22
Aug
2019

დროა, თანამშრომლებს მისცეთ უფლება, იმუშაონ ნებისმიერი ადგილიდან?

22 Aug 2019

დისტანციურად მუშაობა სულ უფრო პოპულარული ხდება. მაგალითად, აშშ-ში დისტანციურად მომუშავეთა რიცხვი პერმანენტულად იზრდება. ჯერ კიდევ 2017 წელს, კვლევებმა აჩვენა, რომ მომუშავე ამერიკელთა 43%-ს გარკვეული პერიოდი მაინც გაუტარებია დისტანციურად მუშაობის რეჟიმში. ხოლო, 2018 წლის მონაცემები ცხადყოფს, რომ ამერიკელ დასაქმებულთა 5.2% მთლიანად სახლიდან მუშაობს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

იმ პირობებში, როდესაც სახლიდან მუშაობა თანდათან ნორმად იქცევა, გაჩნდა ცნება “მუშაობა ნებისმიერი ადგილიდან” (Work From Anywhere – WFA). ამ შემთხვევაში, ადამიანი თავად ირჩევს, სად იცხოვროს და საიდან იმუშაოს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადგილი დედამიწის ზურგზე, სადაც კარგი ინტერნეტია.

თანამშრომლები ძალიან აფასებენ დისტანციურად მუშაობას. 2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საშუალო თანამშრომელი მზად იყო, 8%-ით ნაკლებ შემოსავალზე, სახლიდან ემუშავა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თანამშრომლები ძალიან აფასებენ სამუშაოს მოქნილობას. თუმცა, თანამშრომლები კიდევ უფრო აფასებენ WFA-ს. განსხვავება კი ისაა, რომ სახლიდან მუშაობისას, შეგიძლიათ ბავშვები წაიყვანოთ სკოლაში, ძაღლი გაასეირნოთ, მაგრამ ნებისმიერი ადგილიდან მუშაობა ნიშნავს, აირჩიოთ, მაგალითად, მშობლებთან სხვა ქალაქში ან რეგიონში ცხოვრება, გაცილებით ნაკლები დანახარჯით და სუფთა ჰაერით.

WFA-ის ეფექტიანობის შესამოწმებლად, ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, სამუშაოს შედეგიანობამ 4.4%-ით იმატა. ამასთან, არ გაზრდილა შესრულებული სამუშაოს შესწორების მაჩვენებელი. დამატებითმა ანალიზმა, ასევე, ცხადყო, რომ ხარისხი არ გაუარესებულა. 4.4% შესაძლოა, მცირედ ზრდად მოგეჩვენოთ, თუმცა ეს დამატებით 1.3 მლრდ დოლარია აშშ-ის ბიუჯეტში.

დამატებით ანალიზში, ასევე, აღმოაჩინეს, რომ WFA პრინციპით მომუშავე თანამშრომლები უფრო მეტად ეტანებოდნენ ნაკლებხარჯიან ადგილებს საცხოვრებლად. ეს კი, რეალურად, ეფექტური დაწინაურებაა სამსახურის მხრიდან, ორგანიზაციული ხარჯის გაზრდის გარეშე.

საინტერესოა, რომ საპენსიო ასაკთან ახლოს მყოფი ცდისპირები, რომლებიც ორგანიზაციაში დიდი ხანია მუშაობდნენ, უფრო მეტი ალბათობით გადადიოდნენ საცხოვრებლად ფლორიდის სანაპიროს მხარეებში, ვიდრე მათი თანატოლები, რომლებსაც ნაკლები სტაჟი ჰქონდათ იმავე ორგანიზაციაში მუშაობის. ეს ურთიერთკავშირი ნაკლებად გამოდგება პროგნოზისთვის, თუმცა, თანამშრომლებისთვის ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის შესაძლებლობა მისთვისაც სარგებლიანია და ორგნიზაციისთვისაც, რომელიც ამგვარად, დიდხანს ინარჩუნებს სამუშაო ძალას.

