in

11 ტენდენცია, რომელიც 2022 წელს, სამუშაო გარემოს ჩამოაყალიბებს

2021 წელს, ბევრი ჩვენგანი მსოფლიოს ნორმალურ რიტმში ჩადგომას ელოდებოდა. ვაქცინები გამოვიდა და ვფიქრობდით, რომ სამსახურების ჩვეულ რეჟიმს რამდენიმე თვეში დავუბრუდებოდით. მაგრამ, გასული წელი, მოსალოდნელზე უფრო განსხვავებული იყო, კოვიდის ახალი ვარიანტების ზრდით და ბოლო პერიოდში, ინფლაციის ყველაზე მაღალი დონით.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ეს მდგომარეობა 2022 წელშიც გაგრძელდება, კოვიდის ახალი ვარიანტები კვლავ გამოჩნდება და ჩვენს სამუშაო გრაფიკს, ალბათ, კვლავ დისტანციურს დატოვებს. აქ არის ის 11 ძირითადი ტენდენცია, რომელიც, 2022 წელს, სამუშაო გარემოს ჩამოაყალიბებს:

დამსაქმებლები სამართლიანობისა და თანასწორობის შენარჩუნებაზე იზრუნებენ

დებატები, რომლებსაც საფუძვლად აქვს სამართლიანობა, იქნება ეს რასის, კლიმატის ცვლილებისა თუ კოვიდ ვაქცინის გავრცელება, საზოგადოებაში კიდევ უფრო მწვავე საკითხი გახდა. S&P ანალიზის მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორების დაინტერესება ამ საკითხების მიმართ, 2018 წლიდან, 658%-ით გაიზარდა.

აქ კი ახალი კითხვები ჩნდება:

  • ვის აქვს მოქნილ სამუშაო გრაფიკზე წვდომა? ჩვენ დავინახეთ, რომ ზოგი ორგანიზაცია მოქნილ გრაფიკს სთავაზობდა თანამშრომლებს, ზოგი კი არა.
  • რა ხდება, როდესაც თანამშრომლები გადადიან ისეთ ადგილებში, სადაც ცხოვრებისთვის მცირე ხარჯებია საჭირო? უნდა შეამცირონ თუ არა დამსაქმებლებმა კომპენსაცია?
  • დღევანდელ შრომის ბაზარზე კომპანიები, ახალი თანამშრომლების დასაქირავებლად, 20%-იან კომპენსაციას იხდიან. არის თუ არა სამართლიანი, ძველ თანამშრომლებზე მეტი ანაზღაურების მიცემა, ახალი თანამშრომლებისთვის?
  • კომპანიები მიზანმიმართულ ინვესტიციებს სთავაზობენ თანამშრომელთა კონკრეტულ სეგმენტებს, მაგალითად, დამატებით ფინანსურ რესურსს აძლევენ მათ, ვისაც ბავშვები ჰყავთ. ამას ეწინააღმდეგებიან მშობლების სტატუსის არმქონე თანამშრომლები და სვამენ კითხვას – თუ რატომ არ იღებენ ისინი დამატებით შემოსავალს.

2022 წელს კი ამ საკითხებზე ზრუნვა და სამართლიანობის შენარჩუნება, აღმასრულებელი დირექტორებისა და HR-ებისთვის, ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება.

კოვიდ ვაქცინის მანდატის მიღების ნაცვლად, დამსაქმებლები კვლავ ტესტირებებს აგრძელებენ

2021 წლის იანვარში, კომპანიების 2% კოვიდ ვაქცინის მანდატის შემოტანას გეგმავდა. წლის ბოლომდე, ეს მაჩვენებელი 50%-მდე გაიზარდა. თუმცა, 2022 წელს, ომიკრონის დადასტურების შემდეგაც კი, არ ფიქრობენ, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზრდება. კომპანიები, კვლავ, ტესტირების მეთოდს იყენებენ, რასაც რამდენიმე ფაქტორი იწვევს.

დამსაქმებლები ფიქრობენ, რომ ამან მასობრივი ცვლილებები, შეიძლება, გამოიწვიოს. Gartner-ის გამოკითხვის მიხედვით, HR-ის ხელმძღვანელები მოელიან, რომ ვაქცინის მანდატის შემოტანის შემთხვევაში დასაქმებულთა 7%, ზოგ ქვეყანაში 15%-იც კი, უარს იტყვის მუშაობაზე. 

