რა ქმნის კარგ კარიერას? პროფესორები, ერინ რეიდი, ლაქშმი რამარაჯანი და ბრიანა ბარკერ კაზა ცოდნას უზიარებენ ახალგაზრდებს, რომლებიც თავიანთი კარიერის დასაწყებად ემზადებიან. მათ გამოიკვლიეს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, განსხვავებული დონის გამოცდილებით, მათ შორის ჟურნალისტები, მასწავლებლები, არქიტექტორები, კონსულტანტები და ჯანდაცვის მუშაკები. ინტერვიუების დროს შენიშნეს, რომ ადამიანებს აქვთ სურვილი, განაგრძონ კარიერა იმგვარად, რომ ის მათ მორალურ ფასეულობებს შეესაბამებოდეს. ხშირად, გადაწყვეტილებებში სწორედ ეს თამაშობს მთავარ როლს, თუ რომელი სამსახური აირჩიონ და რომელზე თქვან უარი.
„მორალური კარიერა“ ნიშნავს ისეთი სამუშაოს ქონას, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს განახორციელოს თავისი მორალური ღირებულებები. თუმცა, რეალურად, მორალური კარიერის განსაზღვრა შეიძლება რთული იყოს. შიდა ორგანიზაციულმა ცვლილებებმა, ისევე, როგორც უკონტროლო სოციალურ-ეკონომიკურმა შოკებმა შეიძლება ხელი შეუშალოს ადამიანების უნარებს, შეიქმნან მორალური კარიერა. მაგალითად, ეკონომიკური გაურკვევლობის დროს, ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გაუმკლავდნენ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა გაზრდილი ფასები და თანამდებობიდან გათავისუფლების საფრთხე, რამაც შეიძლება განაპირობოს მტკივნეული არჩევანის გაკეთება სამუშაოს ტიპთან დაკავშირებით.
სწავლებისა და კვლევის განმავლობაში, პროფესორებმა რამდენიმე საინტერესო ფაქტორი შენიშნეს, რაც ადამიანებს კარიერული წინსვლისკენ უბიძგებს – ესაა ისეთი სამსახურის არჩევა, რაც მათ მორალურ ღირებულებებს თანხვდება. მაინც, როგორ განვახორციელოთ სტრატეგია, რომელიც მორალური კარიერის გზაზე დაგვაყენებს?
იყავით გულწრფელი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია თქვენთვის სამსახურეობრივი ღირებულება
პროფესიონალები ხშირად გადიან ტრანსფორმაციულ ეტაპებს, როდესაც ეძებენ პასუხებს, თუ რის კეთება უნდათ, ვინ სურთ, რომ გახდნენ. ეს ფიქრები შეიძლება წარმოიშვას საბედისწერო პირადი ან სოციალური მოვლენების კვალდაკვალ. მაგალითად, ერთმა ადამიანმა გაიხსენა, რომ ქარიშხალ კატრინას პერიოდში ჰქონდა გამონათება და არქიტექტურის ნაცვლად, სხვა პროფესიით განაგრძო მუშაობა.
ადამიანები შეიძლება შეეგუონ შინაგან წინააღმდეგობებსაც, როდესაც ისინი თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ სამსახურში. ზოგჯერ, რეალობამ შეიძლება აიძულოს ისინი, დაინახონ, რომ შესრულებული სამუშაო შეუთავსებელია მორალური კარიერის აშენების სურვილთან.
დასვით კითხვები დამკვიდრებული წესების მიმართ
იმისათვის, რომ მორალური შეფასებებით გამოწვეული დისკომფორტისგან გათავისუფლდეთ, ხშირად გჭირდებათ ეჭვქვეშ დააყენოთ არსებული გარემოება. ყველა პროფესიულ გარემოცვას აქვს თავისი ტრადიცია, წესები. წესები ვლინდება იმაში, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად მსხვერპლად გავიღოთ პირადი ცხოვრება და უკანა პლანზე გადავწიოთ სხვა ცხოვრებისეული პრიორიტეტები. ჟურნალისტებისთვის პირად მსხვერპლად, ხშირად, ანაზღაურება იქცევა ხოლმე. ერთ-ერთი გამოცდილი რეპორტიორი, რომელიც პროფესორების კვლევაში მონაწილეობდა, საუბრობდა იმ კომპრომისზე, რაც ფინანსური სტაბილურობის გამო გაიღო. ერთ-ერთ კვლევაში კი საერთაშორისო ჰუმანიტარული მუშაკები განმარტავდნენ, რომ სამსახურის გამო სტაბილურ პირად ურთიერთობებზე ამბობდნენ უარს.
დროთა განმავლობაში, უფრო რთულდება ამ მსხვერპლის გაღება. გრძელვადიან პერსპექტივაში, ადამიანები ეჭვქვეშ აყენებენ საყოველთაოდ მიღებულ წესებსა და მორალურ სტატუს-კვოს და ცდილობენ საკუთარი მორალური ღირებულებების რეალიზება რაიმე გზით მაინც მოახერხონ.
ეძებეთ ისეთი კომუნა, სადაც თქვენს მორალურ ღირებულებებს იზიარებენ
ჩვენი მორალური ღირებულებები და მათთან დაკავშირებული კომპრომისები, შესაძლოა, არ თანხვდებოდეს ჩვენს კარიერულ მიზნებს. ამის მიუხედავად, ადამიანები ხშირად ითრევენ ფეხს ცვლილებებისკენ. ეშინიათ, რომ მათი კოლეგები და დამსაქმებლები არ იქნებიან კეთილგანწყობილები, არ გაამართლებენ მათ ჩანაფიქრს. პროფესორთა დაკვირვებით დასტურდება, რომ ხშირად, მორალური ღირებულებების შესაბამისი კარიერის ასაშენებლად საჭიროა მზაობა, რომ გადავაფასოთ, ვის მივმართავთ რჩევისთვის და ვინ მიგვაჩნია ავტორიტეტად. ხშირ შემთხვევაში, უნდა ვეძებოთ ადამიანები, რომლებიც ჩვენს კარიერასაც უწყობენ ხელს და მორალურ ღირებულებებსაც.
პროფესიონალები, რომლებიც რჩებიან თავიანთ სამსახურში, მაგრამ აპროტესტებენ მორალურ სტატუს-კვოს, ხშირად საჭიროებენ ვალიდაციასა და გარანტიას სამსახურს გარეთ. გარდა ამისა, პროფესიონალები, რომლებიც ტოვებენ ტრადიციულ კარიერას, მორალური ღირებულებების სასარგებლოდ, მორალურ მხარდაჭერას ხშირად ეძებენ სამუშაოს გარეთ.
სამუშაო ფონი იცვლება, მაგრამ ადამიანების სწრაფვა მორალური ღირებულების მქონე კარიერისკენ, უცვლელია. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილება რთულია, ის ასევე ღირებულია: კარიერა იკავებს ჩვენი დროისა და ენერგიის მნიშვნელოვან წილს და აუცილებელია ვიგრძნოთ, რომ ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც შეესაბამება ჩვენს ფასეულობებს.
წყარო: HBR