in

როგორ ვიმუშაოთ ფრილანს პლატფორმებზე ეფექტურად

დამატებითი თუ ძირითადი საქმიანობისთვის, საქართველოში უკვე არაერთი წელია იყენებენ ფრილანს პლატფორმებს. სხვადასხვა პერიოდში, ასეთი პლატფორმების პოპულარობა განსხვავდება. თუმცა, ის კვლავაც აქტუალურია და ფრილანსერებს საშუალებას აძლევს, იმუშაონ ნებისმიერი ადგილიდან და გამოიმუშაონ ფული მოკლე დროში, სხვადასხვა მცირე თუ გრძელვადიან პროექტზე მუშაობით. მსგავსი პლატფორმები ფრილანსერს საშუალებას აძლევს, თავად დაგეგმოს საკუთარი გრაფიკი, აირჩიოს, ვისთან ითანამშრომლებს და რა პირობებით. თუკი ამ მიმართულებით ახლა დგამთ პირველ ნაბიჯებს, ალექსანდრე ჩომახიძის ეს რჩევები გამოგადგებათ.

M: ამ მომენტისათვის, რომელი ფრილანს პლატფორმები არის საინტერესო სამუშაოდ საქართველოდან?

ჩემთვის, ყველაზე კარგია Fiverr და Upwork. დამწყებებს ვურჩევდი Fiverr-ით დაიწყონ, რადგან შედარებით პატარა პროექტებია, სწრაფად შეუძლიათ შემოსავლის მიღება, ხოლო გამოცდილების შემდეგ კი, Upwork-ზე გადასვლას. მე, პირადად, Freelancer.com-ით დავიწყე, თუმცა ის ახლა აღარ არის აქტუალური. ყველაზე მეტად, Upwork-ს გამოვარჩევდი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან კარგი გადახდის მეთოდები აქვს, თანხა ბარათზეც შეგიძლიათ გადმოიტანოთ, PayPal-ზეც, Pioneer-ის ბარათზეც, რომლის აღებაც თურქეთშია შესაძლებელი. ასევე, ძალიან მალე დაემატება Bankwire, რომელსაც დაბალი საკომისიო აქვს.

რაც მთავარია, Upwork ძალიან გეხმარებათ დოკუმენტაციის კუთხით. წინასწარ აკავებს გარკვეულ თანხას და იმ შემთხვევაში, თუკი დამკვეთი არაკეთილსინდისიერად მოიქცა, არ ჩარიცხა ან ა.შ, პლატფორმა კომპენსაციას გირიცხავთ.

M: Fiverr-ზე როგორი ტიპის დავალებების შესრულებაა შესაძლებელი?

Fiverr-ზე ბევრად მარტივი დავალებებითაც შეიძლება ფულის გამომუშავება. მაგალითად, მყავს მეგობარი, რომელსაც ფოტომანიპულაციების კეთება შეუძლია ძალიან კარგად და ამ ტიპის დაკვეთებს იღებს. ასევე, მარტივ ამოცანებში შეიძლება მოვიაზროთ მაგალითად, Facebook გვერდისა და სარეკლამო ანგარიშის შექმნა, მუსიკის შექმნა, კონკრეტულ ტრეკზე ცვლილებების შეტანა… ესაა პატარა, ერთდღიანი პროექტები.

M: ალბათ, ფრილანსერისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ნამდვილად მიიღოს ანაზღაურება. ამას როგორ უზრუნველყოფს პლატფორმა?

როგორც ჩვენ გვაფასებს დამკვეთი, ასევე, ჩვენც ვაფასებთ მას. თუკი ბარათი ვერიფიცირებული აქვს, ამით ვიგებთ, რომ გარკვეული კომპენსაცია უკვე აქვს გადახდილი წინასწარ. ვხედავთ, რამდენ ფრილანსერთან ჰქონია შეხება. Upwork კარგად ფილტრავს დამკვეთებს და ამით გვეხმარება. Upwork-ზე 300-ზე მეტი პროექტი მაქვს აღებული მთლიანობაში და მხოლოდ 2 შემთხვევა იყო პრობლემური და ისიც მოგვარდა.

M: რა მიმართულებებითაა მუშაობა აქტუალური Upwork-ზე?

