in

თანამშრომლებს საქმეს დღეში საშუალოდ 275-ჯერ აწყვეტინებენ

სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსის მიღწევა ბევრი თანამშრომლისთვის კვლავინდებურად რთულია. სამუშაო საათების შემდეგ, ელექტრონული წერილებისა და სამსახურთან დაკავშირებული შეტყობინებების მიღება კვლავ ნორმად რჩება სამუშაო გარემოში. უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ ეს ფაქტორები ხელს უწყობენ პროფესიული გადაწვის პროცესს და საგრძნობლად ამცირებენ თანამშრომელთა პროდუქტიულობას.

პრობლემის ძირითადი მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ საშუალო სამუშაო დღე დანაწევრებულია პროდუქტიულობის შემაფერხებელი მზარდი ფაქტორებით. Microsoft-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 30-ზე მეტი ქვეყნის 31,000 თანამშრომელი მონაწილეობდა, გამოავლინა სამუშაო პროცესისგან მოწყვეტის რეალური მასშტაბი, რომელსაც თანამედროვე პროფესიონალები ყოველდღიურად აწყდებიან. კვლევა ასევე ცხადყოფს იმ ტენდენციას, თუ როგორ სცდება საშუალო სამუშაო დღე ტრადიციული სამუშაო საათების ფარგლებს.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ხელმძღვანელების 53% მოელის პროდუქტიულობის ზრდას, მაგრამ თანამშრომელთა და მენეჯერთა 80% აცხადებს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი დრო და ენერგია სამუშაოს ეფექტურად შესასრულებლად.

თანამშრომლები საშუალოდ ყოველ ორ წუთში ერთხელ განიცდიან წყვეტას ელფოსტის, შეხვედრების ან შეტყობინებების გამო. სტანდარტული სამუშაო საათების მიღმა დამატებით დახარჯული დროის გათვალისწინებით, ეს ყოველდღიურად 275 შეწყვეტამდე აღწევს.

ანგარიში ასევე აჩვენებს, რომ სამუშაო საათების შემდეგ მიღებული შეტყობინებების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ოთხი კვირის განმავლობაში, ეს საშუალოდ 58 არასამუშაო საათებში მიღებულ შეტყობინებას უდრის.

საინტერესოა, რომ შეხვედრებიც პრაქტიკულად 24/7 რეჟიმში იმართება, რაც ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ კომპანიები სულ უფრო ხშირად ასაქმებენ თანამშრომლებს სხვადასხვა დროის ზონიდან. კვლევის თანახმად, საღამოს 8 საათის შემდეგ ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა, ხოლო შეხვედრების 30% მოიცავს სხვადასხვა დროის ზონაში მომუშავე თანამშრომლებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ შეხვედრების 60% დაუგეგმავია და სპონტანურად იმართება. კვლევამ გამოავლინა საინტერესო დეტალიც – შეხვედრამდე 10 წუთის განმავლობაში PowerPoint-ის რედაქტირებების რაოდენობა 122%-ით იზრდება, რაც მკვეთრად განსხვავდება წინა საათებში დაფიქსირებული აქტივობისგან.

ყველა ეს მონაცემი მიუთითებს ფუნდამენტურ შეუსაბამობაზე კომპანიების ბიზნეს საჭიროებებსა და თანამშრომელთა გონივრულ შესაძლებლობებს შორის. ეს დაძაბულობა იგრძნობა როგორც რიგით თანამშრომლებში, ისე ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფ პირებში. Microsoft-ის მონაცემებით, თანამშრომელთა 48% და ხელმძღვანელების 52% აღნიშნავს, რომ მათი სამუშაო დატვირთვა „ქაოტური და ფრაგმენტულია“.

ანგარიშში განხილულია, თუ რატომ გახდება აუცილებელი კომპანიებისთვის ხელოვნური ინტელექტის აგენტების გამოყენება ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ხელმძღვანელების თითქმის ნახევარი უკვე აცხადებს, რომ „ციფრული შრომის“ გამოყენება არსებული სამუშაო ძალის შესაძლებლობების გასაძლიერებლად მათთვის პრიორიტეტულია მომდევნო 18 თვის განმავლობაში. თუმცა, მხოლოდ ხელოვნური ინტელექტი ვერ მოაგვარებს თანამედროვე სამუშაო გარემოს ყველა პრობლემას და ვერც ზედმეტ შეხვედრებს აღმოფხვრის ერთ ღამეში.

წყარო: Fastcompany

ისტორიული ფოტოებით შექმნილი ვიდეო F1-ის ახალ კოლექციას გვაცნობს — Aston Martin x Rolling Stones

სამი იაპონური სიბრძნე, რომლებიც ცხოვრებით ტკბობას გვასწავლის