9
Jan
2019

„ჩვენი ბრენდი, ხის პატარა აქსესუარებით, ადამიანების სიცარიელეს ავსებს…“ – WoodTiness

9 Jan 2019

Startauperi
Startauperi


ვუდთინსი“ აქსესუარების ბრენდია, რომელიც 22 წლის ფინანსისტ თამთა მოსიაშვილსა და ასევე, 22 წლის გრაფიკულ დიზაინერ გიორგი ზერეკიძეს ეკუთვნით. 
„ვუდთინსი“ 2018 წლის თებერვალში შეიქმნა, რაც შეეხება პროდუქციას: ხის გულსაბნევებს, საყურეებს, სამაჯურებს, ღილსაბნევებსა და ნაძვის ხის სათამაშოებს სთავაზობს მომხმარებლებს. 

უნივერსიტეტში ჩვენმა ლექტორმა, სანდრო კანდელაკმა მკაცრად მოგვთხოვა, შეგვექმნა საკუთარი ბრენდი, რომელიც ისეთ ღირებულებას შექმნიდა, რომ მომხმარებელი და მწარმოებელიც ბედნიერი იქნებოდა. საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა, ჩვენი რესურსებით გაგვეკეთებინა და ბოლოს მივედით იქამდე, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც ადამიანების ყოველდღიურ სამოსზე ატარებდა არა მხოლოდ გულსაბნევის ან აქსესუარის დატვირთვას, არამედ მათ ხასიათსა და ინტერესებს. ასე დაიბადა „ვუდთინსი“. ბრენდის შექმნის მთავარი მიზანი იყო, ჩვენს პატარა დეტალებსა და აქსესუარებს, ადამიანების ყოველდღიური სამოსი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გაეხადა, – თამთა მოსიაშვილი

პროდუქციას უშუალოდ თამთა და გიორგი ქმნიან. ტექნიკურ საკითხს რაც შეეხება, ამ ყველაფერს პროგრამულად აწყობენ, შემდეგ ხე სხვადასხვა საშუალებით მუშავდება, იჭრება და საბოლოოდ, შერჩეული დიზაინები აქსესუარებზე იბეჭდება.

ჩვენი ბრენდი, არსებობის დღიდან, ხაზს უსვამს მინიმალიზმსა და სიმარტივეს. ჩვენი ლოგოც ამას მოწმობს. სლოგანიც ჩვენს ხასიათს მოვარგეთ: “Make it simple but significant“. რაც შეეხება სახელს, „Emptiness“ სიცარიელეს ნიშნავს, ჩვენი ბრენდი კი, ხის პატარა აქსესუარებით, ადამიანების სიცარიელეს ავსებს. ასე ჩავანაცვლეთ სიცარიელე Wood-ით და საბოლოოდ, მივიღეთ “WoodTiness“, – თამთა მოსიაშვილი


ჩვენს კითხვაზე, რა არის „ვუდთინსის“ უპირატესობა, თამთა გვპასუხობს: „
ბაზარზე პირველად ჩვენ შემოვიტანეთ გადაბმული გულსაბნევები და დღემდე მხოლოდ ჩვენი ბრენდი ამზადებს ამ სტილს. კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი მაგნიტის სამაგრებია, რაც თავის მხრივ, საკმაოდ უსაფრთხოა პატარებისთვის. გარდა ამისა, აქსესუარებს როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის ვამზადებთ. ჩვენი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი კი, პროდუქციის ხარისხზე სისტემატური ზრუნვაა“.
„ვუდთინსის“ აქსესუარების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ჭავჭავაძის #37-ში. გარდა ამისა, პროდუქცია იყიდება ქუთაისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. უშუალოდ, ქართული თემატიკის აქსესუარები ტურისტულ ზონებში რეალიზდება. იანვრის ბოლოსთვის კომპანია გეგმავს აქსესუარების განსხვავებული მასალით დამზადებას, ასევე, პატარების ხაზის დამატებას. თბილისის ერთ-ერთ უბანში უშუალოდ „ვუდთინსის“ სტენდის (კუნძულის) გახსნასა და რეგიონებისთვის პროდუქტის მიწოდების გამარტივებას. როგორც ამბობენ,  მაღალია ტურისტების დაინტერესება და მოლაპარაკებებს ექსპორტის მიმართულებითაც აწარმოებენ. 

განხილვა