აქვე, ბევრი ფიქრობს, რომ კოვიდ ვაქცინის მანდატმა, შესაძლოა, ვერ გაუძლოს სასამართლოს გამოწვევებს 

კომპანიების ნაწილს მიაჩნია, რომ ვაქცინირების საკითხი თანამშრომლებმა ნებაყოფლობით უნდა გადაწყვიტონ და კომპანიამ ისინი არ უნდა აიძულონ.

და ბოლოს, გაურკვევლობა იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს ვაქცინაცია, როდის ითვლები ვაქცინირებულად და სხვა მსგავსი საკითხები,  მთელი პროცესის მართვაში დიდ სირთულეს ქმნის.

კომპანიები, ანაზღაურების გაზრდის ნაცვლად, სამუშაო დროს შეამცირებენ

კვლევამ აჩვენა, რომ შეერთებულ შტატებში, წლიდან წლამდე, ხელფასის ზრდა 4%-ზე მეტი იყო. ინფლაციის გამო, ხელფასები შემცირდა და თუ ეს გაგრძელდება, დამსაქმებლები აღმოაჩენენ, რომ, თანამშრომლებისთვის, მათ მიერ შეთავაზებული კომპენსაცია,  მსყიდველუნარიანობის თვალსაზრისით, უფრო და უფრო ნაკლები იქნება.

ფაქტია, რომ ხელფასების მატებასთან ერთად, დასაქმებულთათვის, თავისუფალი დრო უფრო ღირებული და მიმზიდველი ხდება. თანამშრომლების სამუშაო საათების შემცირება კი დამსაქმებლებს უკეთეს შანსს აძლევს, რომ კონკურენცია გაუწიონ ორგანიზაციებს, რომლებიც უფრო მაღალ საერთო კომპენსაციას სთავაზობენ თანამშრომლებს, მაგრამ არა შემცირებულ საათებს. საბოლოოდ, ჩვენ, შედეგად მივიღებთ, 32-საათიან სამუშაო კვირას, იგივე ანაზღაურებით. ეს კი ორგანიზაციებს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

ჰიბრიდული და დისტანიური სამუშაოს პირობებში, დასაქმებულებისთვის სამსახურიდან წასვლა უფრო ადვილი ხდება

კოვიდის დროს მოქნილი გრაფიკის არსებობა ჩვეულებრივი გახდა. თანამშრომლები უფრო მეტად ისეთ კომპანიებს ირჩევენ, რომლებიც სასურველ გრაფიკს სთავაზობენ, 

წინააღმდეგ შემთხვევაში კი ტოვებენ სამუშაო ადგილებს.

ეს ორი მიზეზით ხდება:

პირველი – თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ ჰიბრიდულად ან დისტანციურად, ჰყავთ ნაკლები მეგობარი სამსახურში, შესაბამისად, სუსტი სოციალური და ემოციური კავშირები აქვთ თანამშრომლებთან, რაც მათ სამუშაოს დატოვებას უადვილებს.

მეორე – იზრდება პოტენციურ დამსაქმებელთა რაოდენობა და გეოგრაფული არეალი. დისტანციური და ჰიბრიდული სამსახურის პირობებში, კი მათთვის სამსახურების შეცვლა უფრო მარტივი ხდება.

ავტომატიზებული სისტემა, მენეჯერებისთვის შექმნის სივრცეს, რომელიც მათ თანამშრომლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ

მენეჯერისა და თანამშრომელთა ურთიერთობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა. მენეჯერები არიან პირველები, ვისაც თანამშრომლები არსებულ პრობლემებს უზიარებენ.

ხოლო ისეთი, მენეჯერული ამოცანები, როგორებიცაა, დაგეგმვა, ხარჯების ანგარიშების დამტკიცება და დავალებების შესრულების პირდაპირი ანგარიშების მონიტორინგი, თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩანაცვლდება. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ 2025 წლისთვის, ავტომატიზაციის პოტენციალი, მენეჯერის დავალებების, თითქმის, 65%-ს აქვს.

