in

თბილისში ვორქშოპი „როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი?!” ტარდება 

27 ივნისს, 19:00-ზე ვორქშოპიროგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი?!“ ჩატარდება, რომელიც ალექს ოსტერვალდერისა და ივ პინიეს ბესთსელერში – „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ – განხილულ მეთოდოლოგიებს ეფუძნება. ღონისძიება საკონსულტაციო სააგენტო „ჯეპრასა“ და „ლურჯი ოკეანეს“ ორგანიზებით, სასტუმრო „იოტაში“ იმართება. ორგანიზატორების თქმით, ეს ბიზნესმოდელის პირველი ვორქშოპია საქართველოში.

„აღნიშნული მეთოდები უკვე 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა წარმატებით გამოიყენა პრაქტიკაში და 250-ზე მეტ წამყვან უნივერსიტეტში ისწავლება. ეს არის წიგნი, რომელიც მკითხველების გონებაში ერთგვარ ტრანსფორმაციას ახდენს. ის ცვლის ბიზნესის აღქმას, დაგანახებთ არსებულ კომპანიებს თუ თქვენს იდეის დონეზე მყოფ ბიზნესებს სრულიად ახალი რაკურსიდან, მიგახვედრებთ, სად უნდა ეძებოთ ინოვაცია, როგორ შეამოწმოთ სწრაფად და მარტივად თქვენი იდეების სიცოცხლისუნარიანობა და წარმატების შანსი. ამ ყველაფრისთვის წიგნი გთავაზობთ უმარტივეს მეთოდებს, თავისი ინსტრუქციებით, რომლებსაც შეგიძლიათ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ კითხვის პროცესშივე და გამოცადოთ პრაქტიკაში“.

ვორქშოპის ფარგლებში, „ჯეპრას“ დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი და წიგნის [„როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“] ქართული გამოცემის კონსულტანტი ის ისაუბრებს თემებზე:

  • რა არის ბიზნესმოდელის ტილო და როგორ გვეხმარება ის ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნაში
  • რა იწვევს კომპანიების წარუმატებლობას, როგორ ავიცილოთ ეს თავიდან და რა განსაზღვრავს წარმატებას
  • სად ვეძებოთ ინოვაცია უკვე არსებულ თუ ახალ ბიზნესში
  • მსოფლიოს ლიდერი კომპანიების ბიზნესმოდელები და მათი ინოვაციები
  • ორგანიზაციის ბიზნესმოდელიდან პერსონალურ ბიზნესმოდელამდე – როგორ დავგეგმოთ, შევქმნათ და ვმართოთ პერსონალური კარიერა
  • ბიზნესმოდელის ტილოს შევსების ნაბიჯები და ინსტრუქცია

„დღესდღეობით აღარ არის საკმარისი გქონდეთ მხოლოდ კარგი პროდუქტი ან სერვისი, აუცილებელია სწორი ბიზნესმოდელი, რომელიც მუდმივი ზრდის საშუალებას მოგცემთ. ერთ-ერთ უნივერსიტეტში პრეზენტაციის ჩატარების დროს, მსმენელმა პირდაპირ მითხრა, ეს მეთოდოლოგია რომ მქონოდა, 10 წელს არ დავკარგავდიო. ბიზნესმოდელის ინოვაციური მიდგომები და ინსტრუმენტები გეხმარებათ სწორად შეაფასოთ თქვენი ორგანიზაციის დღეს არსებული მდგომარეობა და ზუსტად განსაზღვროთ წარმატების ფორმულა ინოვაციური ცვლილებების შესაბამისად“ – ამბობს სოსო გალუმაშვილი.

ტრენერი, ლექტორი და ავტორი წიგნისა „ელექტრონული კომერცია, თეორია და პრაქტიკა“ გიორგი ყანჩაველი კი, ვორქშოპზე შემდეგ თემებს განიხილავს:

  • ბიზნესმოდელის ტილოს გამოყენების ძირითადი ნაბიჯები
  • ტაობაოს მაგალითზე განხილული პრაქტიკული მეთოდოლოგია

ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება განკუთვნილია ბიზნესმენების, ტოპ მენეჯმენტის, პროდუქტისა და სერვისის განვითარებაზე მომუშავე პირებისთვის, ასევე პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტებისთვის, მათთვის, ვისაც აქვს სტარტაპი, ახლა იწყებს ბიზნესს ან სურს უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს არსებული პროდუქტი და სერვისი.

ვორქშოპზე დასასწრებად ბილეთები უკვე იყიდება. კომპანიებისთვის მოქმედებს კორპორატიული ფასდაკლება – ბილეთის ფასი 30₾ . სტუდენტური ფასდაკლებით – ბილეთი 20₾ . ვორქშოპზე სტუმრებს საშუალება ექნებათ შეიძინონ წიგნი „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ 25%-იანი ფასდაკლებით.

რობოტი იხვი, რომელიც ბრინჯის პლანტაციებს სარეველებისგან ასუფთავებს

„აი, რა არ მიყვარს!“ – კამპანია „მაკდონალდსის“ წინააღმდეგ