გასულ კვირას, ფეისბუკმა Messenger Rooms აამოქმედა და მისი დატესტვა უკვე ბევრმა მოვასწარით. ეს იყო ნაბიჯი Zoom-ის კონკურენტობისკენ, თუმცა, კომპანია აქ როდი ჩერდება. ის მის მიერ შექმნილ Slack-ის კონკურენტს, სახელად Workplace ვიდეოზარების ფუნქციას ამატებს. ეს იქნება Workplace Rooms, როგორც ვირტუალური შეხვედრის ადგილი, სადაც Workpace-ის მომხმარებლებს 50-მდე ადამიანთან ერთდროულად დაკავშირება შეეძლებათ. Workpace-ის შესახებ განთავსებულ ოფიციალურ ბლოგში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების საფუძველი პლატფორმის ფასიანი მომხმარებლების 5 მილიონამდე გაზრდაა.

აღსანიშნავია, რომ Workplace Rooms-ში გამართული ვიდეოშეხვედრებისთვის არ არის განსაზღვრული ხანგრძლივობა. გარდა ამისა, იმისათვის, რომ აქ გამართულ შეხვედრას შეუერთდეთ, არ არის აუცილებელი Workplace-ის ანგარიში გქონდეთ. ვიდეოზარის ორგანიზატორს თქვენთვის შეხვედრის ბმულის გამოგზავნა ნებისმიერი გზით შეუძლია. სიახლე მოიცავს ეკრანის გაზიარების ფუნქციასაც, რაც კოლაბორაციას ამარტივებს. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც შეხვედრას ყველა მონაწილე შეუერთდება, შეგიძლიათ „ოთახი“ დაკეტოთ. ან გამოთიშოთ შეხვედრას მონაწილე (თუ ამას აუცილებლობა მოითხოვს).

ფუნქცია Rooms Workplace-ის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ივნისის განმავლობაში გახდება.