ავტომატიზირებული დავალებების გაზრდით, კომპანიებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ, ან შეამცირონ მენეჯერთა რაოდენობა, რაც ხარჯებსაც შეამცირებს,  ან მათ მენეჯერების ტრადიციული გაგება უნდა შეცვალონ.

დისტანციური მუშაობისას საჭირო ინსტრუმენტებს, თანამშრომელთა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, გამოიყენებენ

მენეჯერებს ნაკლებად აქვთ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ მათი თანამშრომლები, დისტანციურად მუშაობის დროს. 2020 წლის შემოდგომაზე, Gartner-ის გამოკითხის შედეგების მიხედვით, მენეჯერებისა და ხელმძღვანელების 64% ფიქრობს, რომ ოფისში მომუშავე თანამშრომლები უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევიან და მათ დაწინაურების უფრო დიდი შანსი აქვთ.

იგივე ინსტრუმენტები, რომლებსაც თანამშრომლები,   ვირტუალურ გარემოში სამუშაოდ იყენებენ, ამჟამად, მათ შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად იქნება გამოყენებული. მაგალითად, ვირტუალური შეხვედრების დროს, ახალი ტექნოლოგიებით, თანამშრომლებზე დამატებით ინფორმაციებს მივიღებთ. ახალ ტექნოლოგიას, ასევე, შეუძლია მენეჯერებს მიუთითოს, რომ დაურეკონ მათ, ვინც არ აქტიურობდა ონლაინ შეხვედრის დროს. მსგავსი ქმედებები კი ურთიერთობათა ხარისხს გააუმჯობესებს.

ჰიბრიდული სამუშაოს მართვის სირთულე, ზოგიერთ დამსაქმებელს, ოფისში დაბრუნებისკენ უბიძგებს

2022 წლისთვის, დამსაქმებელთა 90% ჰიბრიდული რეჟიმის დამკვიდრებას აპირებს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ისინი მალე თანამშრომელთა სრულ განაკვეთზე მუშაობას ძველ რეჟიმში მოითხოვენ, რადგან:

აღმასრულებელი დირექტორები, ფიქრობენ, რომ ბიზნესის ცუდი შედეგები, მუშაობის ჰიბრიდულ რეჟიმთან არის დაკავშირებული, ჰიბრიდული გრაფიკით მომუშავე თანამშრომლები მარტივად ტოვებენ სამუშაოს. მსგავსი რეჟიმი, მათ ერთდროულად რამდენიმე სამსახურში მუშაობის საშუალებას აძლევს და ორგანიზაციული კულტურის აღქმას უკარგავს.

თუმცა, დამსაქმებლები, რომლებიც თანამშრომელთა სრულ განაკვეთზე მუშაობას მოითხოვენ, სხვა პრობლემებსაც შეეჩეხებიან, მაგალითად, მუშაობის ეს ფორმა, შესაძლოა, აღარ იყოს მისაღები თანამშრომლებისთვის, რაც მათ სამუშაოს დატოვებისკენ უბიძგებს.

კომპანიებისთვის, თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს, ჯანმრთელობა მთავარი საზომი გახდება

წლების განმავლობაში, თანამშრომლებს სხვადასხვა საზომით აფასებდნენ. 2022 წელს კი ყურადღებას მიაქცევენ თანამშრომელთა ფინანსურ, ფიზიკურ თუ სულიერ ჯანმრთელობას.

პანდემიის გამო, ამ საკითხზე ზრუნვა ბევრმა კომპანიამ დაიწყო. Gartner-ის 2020 წლის გამოკითხვამ, დაადგინა, რომ:

  • კომპანიების 94%-მა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა კეთილდღეობის პროგრამებში
  • 85%-ით გაიზარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის შეღავათების მხარდაჭერა
  • 50%-ით გაიზარდა ფიზიკური კეთილდღეობის მხარდაჭერა
  • 38%-ით გაიზარდა ფინანსური კეთილდღეობის მხარდაჭერა

Gartner-ის კვლევა აჩვენებს, რომ თანამშრომლებს, რომლებიც იყენებენ ამ პროგრამებს, აქვთ 23%-ით უფრო მაღალი ფსიქიკური ჯანმრთელობა, 17%-ით უფრო მაღალი ფიზიკური ჯანმრთელობა და 23%-ით უფრო ხშირად ამბობენ, რომ ღამით კარგად სძინავთ.

