in

წიგნის საერთაშორისო დღე, როგორც მრავალწლიანი ტრადიცია

“არც ერთი მეგობარი არაა ისეთი ერთგული, როგორც კარგი წიგნი,” – ამბობდა ჰემინგუეი. მართლაც, წიგნებს სხვანაირი მაგია აქვთ, ფაქტობრივად, არასდროს გიღალატებენ – ყველაზე ცუდ პერიოდშიც კი. ვისაც ამის არ სჯეროდა, კარანტინი სულ ცოტათი მაინც შეუცვლიდა აზრს, რადგან გვინდა თუ არ გვინდა, ბოლოს ალბათ მაინც წიგნებამდე მივდივართ. მივდივართ იმისთვის, რომ ვიმოგზაუროთ და ახალ-ახალი სამყაროები აღმოვაჩინოთ..

დღეს 23 აპრილია – წიგნის საერთაშორისო დღე. 2019 წელს ამ დღეს საქართველოში ასევე დაწესდა წიგნის ჩუქების დღეც, რომლის მიზანიც საქართველოში ზოგადად წიგნის და წიგნიერების პოპულარიზაცია იყო. რაც შეეხება წიგნის საერთაშორისო დღეს, ის სათავეს 1923 წლიდან იღებს. ამ დღის იდეა პირველად ერთ-ერთმა ესპანელმა მწერალმა გააჟღერა, რისი საფუძველიც მიგელ დე სერვანტესის პატივისცემა და დაფასება იყო. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ წიგნის საერთაშორისო დღის თარიღად 23 აპრილი – მიგელ დე სერვანტესის, უილიამ შექსპირისა და გარსილასო დე ლა ვეგას გარდაცვალების რიცხვი აირჩიეს.

სწორედ ამ დღეს დამკვიდრდა წიგნების და ვარდების ჩუქების ტრადიციაც – კატალონიაში კაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიდნენ, ქალები კი – წიგნებს. ამით ისინი მიანიშნებდნენ, რომ წიგნები შეუცვლელი რამ იყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქალები მხოლოდ რჩეულ მამაკაცებს ჩუქნიდნენ წიგნებს. მით უმეტეს, რომ წიგნი იმ დროისთვის ფუფუნების საგანს წარმოადგენდა.

წლების განმავლობაში 23 აპრილი ეთმობოდა იმაზე საუბარს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი ადამიანისთვის და რამხელა გავლენა აქვს მას ზოგადად კაცობრიობაზე. ასწლეულების წინანდელმა ტრადიციამ იმდენად შეინარჩუნა თავისი პირვანდელი სახე, რომ 1995 წელს იუნესკომ ეს დღე ოფიციალურად გამოაცხადა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველო 2003 წელს შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, რომლებიც ამ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ. 23 აპრილის აღსანიშნავად კი საქართველოში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია სხვადასხვა ღონისძიებას მართავს.

იცოდით, რომ ყოველწლურად დაახლოებით 2.2 მილიონი ახალი ნაწარმოები იბეჭდება? ზემოთ აღვნიშნეთ, წიგნები ოდესღაც ფუფუნების საგნები იყოო – ახლაც არის, თუმცა შინაარსობრივად, რადგანაც მატერიალურად დღეს უფრო მეტად ხელმისაწვდომია. წიგნები ყოველთვის იყო, არის და იქნება ფუფუნება.

დღესდღეობით ერთ-ერთ პირველ წიგნებად მოაზრებულია: გუტენბერგის ბიბლია, მადრიდის კოდექსი, სიდური – ებრაულ ლოცვათა წიგნი, კელტების წიგნი, ეტრუსკების ოქროს წიგნი და ა.შ ისინი ასწლეულებსა და ათასწლეულებს ითვლიან.

სიდური
ეტრუსკების ოქროს წიგნი
მადრიდის კოდექსი

სამწუხაროა, რომ წლევანდელ 23 აპრილს სხვებისთვის წიგნების ჩუქება არ შეგვიძლია, თუმცა, საბედნიეროდ, სხვადასხვა პლატფორმებიდან უფასოდ შეგვიძლია, გადმოვწეროთ მათი პდფ ვერსიები და გავუზიაროთ სხვებსაც. ახლა ხომ იმაზე მეტი დრო გვაქვს წიგნების კითხვისთვის, ვიდრე ოდესმე გვქონია..

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

Google გეტყვით, თუ თქვენი ძიების შედეგი არარელევანტურია

როგორი იყო ჩვენთვის საყვარელი წიგნების პირველი გამოცემები?