საინტერესოა ცდისპირთა პროდუქციულობის ცვლილება, ადგილმდებარეობის მიხედვით. მათი პროდუქტიულობა იზრდებოდა, თუკი ისინი სხვა ცდისპირებისგან 25 მილის რადიუსში იმყოფებოდნენ. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ადამიანები ერთ ტექნოლოგიურ მიმართულებას მიეკუთვნებოდნენ. თანამშრომლები, რომლებსაც საქმის მხრივ, საერთო არ ჰქონდათ, არ განიცდიდნენ მანძილის შეზღუდვას. ეს დასკვნა ამყარებს მოსაზრებას, რომ WFA თანამშროლები, რომლებიც გეოგრაფიულად დაჯგუფებულები არიან და მსგავს საქმეს აკეთებენ, სწავლობენ კიდეც ერთმანეთისგან. დაახლოებით ისე, როგორც ერთ ოფისში მუშაობისას.

მაშ, რა უნდა გაითვალისწინონ მენეჯერებმა, როდესაც ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის ფორმატს დაამტკიცებენ? აი, რამდენიმე რეკომენდაცია:

დამსაქმებლები, რომლებიც თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის საშუალებას აძლევენ, მათ ავტონომიითა და მოქნილობით უნდა უზრუნველყოფდნენ და არ ცდილობდნენ მათ საქმეში ჩარევას. კვლევის შედეგებით, რომელიც WFH (სახლიდან მომუშავე) და WFA (ნებისმიერი ადგილიდან მომუშავე) თანამშრომლებს ადარებდა, ავტონომიის მქონე თანამშრომელი მნიშვნელოვნად უფრო პროდუქტიულია და ახერხებს კიდეც განვითარებას.

ნებისმიერი ადგილიდან მომუშავე თანამშრომლების მენეჯერებმა უნდა გამოიყენონ ტექნოლოგიური ხელსაწყოების ერთი და იგივე “ნაკრები”. კვლევის თანახმად, პროდუქტიულობაზე ესეც ახდენს გავლენას.

WFA თანამშრომლებმა უნდა გამოიყენონ ნებისმიერი გეოგრაფიული განაწილება, სხვა WFA თანამშრომლებთან მიმართებაში, რაც მსგავსი საქმის მკეთებლებს დააახლოებს. პერიოდული არაფორმალური შეხვედრა მცირედი ინვესტიციაა, სამომავლოდ, თანამშრომელთა განვითარებაზე საზრუნავად.

მენეჯერებს, ასევე, შეუძლიათ დაგეგმონ გუნდური გასვლები იმ ადგილმდებარეობებს შორის, სადაც WFA თანამშრომლები ცხოვრობენ და ამგვარად, WFA თანამშრომლებს ოფისის თანამშრომლების მასპინძლობა და გაცნობა შეეძლებათ და თავიანთ საცხოვრებელ გარემოსაც გააცნობენ.

კვლევაზე დაყრდნობით ჩანს, რომ უმჯობესია შედარებით ახალი თანამშრომლები გყავდეთ ოფისში, უფრო გამოცდილ კოლეგებთან ერთად. იმდენ ხანს, რომ არაფორმალურ გარემოში საქმესთან პირისპირ დადგომა და გამკლავება შეძლონ. საჭიროა დამატებითი კვლევა იმის გასარკვევად, შეუძლიათ თუ არა ახალ თანამშრომლებს WFA მუშაობის უპირატესობების მიღება, როგორც ეს უფრო გამოცდილებს ძალუძთ?

და ბოლოს, დაფიქრდით თავად სამუშაოს ტიპზე. მკვლევარებმა შენიშნეს, რომ თუკი საქმე საკმაოდ დამოუკიდებელია, ანუ თანამშრომელს შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, შესრულება, კოლეგების ჩარევის გარეშე, ნებისმიერი ადგილიდან მუშაობა დადებით შედეგს მოიტანს. მეტი კვლევაა საჭირო იმისთვისაც, რა გავლენა აქვს ნაკლებ დამოუკიდებლობას WFA თანამშრომლების პროდუქტიულობაზე.

საკვანძო დასკვნა ამ კვლევიდან ისაა, რომ თუკი საქმის კეთება დისტანციურად შესაძლებელია და სამუშაო ამისთვის მომწიფებულია, დამოუკიდებელია და თანამშრომელმა იცის, როგორ შეასრულოს უკეთ, მაშინ WFA-ის დანერგვა ძალიან სარგებლიანი იქნება კომპანიისთვის. დაფიქრდით, რომელია ის საქმიანობა, რომლის ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის რეჟიმში გადაყვანაც შეგიძლიათ?

 

წყარო: HBR



განხილვა