თუმცა, 12 თვის განმავლობაში, დასაქმებულთა 40%-ზე ნაკლებმა, ისარგებლა ამ პროგრამებით.

ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნა 

სამუშაო სივრცეში პოლიტიკა, კულტურა და სოციალური საკითხები შემოიჭრა. თუ ათი წლის წინ, თანამშრომლებს ეუბნებოდნენ, რომ პირადი შეხედულებები კართან დაეტოვებინათ, ახლა, სრულიად საპირისპირო სურათს ვიღებთ. დღეს, მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შესაქმნელად, ნებისმიერ სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებში ჩართვა მნიშვნელოვანია. თანამშრომლები დამსაქმებლებისგანაც კი მოელიან, რომ ისინი მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ დებატებში ჩაერთვებიან. ამას Gartner-ის კვლევაც ადასტურებს, ოთხი დასაქმებულიდან სამი ელის, რომ მათი დამსაქმებელი იმ დღის სოციალურ და პოლიტიკურ დებატებზე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. საინტერესოა, ის ფაქტი, რომ დასაქმებულთა 44%, თანამშრომლებს, მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო, არიდებს თავს ან დამსაქმებლის პოზიციით იმედგაცრუებულნი არიან.

კომპანიაში კი ყველაზე დიდი როლის შემსრულებელი იქნება, ის, ვინც ამ სიტუაციას დააბალანსებს, რომ შექმნან უფრო ინკლუზიური და პროდუქტიული სამუშაო გარემო.

კომპანიები ფიზიკური აქტივობის ნაკლებობის პრობლემაზე იმუშავებენ

დისტანციურმა მუშაობამ შემდეგი გავლენა მოახდინა თანამშრომლებზე, მათგან 35%-მა ფიზიკური აქტივობა გააუმჯობესა და წონაში დაიკლო, 40% კი მუდმივად კომპიუტერთან იჯდა. გაიზარდა მათი წონაც, თუნდაც იმიტომ, რომ აღარ უწევდათ სამუშაო სივრცეში, შეხვედრიდან შეხვედრაზე, სიარული. შესაბამისად, შემცირდა მათი ფიზიკური დატვირთვა და გაიზარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები.

ორგანიზაციები, ამ საკითხის მოსაგვარებლად, ახალ სტრატეგიებზე მუშაობენ. თუმცა, ზოგიერთი თანამშრომელი ფიქრობს, რომ კომპანია არ უნდა ზრუნავდეს თანამშრომლის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. მეტიც, სპეციალური საჭიროების მქონე თანამშრომლებისთვის, ეს დისკრიმინაციული ფაქტორიც შეიძლება იყოს.

ჰიბრიდულ სამყაროში ჩარევის გარეშე, DE&I-ის, ანუ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის, შედეგები გაუარესდება 

Gartner-ის კვლევამ დაადგინა, რომ თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ დისტანციურად ან ჰიბრიდული გრაფიკით, ზუსტად იმ დონეზე ასრულებენ სამუშაოს, როგორც ოფისში მყოფი თანამშრომლები. 

თუმცა, მენეჯერები და ხელმძღვანელები თვლიან, რომ ადამიანები, რომლებიც ოფისიდან მუშაობენ, უფრო მაღალი ეფექტურობის არიან და უფრო მეტად დაწინაურდებიან. მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ ქალები და ფერადკანიანები, თეთრკანიან მამაკაცებთან შედარებით, სახლიდან მუშაობას ამჯობინებენ. ამის გათვალისწინებით, შესაძლოა მათი ხელფასები შემცირდეს, მაღალი თანამდებობები კი მხოლოდ თეთრკანიანმა მამაკაცებმა დაიკავონ, რაც ერთფეროვან გარემოს შექნის. სწორედ ამიტომ, ჰიბრიდულ სამყაროში ჩარევა აუცილებელია.

 

წყარო: HBR



ქართულმა სტარტაპმა Identomat $3.2 მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა!

ჯეიმს ვების ტელესკოპის სარკე — კაცობრიობის ინოვაციური თვალი კოსმოსში!