13
Jun
2019

როგორ მოვასწროთ მუშაობაც და სახლში სადილების მზადებაც?

13 Jun 2019

მშობელს, რომელიც ოჯახის გარდა, სამსახურითაც არის დაკავებული, ყოველდღიურად აწუხებს ერთი საკითხი “ხვალ რა გავაკეთოთ სადილად?”. ეს კითხვა თან დაგვყვება ყველგან, მათ შორის, საქმიან შეხვედრებზე. “რა ვჭამოთ სადილად” – ერთ-ერთი ყველაზე რუტინული გამოწვევაა დაოჯახებული ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც ინფორმაციულად გადატვირთულ თანამედროვეობაში უწევს სამსახურისა და ოჯახის შეთავსება. როგორ გავანაწილოთ დრო და რესურსები და ყველაფერი მოვასწროთ?

pasha-statiebi
pasha-statiebi

შეხედე ფართო ხედით და აიღე პასუხისმგებლობა. გაანაწილე პრიორიტეტები. მნიშვნელოვანია ბიუჯეტის გაწერა, ავტომობილის შეკეთება, დიდ კლიენტთან შესახვედრად მომზადება, შვილისთვის სასკოლო ზეიმის ფორმის შეკერვა და ა.შ. თქვენი კალენდარი გადაჭედილია, თქვენი საქმეების სია კი – უსასრულო. ამასთან, საქმეების უმეტესობა საჩქაროა. თუკი სადილის მომზადება გსურთ მოასწროთ, ეს საქმეების სიაში სხვა საქმეებისნაირად პრიორიტეტულად უნდა მოინიშნოს. შესაძლოა, ამან თქვენგან აზროვნების სტილის შეცვლა მოითხოვოს და ეს თქვენი ყოველდღიური რუტინის სავალდებულო სიის შეცვლის მიზეზი გახდეს. ასევე, მარტივი მეთოდია, გამოიყენოთ Google-ის ან  Outlook-ის კალენდარი – დაბლოკოთ საღამოს საათები და ის დრო, როდესაც სადილის პროდუქტების საყიდლებზე ხართ წასული. როდესაც რაღაც თქვენს ჩეკ-ლისტში ოფიციალურად წერია, გაცილებით მეტი შანსი გაქვთ საქმის მოსწრების.

გათავისუფლდით მოლოდინებისგან და მოიხსენით დაძაბულობა. როდესაც ოჯახურ სადილზე ფიქრობთ, ალბათ წარმოგიდგენიათ სახლში გამზადებული ცხელი საჭმელი, რომელსაც ნამდვილი ფაიფურის ფიალებით მიირთმევენ. გადახედეთ თქვენს მოლოდინებს და მოიხსენით ეს დაჭიმულობა. არ აქვს მნიშვნელობა, რა სიხშირით ისადილებთ ოჯახი ერთად, ძვირფასი ჭურჭლით მიირთმევთ თუ ქაღალდის თეფშებით. მთავარია ეს იყოს რეგულარული ხასიათის.

შემოიღეთ ახალი წესები. რა უნდა ქნათ, თუკი თქვენი ხუთი წლის შვილი უარს ამბობს ბოსტნეულის ჭამაზე, შვიდი წლისას კი სპაგეტი უნდა, სოუსის გარეშე… ან ორივე ცივ ბურბუშელებს ითხოვს იმის ნაცვლად, რაც წინ დაუდეთ? თუკი მუშაობთ, ნაკლებად სავარაუდოა, გქონდეთ დრო სამზარეულოს შეფობისთვის. ამიტომ, მოეშვით დიპლომატიას და სასწრაფოდ გამოაცხადეთ ახალი წესები: ყველა ჭამს ერთსა და იმავე საკვებს, ყოველგვარი ცვლილების გარეშე. თუკი გადაწყვეტთ, არ შეჭამოთ ის, რაც წინ დაგიდეს, დაელოდეთ მომდევნოს. თუკი იწუწუნებთ, გარეცხავთ ჭურჭელს. დათქვით წესები და მიყევით მათ. ადვილი არ იქნება, მაგრამ თუკი სიმტკიცეს შეინარჩუნებთ, ყველაფერი უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდება.

