World Marketing Summit (WMS), რომლის მიზანიც „მარკეტინგის საშუალებით უკეთესი სამყაროს შექმნაა”, მორიგი ღონისძიებისთვის ემზადება. ის ამა წლის 6-7 ნოემბერს ჩატარდება, რომლის მთავარი თემაც გახლავთ – Ideas for Critical Times. მასშტაბური, საერთაშორისო ღონისძიება 150-ზე მეტ სპიკერს მოიცავს 100-ზე მეტი ქვეყნიდან და წელს პირველად მასზე ქართველი მომხსენებლებიც წარდგებიან. სპიკერები საგულდაგულოდ შერჩეული, თავის საქმეში ცნობილი და პროფესიონალი ადამიანები არიან. ამას ისეთი სახელებიც მოწმობს, როგორებიცაა: დევიდ ააკერი, რომელიც თანამედროვე ბრენდინგის მამადაა აღიარებული; მარშალ გოლდსმიტი – Executive Coach; Prof. David Reibstein, Wharton Business School; ვაშინგტონ ოლივეტო – საკულტო ფიგურა სარეკლამო ინდუსტრიაში და კანის ლომების ფესტივალის 50 ჯილდოს მფლობელი. რაც შეეხება ქართველებს, თუ ვინ იქნებიან მათ რიგებში, ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა მოკლე ხანში მათ ვინაობასაც გავიგებთ.
მას შემდეგ, რაც 2020 წელს პანდემიის გამო სამიტი ონლაინ ფორმატზე გადავიდა, ის წელსაც ამ ფორმით ჩატარდება, თუმცა ცნობილია, რომ მომავალი წლიდან მისი ფიზიკურ სივრცეში გამართვა იგეგმება. მეტიც, რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვა სამიტის მასპინძლობის სურვილი. ესენია: უზბეკეთი, იტალია და გერმანია.
შეგახსენებთ, რომ World Marketing Summit დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა. ის თანამედროვე მარკეტინგის ფუძემდებლის, ფილიპ კოტლერის მიერ შეიქმნა და პირველად 2012 წელს ბანგლადეშში, დაკაში ჩატარდა, სადაც მას 6000-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. ამ დროიდან მოყოლებული, სამიტი სულ უფრო მასშტაბური ხდებოდა, იზრდებოდა დელეგატების რაოდენობა, ემატებოდა ახალ-ახალი ქვეყნები და სპიკერები.
გასული წლის ღონისძიებაც საკმაოდ დატვირთული და შთამბეჭდავი იყო. მისმა მაჩვენებელმა უპრეცედენტო რიცხვებს მიაღწია. სამიტს 160 ქვეყნის 101 სპიკერი ესწრებოდა, ის 48-საათიან ლაივსტრიმში იყო გაშვებული, რომელსაც 50 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს.
წლევანდელ ღონისძიებაზე, გარდა იმისა, რომ პირველად ქართველი სპიკერებიც გამოვლენ, ქართველი სტუდენტებისთვისაც სასიამოვნო სიახლეა. Kolter Impact-ს ინიციატივით, საქართველოში არსებულ ყველა სტუდენტს, ვისაც სამიტზე დასწრება სურს, უფასო ბილეთი გადაეცემა.
დანარჩენი დაინტერესებული პირებისთვის კი ბილეთების შეძენა ამ ვებსაიტზეა შესაძლებელი. ამისთვის საჭიროა, რომ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, რის შემდეგაც სპეციალურ პრომოკოდს მიიღებთ.