17
Sep
2019

მსოფლიო დასუფთავების დღე, როგორც ტრადიცია

17 Sep 2019

რატომ შეიძლება პროტესტი გაგვიჩნდეს ბუნებაში დაგდებულ ნარჩენზე? – იმიტომ, რომ ის ბუნების ნაწილი არ არის. ხომ ასე მარტივად ჟღერს? თუმცა, რატომღაც დღეს მსოფლიოში ნარჩენების პრობლემა მწვავედ დგას. იქაც კი, სადაც გგონიათ, რომ მაქსიმალურად ჯანსაღი გარემოა, აუცილებლად მოკრავთ თვალს ცელოფნებსა და პლასტმასის ბოთლებს. როგორ მიდიან და იბუდებენ ეს ნარჩენები ბუნებაში? ამ კითხვაზე ადამიანის გარდა, სხვა პასუხი არ არსებობს.

თითქმის ყველა ადამიანს აქვს დედამიწაზე თავისი ადგილი, რომელსაც სახლს უწოდებს. ჩვენი სახლი კონკრეტულ ქუჩაზე, კონკრეტულ ქალაქში, რეგიონსა და ქვეყანაშია. ჩვენი სახლი დედამიწას ეკუთვნის და ერთგვარად ეს იმის დასტურია, რომ თავად დედამიწაა ჩვენი სახლი. და ლოგიკურია, რომ როგორც ჩვენი სახლის დანაგვიანება არ გვინდება, არც ჩვენი მასშტაბური სახლის – დედამიწის დანაგვიანება უნდა მოგვინდეს. ეს სწორედ ის სახლია, რომელიც უამრავ რესურსს გვაძლევს იმისთვის, რომ განა უბრალოდ ვიარსებოთ, არამედ ვიცხოვროთ..

სტატისტიკების გადახედვის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი მდგომარეობით ყველაზე დაბინძურებულ ადგილებად ინდოეთი, სამხრეთ ამერიკა, აფრიკისა და შუა აზიის ქვეყნები მოიაზრება. ზოგიერთ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის დასუფთავების კულტურა ფესვგადგმული.. თუმცა, არსებობს ისეთი ადგილებიც, სადაც ამ პრობლემაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. ამის ერთ-ერთი მაგალითი ესტონეთია.

11 წლის წინ ესტონეთში მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის იდეა დაიბადა. ეს იდეა კი მოქალაქეების მიერ ხელში საჭირო ინვენტარის აღებასა და ქვეყნის დასუფთავებას გულისხმობდა. მოხდა ისე, რომ 2008 წელს ამ აზრით გულანთებულმა 50 000-მდე ადამიანმა ესტონეთი 5 საათში დაასუფთავა. სწორედ ამ დღეს ჩამოყალიბდა სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც დროთა განმავლობაში საერთაშორისო მოძრაობად იქცა. ყველაფერ ამის შედეგად კი შემუშავდა ფორმულა – “ერთი დღე ერთი ქვეყნისთვის”, რომელიც ყოველი წლის სექტემბერში ხორციელდება და მას დღეს მსოფლიო დასუფთავების დღე ჰქვია.

2008 წლის შემდეგ დასუფთავების დღე მრავალი მოხალისესთვის თუ ლიდერისთვის იქცა ერთგვარ ინსპირაციად, მსოფლიო უკეთესი გამხდარიყო. სწორედ ამ მიზეზით სხვადასხვა ეროვნების ადამიანებმა დაივიწყეს კულტურული თუ რელიგიური განსხვავებები და დაიწყეს ერთი მიზნისთვის ბრძოლა. მოკლედ რომ ვთქვათ – პლანეტაზე ზრუნვამ მსოფლიო ხალხები გააერთიანა. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ დღეს სამოქალაქო საზოგადოება, გლობალური კორპორაციები, მთავრობები, საუდის არაბეთში მცხოვრები ქალები, სირიასა და იემენში ომის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხი, მუსლიმანები, ებრაელები, ინდუსები და ქრისტიანები და უბრალოდ კაცები, ქალები და ბავშვები ერთად ასუფთავებენ გარემოს სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში.

მსოფლიო დასუფთავების დღე საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელსაც გლობალური ორგანიზაცია “Let’s Do It” (LDIW) ახორციელებს. ამ ორგანიზაციაში დღესდღეობით 157 ქვეყანაა გაერთიანებული. თითოეულ ქვეყანაში ლიდერები სპეციალურად ემზადებიან ამ დღისთვის. მუშაობის პროცესში კი უამრავი მოხალისე ერთვება ხოლმე. ლიდერები სხვადასხვა სფეროდან შეიძლება მოგვევლინონ: ისინი შეიძლება იყვნენ როგორც აქტიური გარემოსდამცველები, ისე სოციალური ბარიერების წინააღმდეგ მებრძოლი ქალები, სხვადასხვა დიდი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ა.შ ორგანიზაცია LDIW კი ცდილობს, ამ საქმეში ჩართულ ხალხს თავისი რჩევები და გამოცდილება გაუზიაროს.

2018 წელს მსოფლიო დასუფთავების დღედ 15 სექტემბერი გამოცხადდა. ამ დღეს 157 ქვეყნიდან რეკორდული რაოდენობის ადამიანმა – 18-მა მილიონმა დაასუფთავა დედამიწა. 2018 წელსვე მსოფლიო დასუფთავების დღე UNESCO-მ დააჯილდოვა კატეგორიაში: მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

დროთა განმავლობაში ორგანიზაცია Let’s Do It-მა საკუთარი პრინციპები ჩამოაყალიბა:

თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ კერძო სექტორის, კორპორაციებისა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ნარჩენების ადგილი ბუნებაში არ არის – ”თუ გსურთ სწრაფად წასვლა, წადით მარტო, თუ გსურთ შორს წასვლა – წადით ერთად.”

პოზიტივი: რადგანაც ჩვენ გვსურს, პოზიტიური ცვლილება გამოვიწვიოთ დედამიწაზე, პოზიტიური განწყობით ვმუშაობთ.

ლიდერობა: ყველას შეუძლია იყოს ლიდერი, თუკი ამ პოზიციისთვის საჭირო უნარებს განივითარებს. ჩვენ ლიდერების ახალი თაობის გაძლიერებას ვცდილობთ, რომელთა მიზანიც ნარჩენებისგან გათავისუფლებული სამყაროს შექმნა იქნება და ამისთვის ლოკალურ და გლობალურ დონეზე იმუშავებენ.

ტექნოლოგია: ჩვენ მუდმივად ვაახლებთ ჩვენს ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ მოხალისეების მხრიდან ჩართულობა მაქსიმალურად გავზარდოთ.

გართობა: ჩვენ ვალაგებთ და ვასუფთავებთ დედამიწას და, ამავდროულად, ამით ვხალისობთ კიდეც. საქმესთან ერთად გართობა ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი კომპონენტია.

წელს მსოფლიო დასუფთავების დღედ 21 სექტემბერია გამოცხადებული. აღსანიშნავია, რომ დასუფთავების ღონისძიებებში საქართველოც აქტიურად ჩაერთვება.

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

განხილვა