13
Mar
2019

რატომ უნდა იყოს სამსახური გუნდის წევრებისთვის კომფორტის ზონა?

13 Mar 2019

ჩვენ, ადამიანებს მძაფრი მიკუთვნების განცდა გვახასიათებს – მიკუთვნება ერთმანეთის მიმართ, ოჯახის მიმართ, მეგობრების ან სულაც საკუთარი კულტურისა და სამშობლოს მიმართ. მსგავსი განცდა გვიჩნდება სამსახურის მიმართაც მაშინ, როცა აქ თავს კარგად ვგრძნობთ. როდესაც ადამიანები კონკრეტული საქმისადმი და გუნდისადმი მიკუთვნებას გრძნობენ, ისინი ბევრად უფრო მოტივირებულები ხდებიან და, შესაბამისად, საქმის თითოეული დეტალისადმი უმძაფრდებათ პასუხისმგებლობა.

statiebi-bog
statiebi-bog

იმისთვის, რომ უკეთესად დარწმუნდეთ, თუ რამდენად დიდი ემოციური ზეგავლენა აქვს მიკუთვნების შეგრძნებას ადამიანებზე, მაგალითად მოვიყვანთ კვლევას – EY Belonging Barometer, რომლის დროსაც 1000 დასაქმებული მოზარდი გამოიკითხა. საბოლოო ჯამში კი ისე აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 62% თავის “მიკუთვნების” ზონად სახლს თვლის, დარჩენილის უმეტესი ნაწილი – 34% კი სამსახურს ასახელებს ასეთ ადგილად. რასაკვირველია, სახლი ბევრისთვისაა კომფორტის ზონა, თუმცა, სამსახური ის ადგილია, სადაც დასაქმებულები ყველაზე მეტ დროს ატარებენ, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც თავს თავიანთ სამსახურს ვერ მიაკუთვნებენ, ცოტაა.

ამ ყველაფერმა კი წარმოაჩინა იმის საჭიროება, რომ გუნდის წევრებს თავიანთ თანამშრომლებთან მეტი კონტაქტი სჭირდებათ. გამოკითხულთა 39% ზუსტად იმიტომ გრძნობს თავს შინაურულად სამუშაო გარემოში, რომ იქ მყოფ ადამიანებთან ახლოს არის და უზიარებს სხვებს საკუთარ გამოცდილებას. როგორ შეიძლება კომპანია “სამსახურს მომწყდარ” თანამშრომლებს დაეხმაროს? კვლევაში ამ კითხვაზე პასუხიც გამოჩნდა – უნდა მისცეს ერთ ადგილას მომუშავე ხალხს მეტი შესაძლებლობა, რომ ერთმანეთთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ.

რა უნდა იყოს ლიდერებისთვის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, თუ როგორ იგრძნობენ თავს მათი თანამშრომლები? ყველაფერი შიდა სამზარეულოდან იწყება და იქმნება – მათ შორის კომპანიის ისტორიაც. ის, თუ რამდენად წარმატებული და დაფასებული იქნება იგი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამხელა მონდომებით ააშენებენ მას აქ მომუშავე ადამიანები. შესაბამისად, აუცილებელია, თანამშრომლებს ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ისინი “აქაურობას” ეკუთვნიან.

თანამშრომლებს კომუნიკაციის სხვადასხვა გზები აქვთ. მაგალითად, თუკი ერთი ნაწილი უშუალო – პირდაპირ ინტერაქციას ანიჭებს უპირატესობას, მეორე ნაწილისთვის მიმოწერა უფრო კომფორტულია. იქამდე, სანამ თქვენს თანაშემწეებთან კავშირს გაიღრმავებდეთ, დარწმუნდით და დააკვირდით, რომელ გზას ანიჭებენ ისინი უპირატესობას.

იმისთვის, რომ თქვენს კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს მიკუთვნების შეგრძნება გაუზარდოთ, გთავაზობთ რამდენიმე ხერხს:

გამოიყენეთ სულ პატარა შესაძლებლობაც კი იმისთვის, რომ მათთან ურთიერთობა დაამყაროთ. ეცადეთ, ხშირად აგრძნობინოთ თანამშრომლებს, რომ თქვენ მათ აფასებთ და ზრუნავთ მათზე. ამის დამტკიცება კი სულ უბრალო კითხვებითაც შეგიძლიათ, მაგალითად: როგორ გრძნობთ თავს? რით შემიძლია, დაგეხმაროთ? და ა.შ

ეცადეთ მათი პერსპექტივიდან დაინახოთ ესა თუ ის საკითხი. არ არის აუცილებელი, ყოველთვის შეეწინააღმდეგოთ მათ, ვინც განსხვავებულ ხედვას გიზიარებთ. პირიქით, მოუსმინეთ ინტერესით და უთხარით, რომ საკმაოდ განსხვავებულად ხედავს იგი ამ საკითხს. დაანახეთ მხარდაჭერა და იფიქრეთ იმაზეც, რომ თქვენთვის აქამდე დაუშვებელი იდეებიც შეიძლება იყოს წარმატების მომტანი.

აჩვენეთ მათ, რომ პოზიტიურად ხართ განწყობილი. დაიწყეთ შეხვედრები პოზიტიურად და აგრძნობინეთ თანამშრომლებს, რომ მათი აზრთა გაცვლა-გამოცვლა შედეგიანი იქნება. ეს განსაკუთრებით მაშინ გჭირდებათ, როდესაც რთული საკითხი გაქვთ განსახილველი. გააკეთეთ პაუზები შეხვედრის განმავლობაში, რადგან ასე უკეთესაც ორიენტირდებით, საითკენ უნდა წაიყვანოთ თანამშრომლებიდან მომართული იდეები.

მოითხოვეთ მათგან ფიდბექი. შეეკითხეთ აზრი თქვენს კოლეგებს. დაარწმუნეთ, რომ ენდობით. დააკვირდით, როგორ საუბრობენ ისინი იმ გამოწვევათა შესახებ, რომელთა წინაშეც თქვენ დგახართ და გაითვალისწინეთ მათი აზრი.

იყავით გამჭვირვალე – მაშინაც კი, როცა ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფებით. შესთავაზეთ გუნდის წევრებს მომენტალური აზრთა გაცვლა მაშინ, როდესაც პრობლემის წინაშე დადგება კომპანია და არ მიანიჭოთ ამ ყველაფერს ზედმეტი განსაკუთრებულობა. ასეთი რამ ხშირად უნდა ხდებოდეს.

და ბოლოს, დაიწყეთ სწორედ ასეთი მარტივი ქმედებებიდან, რომლებიც ამჟამად შეიძლება ცოტათი რთული გეჩვენებათ. საბოლოო ჯამში, ისინი თქვენი გუნდის წევრებს ისე აგრძნობინებს თავს სამსახურში, “როგორც სახლში”, რაც წარმატების და ზრდის უპირობო აუცილებლობაა.

წყარო: HBR



განხილვა