www.workfromgeorgia.com ვირტუალური, საერთო სამუშაო სივრცის განხორციელებული იდეაა – უფასო პლატფორმა, სადაც საქართველოს ნებისმიერ კომპანიასა თუ სტარტაპს შეეძლება, მასპინძლად დარეგისტრირება, რის შემდეგაც, ნებისმიერი ქვეყნის ტურისტი, მათ ოფისში, დაჯავშნის ადგილს. ინიციატივა ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად, DDB Betterfly-ს გუნდმა შეიმუშავა.
როგორც ყველა ქართველი დღეს, ჩვენი გუნდიც ფიქრობდა, როგორ შეგვეძლო მხარი დაგვეჭირა ტურიზმისთვის. ეს უნდა მომხდარიყო დღეს და თანაც ახლავე – ჩვენივე რესურსებით.
მსოფლიოში მოგზაურების გარკვეული სეგმენტის – “Digital Nomads-ის“ – „ციფრული მომთაბარეების“ – რიცხვი სწრაფად იზრდება. “Digital Nomads” პროფესიონალების ჯგუფია, რომლებიც არ მუშაობენ ერთი, კონკრეტული ადგილმდებარეობიდან, არამედ მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო და არ ელოდებიან შვებულებებს. ეს ყველაფერი განვითარებული ქვეყნების მაცხოვრებლებზე უფრო ვრცელდება, იქ, სადაც შემოსავალიც და ხარჯებიც დიდია, ამიტომ მოგზაურობა და უცხო ქვეყნებში თვეებით დარჩენა მათთვის უფრო მეტ აზრს იძენს.
DDB Betterfly: საქართველო იდეალური ადგილია ასეთი მოგზაურებისთვის: დაბალი ხარჯები, მარტივი სამუშაო პირობები, 365 დღიანი უვიზო რეჟიმი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის და ეს ყველაფერი მდიდარი კულტურის, ისტორიის, ულამაზესი ბუნების და რაც მთავარია – გულღია და სტუმართმოყვარე ხალხის ფონზე.
ასე რომ, რატომაც არა?! რატომ არ მოვიპატიჟოთ “Digital nomads” ჩვენს კომპანიებში სამუშაოდ?! გვაქვს რამდენიმე თავისუფალი, კეთილმოწყობილი ადგილი და შეგვიძლია, ჩამოსულ სტუმრებს დღის განმავლობაში კომფორტული სამუშაო სივრცე, საღამოს კი გართობა შევთავაზოთ.
კარგი ამბავი – ეს ყველაფერი ახლავე შეგვიძლია, გავაკეთოთ!
ცუდი ამბავი – ერთდროულად, ჩვენ მხოლოდ 2-3 კაცის გამასპინძლებას შევძლებთ.
გადასარევი ამბავი – ჩვენ გვყავს ბევრი მეგობარი, რაც ნიშნავს, რომ ერთად დგომით ასი და ათასი სტუმრის მოპატიჟებასაც კი შევძლებთ.
M: რა არის მიზანი? და ამ ინიციატივით რა პრობლემას ჭრით და როგორ?
დღესდღეობით, ყველა ქართველს ერთი მიზანი გვაქვს – მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ეკონომიკას. თუმცა, ამ გამოწვევას ჩვენ ცოტა სხვა თვალით შევხედეთ: გვინდა, მივიქციოთ მოგზაურების ყურადღება, არა მარტო ქვეყნის დასათვალიერებლად, არამედ უფრო გრძელი ვადით დასარჩენად და ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობის გამოსაცდელად.
M: მსგავსი ინიციატივის პრაქტიკა თუ არსებობს სხვა ქვეყნებში?
პასუხია – კი და არა. „ქრაუდსორსინგის“ კონცეფცია ახალი არ არის. არსებობს მასშტაბური, გლობალური პლატფორმები, „გაზიარებული ეკონომიკის“ სექტორში, მაგალითად: AirBnB, BlaBlaCar, Uber და ა.შ. – ეს ბიზნესია.
რაც შეეხება ინიციატივას: რომ სხვადასხვა კატეგორიის, სხვადასხვა კომპანია გადასახადის გარეშე, ოფისებს უთმობს “Digital nomads” – მსგავსი პროექტის შესახებ არ გაგვიგია. სიმართლე რომ გითხრათ, არც კი წარმოგვიდგენია მსგავსი ინიციატივის არსებობა.იმის გამო, რომ ჩვენ საკმაოდ “იშვიათ” სიტუაციაში ვართ. პირველი – ფრენების გაუქმებაა, მსგავსი რამ სხვა ქვეყნებს ყოველ დღე არ ემართებათ. მეორე – საქართველოში ჩამოსვლის და რაღაც პერიოდით დარჩენის სიმარტივეა. ყველაფერს კი ჩვენი მენტალობა აერთიანებს – ქართველები ბუნებით სტუმართმოყვარეები ვართ. საუკუნეების მანძილზე ვმასპინძლობდით ადამიანებს მსოფლიოს გარშემო, დღეს კი ჩვენი სამსახურების კარსაც ვუღებთ.
M: ვისი ჩართულობა/მხარდაჭერა გჭირდებათ?
მთავარი – ენთუზიაზმია. გვჯერა , რომ იდეის რწმენა წარმატების 80%-ია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენი რესურსების 100%-იც გვაქვს.
სხვადსხვა სექტორის წარმომადგენლებს ვეპატიჟებით, რომ ჩაერთონ პროექტში, კერძოდ: კომპანიებს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ და თავიანთ ოფისებში მოიპატიჟონ მოგზაურები. მედიას კი კომუნიკაციაში მხარდაჭერას ვთხოვთ. ცნობილი სახეებისა და ბლოგერების მხარდაჭერა კი დაგვეხმარება ინფორმაციის საზღვრებს გარეთ გატანაში. ჩვენ გვჭირდება სრული გაერთიანება, ერთი, სასიკეთო მიზნის გარშემო. ყველას შეუძლია პროექტში წვლილის შეტანა, ზუსტად ესაა მისიი მთავარი ხიბლიც.
M: ამჟამად, რა ეტაპზე ხართ?
ამ ეტაპზე, ჩვენს ვებპლატფორმაზე ვმუშაობთ. მონაწილეობის მიღება აბსოლუტურად უფასოა და ყველა ხარჯი Betterfly DDB – ის მიერ იქნება ანაზღაურებული.
კომპანიები, რომლებიც შემოუერთდნენ workfromgeorgia-ს: Leavingstone, Windfor’s, Holmes & Watson, Saatchi & Saatchi, Mr. Wolf, Kraken, McCann, Mozaika, BRID, JWT Metro, Gepra, ABK.
განსაკუთრებული მადლობა Influence Georgia-ს კომუნიკაციის ნაწილის მხარდაჭერისთვის.
ინიციატივაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, დაუკავშირდით მაია ოდიშელიძეს +995 595 905 211 ან მეილზე: [email protected]