერდზე ჩვენი პროდუქცია გაიყიდოს, სადისტრიბუციო ქსელით ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში.

განხილვა