in

WorldEx – ქართული კომპანია, რომელიც სანდო პარტნიორობას გიწევთ გლობალურ ლოჯისტიკაში

სტრატეგიული მდებარეობის გამო, საქართველოს ყოველთვის განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებში. დღეს, როდესაც „აბრეშუმის გზის!“ კონცეფცია კვლავაც აქტუალურია, ქართული კომპანიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში. WorldEx – ქართული სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიაა, რომელიც უკვე 18 წელია ოპერირებს ამ სფეროში და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ლოჯისტიკურ პროცესებში. ის უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის გადაზიდვებს (საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო, სარკინიგზო), საბაჟო გაფორმებას, საბაჟო საწყობის მომსახურებას, თხევადი და საპროექტო ტვირთების გადაზიდვას. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში, ფილიალი კი – ფოთში. უახლოეს მომავალში, კომპანია საერთაშორისო წარმომადგენლობების გახსნას გეგმავს. დეტალებზე WorldEx-ის გენერალური მენეჯერი გიგა ცისკარიშვილი გვესაუბრა.

M: გიგა, თქვენი კომპანია უკვე თითქმის ორი ათწლეულია ბაზარზეა. საინტერესოა, როგორ ჩამოყალიბდა WorldEx იმ სახით, როგორსაც დღეს ვხედავთ?

კომპანიას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს – 2007 წლიდან ვფუნქციონირებთ. თავდაპირველად, ჩვენი საქმიანობა ვიწრო პროფილით დავიწყეთ – ძირითადად, ავტომობილების შესყიდვებსა და გადაზიდვებს ვაწარმოებდით. თუმცა, 2012 წლიდან ჩვენი სერვისების გაფართოება დავიწყეთ და მთლიანად გადაზიდვებზე კონცენტრირდით.

ამჟამად გვაქვს ოფისები თბილისში და ფოთში. გვყავს ტრაილერებისა და სატვირთო კონტეინერების საკუთარი პარკი. ვახორციელებთ გადაზიდვებს საქართველოდან კავკასიის ქვეყნებში – აზერბაიჯანსა და სომხეთში. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ შუა აზიის მიმართულებით – ვუძღვებით გადაზიდვებს ყაზახეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის მიმართულებით როგორც სახმელეთო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით.

M: რა სახის მომსახურებას სთავაზობთ დღეს თქვენს კლიენტებს და რით გამოირჩევით ბაზარზე?

ჩვენ ვთავაზობთ სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების სრულ სპექტრს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით: საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტით.

საზღვაო მიმართულებით, ვახორციელებთ როგორც საკონტეინერო, ისე არასაკონტეინერო ტვირთების გადაზიდვას. განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ მივეკუთვნებით კომპანიების იმ მცირე რიცხვს, რომელიც ტვირთის ტრანსპორტირებას საკუთარი ნაკრები კონტეინერებით უძღვება, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან – როტერდამიდან, ამერიკიდან, ჩინეთიდან, სინგაპურიდან, ინდონეზიიდან, მალაიზიიდან, ავსტრალიიდან, ოკეანეთიდან, აფრიკიდან… ხდება ტვირთის მოგროვება, ფოთის პორტში ტრანსპორტირება, შემდეგ დასაწყობება თბილისის საწყობში, საბაჟო ზონის მახლობლად, და საბოლოოდ – კავკასიის ქვეყნებში განაწილება.

ასევე, გვაქვს საკუთარი საბაჟო საწყობები და შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალი, რომელიც საბროკერო-საბაჟო პროცედურებს აწარმოებს. უზრუნველვყოფთ ტვირთების დეკლარირებას, გაფორმებასა და საექსპორტო რეჟიმში მოქცევას. გარდა ამისა, ვახორციელებთ საჰაერო გადაზიდვებს მსოფლიოს ნებისმიერი აეროპორტის მიმართულებით და ვთავაზობთ კარიდან კარამდე მიტანის სერვისსაც.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვართ რამდენიმე საერთაშორისო საექსპედიტორო ასოციაციის წევრი. მათ შორის Universal Freight Organisation (UFO), რომელიც ექსკლუზიური ქსელია სათავო ოფისით ლონდონში და ევროპის ბაზარზეა ორიენტირებული. ამ გაერთიანებაში ყოველი ქვეყნიდან მხოლოდ ერთი კომპანიაა წარმოდგენილი, რაც საშუალებას გვაძლევს, გვყავდეს სანდო აგენტები ამ ქვეყნებში. დღეისათვის ვართ ოთხი მსხვილი ასოციაციის წევრი. ასევე, ახლახან შევუერთდით Digital Freight Alliance-ს, რომელიც წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას. ეს ორგანიზაციები გვეხმარებიან, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ვიყოთ წარმოდგენილები.

M: ორი ათწლეულის განმავლობაში უდავოდ ბევრი რამ შეიცვალა გლობალურ ლოჯისტიკაში. როგორ აისახა ეს ცვლილებები თქვენს საქმიანობაზე და რა შესაძლებლობები გაჩნდა ბაზარზე?

