გამოდის, უკვე შეგიძლიათ ხელოვნური ინტელექტით ვებგვერდიც შექმნათ თქვენი ბიზნესისთვის, აქაც მხოლოდ ტექსტური მოთხოვნა დაგჭირდებათ, დანარჩენი კი WordPress.com-ს უნდა მიანდოთ. პლატფორმა ნებისმიერ ადამიანს ფუნქციონირებადი ვებგვერდის შექმნის საშუალებას AI ჩატის სტილის ინტერფეისის გამოყენებით აძლევს. თანაც, ფუნქცია მეწარმეებს, ფრილანსერებს, ბლოგერებსა და სხვებს უფასოდ შესთავაზეს.
მართალია, AI-ით ვებგვერდების შექმნა არ არის სიახლე, მაგრამ ასე ვორდპრესს სურს, Squarespace-სა და Wix-ს გაუწიოს კონკურენცია, რომლებიც უკვე სთავაზობენ მომხმარებლებს AI ხელსაწყოებს ვებგვერდების შექმნისა და დიზაინის პროცესის ასაჩქარებლად.
ახალი ხელსაწყოს გამოსაყენებლად, მომხმარებლები AI ჩეტბოტთან ერთვებიან ჩვეულებრივ საუბარში, რათა ვებგვერდი საკუთარი ტექსტითა და გამოსახულებებით შექმნან ისე, რომ განლაგებაც სურვილის მიხედვით შეცვალონ. რაღა თქმა უნდა, პროცესი მოთხოვნით იწყება, რომლითაც ვებგვერდის იდეას აღწერთ: „შექმენი ვებგვერდი ჩემი ყავის მაღაზიისთვის“. თუმცა, გვეუბნებიან, რომ აქ რაც შეიძლება კონკრეტულები უნდა ვიყოთ, მაგალითად, სახელიც უნდა ვუთხრათ მაღაზიის და მოკლე აღწერილობაც იმ ინფორმაციასთან ერთად, რომლითაც მიხვდება, თუ რა კონტენტის განთავსებას აპირებთ საიტზე.
შემდეგ კი მომხმარებლებს შეუძლიათ, ვორდპრესის ექაუნთზე შევიდნენ და ნახონ, როგორ შექმნა ხელოვნურმა ინტელექტმა მათთვის ვებგვერდი. ხოლო როგორც კი საიტი შეიქმნება, მომხმარებლებს AI-სთან მიმოწერა შეუძლიათ, რათა ცვლილებები განახორციელონ. თუმცა, ამ უკანასკნელს ხელითაც მოახერხებენ.
WordPress-ის AI 30 უფასო მოთხოვნას მოიცავს მანამ, სანამ მომხმარებლები ჰოსტინგის გეგმას აირჩევენ. ეს მათ საშუალებას მისცემს, ნახონ, რამდენად აკმაყოფილებს AI მათსავე საჭიროებებს მანამ, სანამ ამ პლატფორმაზე შეაჯერებენ არჩევანს.
რაც შეეხება WordPress-ზე AI-ით შექმნილი ვებგვერდის საჯაროდ ჩაშვებას, აქ ჰოსტინგის გეგმა მოგეთხოვებათ. ფასები განსხვავებულია, პერსონალური ვებგვერდის 48$-დან იწყება და ბიზნესისთვის 300$-მდე ადის წელიწადში. WordPress.com-ის თქმით, AI-ის გამოსაყენებლად საჭიროა Premium ($96) ან ბიზნესგეგმა აირჩიოთ. ეს მოიცავს ტევადობის განსაზღვრულ ოდენობას, წლის მანძილზე უფასო დომეინს, უფასო პრემიუმ თემატიკებზე წვდომას, მომხმარებელთა მხარდაჭერასა და სხვას. რაც შეეხება უშუალოდ AI-ს, ამ გეგმის ფარგლებში დამატებითი თანხის გადახდის გარეშე იქნება ხელმისაწვდომი.
თუმცა, ამ ეტაპისთვის ვორდპრესის ხელოვნურ ინტელექტს e-commerce-ისთვის საჭირო ვებგვერდის შექმნა არ შეუძლია და ვერც სხვა კომპლექსურ ინტეგრაციებს უმკლავდება. ამას კვლავ ადამიანი სჭირდება, თუმცა, AI უკვე ისე ითვისებს ჩვენს უნარებს, შესაძლოა, მალე არც ეს იყოს პრობლემა…