სამუშაო სტრესი ცხოვრების ყველა ასპექტზე ვრცელდება, რაც ხელს გვიშლის როგორც მუშაობაში, ისე დასვენებაში. სამუშაო მენეჯმენტის პლატფორმა Asana და მისი წამყვანი კრეატიული პარტნიორი Omelet ახალ სარეკლამო რგოლში შფოთვის პერსონიფიცირებას ახდენს — კერძოდ, იგი მომთხოვნი მონსტრების სახითაა წარმოდგენილი, რომელთა მოთვინიერებაც მცირე დახმარებით სრულიად შესაძლებელია.
30-წამიანი რეკლამა “Tame Your Work Worries” იწყება იმით, რომ ქალი ცდილობს, ბარში განიტვირთოს და კოქტეილი მიირთვას. ამ დროს კი პატარა მონსტრი ლეპტოპით მიდის მასთან და გაუჩერებლად იძახის: „სამუშაო წერილები! სამუშაო წერილები!“ სასმელიც დაიღვარა და ქალმა მეილების შემოწმება დაიწყო, სადაც 612 შეტყობინება დახვდა…
მოულოდნელად სიუჟეტში აბსტრაქტული ხმაც იჭრება: „სამუშაო საზრუნავს იმის უფლებას ვაძლევთ, რომ გონება გაგვიფანტოს და ჩვენი ცხოვრება მართოს“. ამას მოჰყვება შემდეგი სცენა, რომელშიც მამაკაცი ცდილობს, შვილი დააძინოს, მწვანე მონსტრი კი კვლავ სამსახურის ვალდებულებებს ახსენებს. ხოლო მომდევნო სცენაში ყვითელი ურჩხული თვითმფრინავის ბილეთს ხევს.
დაბოლოს, ოფისის სცენა ასეთ იდეას შეიცავს: „როდესაც საქმეები კონტროლს არ ექვემდებარება, თქვენს გუნდს შეუძლია, კონტროლი ასანასთან ერთად დაიბრუნოს“. პლატფორმა მშვიდი სამუშაო სივრცის შექმნას უზრუნველყოფს, ურჩხულები კი ძალაგამოცლილად ითიშებიან — როგორც ამას ოფისის სცენაში ვხედავთ.
სტრესის მართვა
„რაღაც მომენტში ჩვენ ყველას გვქონდა სამუშაო საზრუნავი — ის სამუშაო შფოთვა, რომელიც გვაშორებს ოჯახურ ვახშამს, ღამის ძილს ან თუნდაც დასვენებას, რომელსაც თვეების განმავლობაში განმავლობაში ველოდებოდით. ეს ყველაფერი საშინელებათა ისტორიებს ჰგავს, რომლებიც უნდა გავაქროთ“, — ამბობს Asana-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი, მეტ მეინარდი.
მისი თქმით, Asana ყველა ზომის გუნდს ეხმარება დატვირთვის დარეგულირებაში და შესასრულებელი საქმის კონტროლში. ეს კი პირველ რიგში იმის ცოდნას ნიშნავს, ვინ რას აკეთებს კონკრეტულად.