ყველაზე მოთხოვნადები არიან დეველოპერები, დატა მეცნიერები, ბევრი პროექტია ციფრულ მარკეტინგში, აუდიტორები, CRM სპეციალისტები, გრაფიკოსი დიზაინერები, ქოფირაითერები, არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები. უჩვეულოა, მაგრამ ჩემს მეგობარს ხელნაკეთი ნივთიც კი გაუგზავნია Upwork-ის საშუალებით. ამდენად, თითქმის ყველაფერია, რის გაკეთებაც შესაძლებელია, თუმცა მოწინავე პოზიცია უჭირავს ციფრულ მომსახურებას.

M: ყველაზე რთულ ამოცანებს შორის, ალბათ, პირველი დამკვეთის პოვნაა. როგორ ხდება დამკვეთის მოძიება?

განცხადებებივით ვარდება, ვის რა დავალება აქვს ფრილანსერისთვის და შეგიძლია შენი შეთავაზება გაუგზავნო, ვიდეოც კი ჩაწერო, კონკრეტულ დავალებას როგორ გააკეთებ ან შენი მოსაზრება გაუზიარო. ვიდეო Loom-ის პლატფორმის საშუალებით შეგვიძლია ჩავწეროთ და იმასაც ვნახავთ, გახსნა დამკვეთმა თუ არა. ასევე, უფასოდ გაქვს გარკვეული რაოდენობის დავალებებზე გამოხმაურების უფლება, ხოლო ფასიანი ვერსიით – ბევრად მეტს შეგვიძლია შევეხმიანოთ. ბევრი ვიცი, ვისაც ფასიანი ვერსია არც გამოუყენებია, ისე მუშაობს.

ფასიანს ის უპირატესობა აქვს, რომ მეტ ინფორმაციას ხედავ დამკვეთზე – ვინ რა ფასად შესთავაზა სერვისი და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას უფრო ახერხებ.

ალგორითმი ჭკვიანურად ანაწილებს, თუ ვის გამოუჩნდეს დამკვეთების შეთავაზებები, ამდენად, პროექტები საკმარისადაა პლატფორმაზე.

M: როგორია ფრილანსერების გავრცელებული შეცდომები ასეთ პლატფორმებზე მუშაობისას?

მალე ნებდებიან. თუ ორი კვირა შედეგი არ აქვთ, თავს ანებებენ. არ უნდა მოეშვათ. პროფილი უნდა გქონდეთ ძალიან კარგად მოწესრიგებული. პორტფოლიო და LinkedIn კარგად დაალაგეთ – უცხო თვალით შეხედეთ, მოისურვებდით ასეთ ადამიანთან თანამშრომლობას? ასევე, Upwork-ს აქვს შვებულების დღეები. როცა არ გცალიათ, მიუთითეთ ეს დღეები, რადგან შემოთავაზების შემთხვევაში, პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში, შეიძლება თქვენი რეიტინგი დაეცეს. შეგიძლიათ დალუქოთ კიდეც ექაუნთი.

ასევე, მნიშვენლოვანია, რომ თაღლითი დამკვეთი ადვილად ამოიცნოთ, მაგალითად, თუკი პლატფორმის გარეთ გთავაზობთ კომუნიკაციას, უარი უთხრათ.

M: დამატებით, რა უნარებს საჭიროებს ფრილანსერი, გარდა უშუალოდ დავალების შესრულებისა? მაგალითად, დამკვეთთან კომუნიკაციაში რის ცოდნა სჭირდება?

ყოველთვის არის ხაზგასმა იმაზე, რომ Soft უნარებია საჭირო. ეს გულისხმობს მოქნილობას, მოწესრიგებულობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი უნარებია. Upwork-ზე მუშაობაც მოითხოვს სწორ კომუნიკაციას, თანმიმდევრულობას, ვადებში მოქცევას. ზოგჯერ, შეიძლება კარგად იცოდე შენი საქმე, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ წარმოაჩენ ამ ყველაფერს. თუმცა, ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამ სერვისს სთავაზობენ – უწერენ აღწერას, ვიდეოს და ა.შ.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

მზეზე ბოლო შვიდ წელში ყველაზე ძლიერი აფეთქება მოხდა!

Habitat 60 წლის იუბილეს 3D ბილბორდებით აღნიშნავს