12
Sep
2019

რატომ მეგობრობთ მხოლოდ თქვენს მსგავს კოლეგებთან?

12 Sep 2019

ბევრი ქალისთვის, ქალ კოლეგებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაოთი კმაყოფილების, ემოციური ჯანმრთელობისთვისა და კარიერული ზრდისთვის. ამის მიუხედავად, ბევრი ქალი ხელიდან უშვებს ურთიერთობებს, რადგან არ იცის, როგორ იმეგობროს განსხვავებული სოციალური იდენტობის მქონე ქალებთან (იგულისხმება რასა, ეთნიკური კუთვნილება, სექსუალური ორიენტაცია…). ეს პრობლემა განსაკუთრებულად მაშინ იკვეთება, როდესაც საქმე მკაფიო კონტრასტამდე მიდის.

pasha-statiebi
pasha-statiebi

გამოკითხვებსა და ინტერვიუებში, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ თეთრკანიანი ქალები თავისუფლად გრძნობენ თავს, როდესაც ფერადკანიან ქალ კოლეგებს ჩაცმულობაზე, სოციალურობასა და მეტყველებაზე აძლევენ რჩევებს. სამწუხაროდ, ფერადკანიანი ქალები კვლავ და კვლავ საუბრობენ სამუშაო გარემოში ადგილის დამკვიდრების სირთულეებზე. ერთ-ერთი ქალის თქმით, მას ყოველდღიურად უწევდა ისე ჩაცმა, თითქოს ოფიციალურ შეხვედრაზე მიდიოდა დირექტორთან, იღიმებოდა ყურებამდე, რომ ყველასთვის თავი მოეწონებინა და განრისხებული შავკანიანი ქალი არ ეწოდებინა ვინმეს. საღამოს კი ამ ძალისხმევისგან უსაშველოდ დაღლილი მიდიოდა სახლში.

ჩნდება კითხვა, რა შეუძლია მოიმოქმედოს ქალმა, სიტუაციის გასაუმჯობესებლად? კვლევებით დასტურდება, დადებითი ცვლილებები ხდება, როდესაც ქალებს შეუძლიათ გულწრფელ, ხშირად არაკომფორტულ საუბრებში ჩართვა. ეს არც ისე მარტივია, თუმცა, ვიმედოვნებთ, ეს ოთხი მარტივი რჩევა შეცდომებს აგარიდებთ თავიდან.

არ იყოთ თავდაცვით პოზიციაში და არც შეუქმნათ ვინმეს ასეთი გარემოება

თუკი გრძნობთ თავდაცვის საჭიროებას და ამბობთ “მე არ ვარ რასისტი”, დაფიქრდით და ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ ხართ დამფრთხალი? თუკი თავდაცვით რეჟიმში ხართ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაიგოთ, რა ითქვა რეალურად და გამოხატოთ ის, რისი თქმაც ნამდვილად გინდოდათ. ამავე პრინციპით, თავი აარიდეთ რაიმე ისეთის თქმას, რაც სხვა ადამიანს ჩააყენებს თავდაცვით პოზიციაში. მაგალითად, “ვწუხვარ, რომ ასე გრძნობ თავს” აუფასურებს სხვა ადამიანის გრძნობებს და არანაირ სარგებელს არ იძლევა.

საკუთარი თავის კარგ პიროვნებად წარმოჩენის ნაცვლად, ეცადეთ გაუგოთ და თანაუგრძნოთ

თქვენი მიზანია, რომ განსხვავებული სოციალური იდენტობის ქალთან ურთიერთობისას გაიგოთ მეტი მის შესახებ, როგორია მისი მგრძნობიარე მხარე და თავი უსაფრთხოდ აგრძნობინოთ. დაივიწყეთ საკუთარი შეხედულებების გამოხატვა. თქვენი მიზანი უნდა იყოს კარგის კეთება და არა იმის მტკიცება, რომ კარგი ადამიანი ხართ.

არ დაიწყოთ საუბარი, სანამ მზად არ იქნებით

სამუშაო გარემოში ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ეფექტური საუბრები დამოკიდებულია არაკომფორტული კომენტარის მოსმენის სურვილზე. ფრაზა “მოდი, ამ თემას არ შევეხოთ, ეს გაართულებს მდგომარეობას” უარესია და ამას სჯობს, საერთოდ არ დაიწყოთ საუბარი. სამსახურეობრივი ურთიერთობები არ გაუმჯობესდება მანამ, სანამ ქალები ტაბუირებულ თემებზე არ იტყვიან უარს.

არ მოკლათ გულწრფელი დიალოგი

არის ფრაზები, რომლებიც არასოდეს უნდა თქვათ. მაგალითად, “არ გეწყინოს, მაგრამ”, “ასე გულთან ახლოს ნუ მიგაქვს”, “რა იყო, ხუმრობა არ იცი?”, “რასისტი არ ვარ”, “ბევრი ფერადკანიანი/აზიელი/ლგბტქ მეგობარი მყავს”, “შენ სხვანაირი ხარ”. ეს განაცხადი კლავს საუბარს. ამის ნაცვლად, თქვით: “შენი დახმარება მჭირდება, რომ ჩვენი ურთიერთობა გავაუმჯობესო.”

განსხვავებულობა შესაძლოა დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცეს ერთი სქესის თანამშრომლებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა გაიაზრონ, რა როლი აქვთ ისეთ ქალ კოლეგებთან ურთიერთობის დალაგებაში, რომლებსაც განსხვავებულ სოციალურ იდენტობას მიაკუთვნებენ. რასაკვირველია, არსებობს რისკი, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად, რაღაც მაინც არ გამოვა, მაგრამ თუკი მაინც შეძლებთ ურთიერთობის აწყობას, ეს ძალიან ღირებულ მონაპოვრად იქცევა თქვენთვის.

 

წყარო: HBR



განხილვა