in

ბაკურიანმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გამართულ მსოფლიო თასის ეტაპებს ღირსეულად უმასპინძლა

„მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებას საქართველოს სამთო კურორტმა ღირსეულად უმასპინძლა – ეტაპები ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა“

ბაკურიანი მსოფლიო საკურორტო რუკაზე გამოჩნდა – ალბათ, ეს შეფასება გადაჭარბებული არ იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმ შეფასებებს, რაც სქი-ქროსისა და სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპებს მოჰყვა. შეჯიბრებებში 20-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ შორის – ავსტრიიდან, ბელგიიდან, კანადიდან, ჩეხეთიდან, იაპონიიდან, ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, შვეიცარიიდან, ა.შ.შ.-დან და სხვა.

„ასეთი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებას საქართველოს სამთო კურორტმა პირველად უმასპინძლა, შესაბამისად, ამას ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ამით, მოხდა ქვეყნის პოზიციონირება – საქართველომ, მსოფლიო რუკაზე, ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა, ზამთრის ტურიზმის მიმართულებით“. 

მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ირაკლი ჭირაქაძე ამბობს, რომ მსოფლიო თასის ეტაპების წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან 2023 წელს, საქართველოში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი თხილამურითა და სნოუბორდით, თავისუფალი სტილით სრიალში. ამ რანგის ჩემპიონატის ღირსეულად მასპინძლობა კი ქვეყნის იმიჯსა და შესაძლებლობებზე მხოლოდ დადებითად აისახება.

„ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას მზად დავხვდით, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით. რეკორდულად მოკლე დროში ავაშენეთ სამი ახალი საბაგირო, გათოვლიანების სისტემა, შევიძინეთ სპეც-ტექნიკა, უსაფრთხოების ინვენტარი. ის ინფრასტრუქტურა კი, რომელიც აშენდა, რჩება კურორტს. შესაბამისად, ბაკურიანი გახდება ერთ-ერთი საუკეთესო, კურორტი აღმოსავლეთ ევროპაში. 24-საათიანი შრომის შედეგად, მსოფლიო თასის ეტაპებს მომზადებულები დავხვდით და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებისგან მაღალი შეფასებებიც დავიმსახურეთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოცდა ღირსეულად ჩავაბარეთ“, – ამბობს ირაკლი ჭირაქაძე.

როგორც სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზუკა კოსტავა ამბობს, მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებული სატესტო შეჯიბრებები სხვადასხვა დისციპლინაში, პანდემიის პირობებშიც კი, წარმატებით ჩატარდა.

„მაშინ როდესაც, მთელს მსოფლიოში გაუქმდა ძალიან ბევრი ზამთრის ღონისძიება, ჩვენ ოთხი მსოფლიო თასის ეტაპი ჩავატარეთ და თან – ღირსეულად. კმაყოფილები არიან როგორც დელეგატები, ისე – მონაწილეები. ეს ჩვენთვის სტიმულია, ვუახლოვდებით იმ დიდ ინდუსტრიას, რასაც ჰქვია ზამთრის სპორტის განვითარება“, – ამბობს ზუკა კოსტავა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გამართული შეჯიბრებები COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდა.

„მოხარული ვარ, რომ მეორეჯერ ვიმყოფები საქართველოში. ყველა ძალიან მოტივირებულია, შეჯიბრი ძალიან კარგად ჩატარდა, ყველა ბედნიერი და ღიმილიანია. დიდი მადლობა საქართველოს“, – ამბობს პასკალ პერე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ტექნიკური დელეგატი.

„ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ჩატარებული მსოფლიო თასის ეტაპებით, შეჯიბრისთვის ტრასა კარგად იყო მომზადებული. ნამდვილად მაღალი დონის სატესტო ღონისძიებები გამოვიდა, რომელიც აჩვენებს საქართველოს მზაობას, ინფრასტრუქტურული და საორგანიზაციო კუთხით, 2023 წლის ჩემპიონატისთვის. სპორტსმენებისგან და გუნდებისგან ჩვენ მხოლოდ კარგი გამოხმაურებები გვაქვს“, – ამბობს უვე ბაიერი, FIS-ის სნოუბორდ ქროსის მიმართულების დირექტორი.

შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების პარტნიორი კი კომპანია „სილქნეტი“ გახლდათ.

Metro Goldwyn Mayer-მა ლოგოში ნამდვილი ლომი გრაფიკული გამოსახულებით ჩაანაცვლა

„ჩვენც დიდი ბავშვები ვართ, ვინც ვეძებთ და ვპოულობთ იმას, რაც პატარების „გულსუნდა“