in

WordSensei — ქართველების მიერ შექმნილი ბრაუზერის დანამატი ინგლისურის სწავლაში დაგეხმარებათ

veon
veon

WordSensei — ეს არის ქართველების მიერ შექმნილი ბრაუზერის დანამატი (extension), რომელიც GPT-ის საშუალებით, მომხმარებელს ინგლისური სიტყვების დეფინიციების, სინონიმებისა და მაგალითების მარტივი გზით მიღებაში ეხმარება.

დანამატი ხელმისაწვდომია Chrome, Opera, Edge, Brave, Arc ბრაუზერებზე.

„ხშირად მქონია მომენტი (და ვიცი, მარტო არ ვარ), როდესაც ინგლისურ ტექსტს ვკითხულობდი ონლაინ და მხვდებოდა სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ზუსტად არ ვიცოდი (ან საერთოდ არ ვიცოდი). ამ დროს ყველაზე გავრცელებული ქცევაა, რომ სიტყვა დავაკოპიროთ და გუგლს ვკითხოთ მისი მნიშვნელობა ან მაკის დეფინიციის ფუნქციონალი გამოვიყენოთ, რომელიც მე არ მომწონს. ვიფიქრეთ, რომ GPT-ის დახმარებით უკეთესი გამოცდილების შეთავაზება შეგვეძლო მომხმარებლისთვის და ამიტომ შევქმენით WordSensei, ქრომიუმის extension, რომელიც ტექსტში სიტყვის მონიშვნისთანავე იქვე, სხვა ტაბზე გადაუსვლელად გაძლევს ინგლისური სიტყვის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას“, — განმარტავს ილია ჩიგოგიძე, აღნიშნული დანამატის ერთ-ერთი შემქმნელი.

საგულისხმოა, რომ WordSensei საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია, თან ზუსტად იმ ინფორმაციას ეფუძნება, რომელსაც გუგლიდან ვიღებთ. უბრალოდ, ზოგჯერ, როდესაც ტექსტს ვკითხულობთ და უცბად ერთ სიტყვას ვერ გავიგებთ, შეიძლება, ცალკე ტაბზე გადასვლა დაგვეზაროს — „მერე რა მოხდა, კონტექსტით მივხვდები“ პრინციპს მივყვებით, რაც ლექსიკონის გამდიდრებაში ხელს გვიშლის. WordSensei-ის შემთხვევაში კი ეს ძალიან მარტივია და აქედან გამომდინარე, უფრო დიდი შანსია სიტყვების სასწავლად — ამას უბრალოდ სიტყვაზე double-click (მონიშვნა) სჭირდება.

M: ილია, რა პრინციპით შეარჩიეთ ფუნქციები და რა შეუძლია თითოეულ მათგანს? დამატებით როგორ გეგმავთ მის გაფართოებას?

ჯერჯერობით extension-ს ძალიან მარტივი ფუნქციონალი აქვს. ინგლისურის სიტყვის მონიშვნაზე აპლიკაცია გიბრუნებს მის დეფინიციას, ტრანსკრიფციას, სინონიმებს და მაგალითებს.

თუმცა გვაქვს ბევრი იდეა, რომელთა განხორციელებაც გვსურს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ხელსაწყო, რომელიც მომხმარებელს დაეხმარება ინგლისური ლექსიკონის გამდიდრებაში ყველაზე მარტივი გზით. ამისთვის WordSensei-ს ბევრი ფუნქციონალი უნდა შევმატოთ:

  • სიტყვის პირად ლექსიკონში დამატება
  • Extension პერიოდულად შეგეკითხება სიტყვებს პირადი ლექსიკონიდან
  • ვებგვერდზე შენი არჩეული სიტყვები „გაჰაილაითდება“, რათა მეტი ყურადღება მიაქციო
  • ფრაზების დეფინიციები
  • სიტყვის ჩანაცვლება ვებსაიტზე უფრო მარტივი სინონიმით და სხვ.

M: რამდენი ხნის განმავლობაში იქმნებოდა და ვინ მუშაობდით მის განვითარებაზე?

თავიდან WordSensei-ის პროტოტიპი მთლიანად chatGPT-ის საშუალებით ავაწყვეთ. კოდი, სახელი და აღწერები — chatGPT, Dictionary — dictionaryapi.dev; ლოგო — Midjourney. ამ ყველაფერს ერთო დღე დასჭირდა. შემდეგ dictionary ჩავანაცვლეთ GPT3.5-ით და კოდი ჩვენით გადავწერეთ. 

WordSensei არის Zvavy სტუდიის ერთ-ერთი პროექტი, სადაც ამ ეტაპზე ვართ მე, ილია ჩიგოგიძე (პროდუქტი), დავით აბულაშვილი (ტექ ლიდი), ბაჩო დვალიშვილი (დიზაინი). კონკრეტულად ამ პროექტისთვის კი გუნდში დავიმატეთ ლევან სიჭინავა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ნიკა ოტიაშვილს.

M: ვისზეა ეს დანამატი გათვლილი — დამწყებებისთვის თუ მათთვის, ვისაც არსებული ცოდნის მეტად გაღრმავება სურს?

ამ ეტაპზე WordSensei-გან ყველაზე მეტ სარგებელს ის მიიღებს, ვინ ინგლისური უკვე იცის რაღაც დონეზე (A2-B2) და ლექსიკონის გამდიდრება სურს.

WordSensei-ის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.

Microsoft Teams-ს ციფრული მაკიაჟის ფუნქცია დაემატა

Euromoney: საქართველოს ბანკი 2023 წლის საუკეთესო ბანკია საქართველოში