დაზოგეთ დრო ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. მომუშავე მშობლისთვის დრო ყველაზე შეზღუდული აქტივია. თუკი ცდილობთ დღის გრაფიკში ოჯახური ტრაპეზიც ჩართოთ, ისედაც დატვირთული გრაფიკის უფრო ეფექტურად განაწილება მოგიწევთ. სცადეთ მიტანის სერვისით სარგებლობა, იყიდეთ უკვე დაჭრილი პროდუქტები. როგორც კი სახლში მიხვალთ, ქურქის გახდამდე ან ჩანთის კუთხეში მოსროლამდე, ჩართეთ ქურა და წყლიანი ქვაბი დადგით ცეცხლზე. რას მოამზადებ? ვინ იცის. მაგრამ, სამაგიეროდ, როდესაც ბავშვებს თავიანთ ადგილებზე გაანაწილებთ და სამზარეულოში მობრუნდებით, რაიმეს მომზადებისთვის ნამდვილად იქნებით მზად.

სცადეთ სტრატეგიული წახემსება. თუკი სამსახურიდან დამშეული მოდიხართ ან ბავშვები სწრაფი კვების გამოძახებას გთხოვენ, ასეთი შემთხვევებისთვის, მზად გქონდეთ სასუსნავები: ჩირი, თხილეული. შეინახეთ ისინი ჩანთაში ან მანქანაში და სანამ სადილი გამზადდება, თავის შექცევასაც მოასწრებთ. ასევე, სასარგებლოა შენახული გქონდეთ სტაფილოს ჩხირები, ფორთოხალი ან ჭიქა რძე, რომ სადილამდე სულის მოთქმა ყველამ მოასწროთ და მავნე კვებისგანაც დაიზღვიოთ თავი.

დაასაქმეთ ოჯახის ყველა წევრი. რაც უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს ოჯახური სადილის სამზადისში, მით გემრიელად მიირთმევენ შემდეგ. სანამ თქვენ სადილს ამზადებთ, დაავალეთ პატარებს, გააწყონ სუფრა, დაჭრან სალათი, გადახედონ რეცეპტების წიგნს…

ექსტრემალურ სიტუაციებში: არაუშავს ომლეტსა და სალათს. გაყინული ხილიც მისაღებია და ბოსტნეულიც – მოხარშავთ და მალევე იქნება მზად, მოასხამთ სოუსს და მიირთმევთ. ასეთ დროს იგრძნობთ თავდაჯერებულობას, რომ არც არავინ დარჩა მშიერი და არც მავნე საკვების ჭამა მოგიწიათ.

ოჯახური სადილის მნიშვნელობა. თუკი გსურთ, რომ ყველა გრძნობდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახური სადილი, გააკეთეთ ჩანაწერი, მაგალითად, მაცივარზე მისაკრობ სტიკერზე და დააწერეთ “ოჯახური სადილი” ან რაიმე ამგვარი. ასე ხაზს გაუსვამთ ერთად შეკრებისა და საკვების გაზიარების მნიშვნელობას.

ყურადღებით მოეკიდეთ ქცევას, ისევე, როგორც თავად საკვებს. ასწავლეთ ბავშვებს დანა-ჩანგლის სწორად მოხმარება და სუფრასთან მოქცევის წესები. მიაჩვიეთ ბავშვები, მოიცადონ, სანამ სხვები მოუსხდებიან სუფრას, არ გააწყვეტინონ სიტყვა მოსაუბრეს, პირი ხელსაწმენდით გაიწმინდონ და გადაუხადონ მადლობა მას, ვინც თეფშს მოაწვდის. იფიქრეთ ბავშვების მომავალზე, როდესაც ამ ყველაფრის ცოდნა მათ ძალიან წაადგებათ.

შეეცადეთ შექმნათ განწყობა. ოჯახური სადილი უნდა იყოს ურთიერთობისა და დადებითი განწყობის გაზიარების ადგილი და არა ვალდებულება. ასე რომ, განეწყვეთ დადებითად. გამოიყენეთ ეს დრო კარგი ამბების მოსაყოლად, სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ. ნუ მოუწყობთ ბავშვებს დაკითხვას. დაე, მათ თავად გადაწყვიტონ, რაზე სურთ საუბარი.

ნუ გაახანგრძლივებთ პროცესს. ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის ძალიან ძნელია დიდხანს ერთ ადგილას ჯდომა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზრდილობიანი მანერები მალე დაავიწყდებათ და ხასიათი გაუფუჭდებათ. ნუ გააჯანჯლებთ სადილს, რათა შეძლოთ ამ რიტუალის ხშირად შესრულება.

 

წყარო: HBR



განხილვა