როგორც აღვნიშნე, 18 წლის წინ საქმიანობა ავტოიმპორტით დავიწყეთ, თუმცა შემდეგ გავფართოვდით, რათა ჩვენი მომხმარებლების ყველა საჭიროებას ვუპასუხოთ. დღეისათვის, ძირითადად ორიენტირებული ვართ ტრანზიტულ ტვირთებზე. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა შუა აზიის მიმართულებით და ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, რომ ეფექტურად გამოვიყენოთ საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი.

საერთაშორისო შეხვედრებზე პარტნიორებს მუდმივად ვთავაზობთ ტვირთების გადმომისამართებას ჩვენს მარშრუტზე. მიმდინარე გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ბევრი ტვირთი, რომელიც ადრე რუსეთის გავლით გადაადგილდებოდა, ახლა ალტერნატიულ მარშრუტებს საჭიროებს. სწორედ აქ წარმოადგენს საქართველო მნიშვნელოვან ალტერნატივას.

უკვე ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის ტვირთებია გადმომისამართებული, რის გამოც ხშირად გვაქვს რიგები კასპიის ზღვაზე და აზერბაიჯანის საზღვარზე. ამ მხრივ მნიშვნელოვნად გაიზარდა ტვირთბრუნვა, რაც პორტის სტატისტიკიდანაც ნათლად ჩანს. ჩვენი კომპანიისთვის ეს კარგი შესაძლებლობაა, რადგან ძირითადად ტრანზიტზე ვართ ორიენტირებული და ეს სექტორი მნიშვნელოვნად ვითარდება.

M: როგორც ახსენეთ, ლოჯისტიკური ბიზნესი დიდწილად ეფუძნება ნდობას და ადამიანურ ურთიერთობებს. როგორ ახერხებთ სანდო პარტნიორის რეპუტაციის შენარჩუნებას?

ჩვენი სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს. საერთაშორისო ბიზნესში, განსაკუთრებით ჩვენს სფეროში, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პირად კონტაქტებს. დამერწმუნეთ, გაცილებით მეტად მოქმედებს და მეტ სანდოობას იწვევს, როდესაც ადამიანს პირადად ხვდები, რაც ყოველთვის დიდ შედეგებს მოაქვს.

ყოველი საერთაშორისო ვიზიტის შემდეგ ვაფასებთ შედეგებს, ვინარჩუნებთ კონტაქტს ყველასთან, ვისაც შევხვდით და ვაანალიზებთ, რამდენად იზრდება ჩვენი შესაძლებლობები ამ შეხვედრების შედეგად.

ჩვენ საკმაოდ კარგი რეპუტაცია გვაქვს ბაზარზე და ამას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. უკვე მრავალი წელია ვმოღვაწეობთ ამ სფეროში და სანდოობა ჩვენი მთავარი ღირებულებაა.

ვთანამშრომლობთ კასპიის ზღვის რეგიონის ყველა ნავთობმომპოვებელ კომპანიასთან, რომელთა უმრავლესობა ამერიკული კომპანიაა. მათთვის ვაწარმოებთ მანქანა-დანადგარების ტრანსპორტირებას. ასევე სპეციალიზებული ვართ მსხვილგაბარიტიანი და მაღალწონიანი ტვირთების ტრანსპორტირებაზე – ვაკეთებთ ამისთვის საჭირო ნებართვებს და ვახდენთ ტვირთების გაცილების ორგანიზებას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ვართ Maersk Project Logistics-ის აგენტები. ეს დანიური კომპანია ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა ამ გადაზიდვების სფეროში მსოფლიოს მასშტაბით.

M: თქვენი კომპანიის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად გრძელვადიანი პარტნიორობა მოიაზრება…

წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა მჭიდრო ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენთვის ძირითადად საერთაშორისო დამკვეთებია პრიორიტეტული, თუმცა, რა თქმა უნდა, გვყავს ადგილობრივი მომხმარებლებიც, რომლებთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და მჭიდრო საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.

ჩვენი სტრატეგიული მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის“ ნაწილის, სატრანზიტო პოტენციალი. გვსურს, უფრო აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილები აზერბაიჯანის გავლით, კასპიის ზღვის გადაკვეთით, შუა აზიის ქვეყნებში.

ვგეგმავთ ფილიალების გახსნას ყაზახეთსა და უზბეკეთში. სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ალმაატაში ფილიალი გვექნება, ამ ქვეყნებში ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ.

ამჟამად, ჩვენი ძირითადი შემკვეთები არიან საერთაშორისო პარტნიორები. მოლოდინი გვაქვს, რომ პირდაპირ გავიდეთ ამ ბაზრებზე და გვყავდეს ადგილობრივი დამკვეთებიც, რაც უფრო მეტ შეკვეთას მოგვიტანს. გვსურს, რომ ადგილობრივი მომხმარებლიდანაც წამოვიდეს შეკვეთები და თანამშრომლობა.

M: გეგმების განხორციელების შემდეგ, როგორ შეიცვლება თქვენი კომპანიის პოზიციონირება რეგიონულ ბაზარზე და რა უპირატესობებს მოგიტანთ ეს ცვლილებები კონკურენტულ გარემოში?

პოზიციებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ვგეგმავთ წარმომადგენლობის გახსნას აქტაუში. აქტაუ და ტურქმენბაში მდებარეობს კასპიის ზღვაზე, საიდანაც ხდება ყაზახეთისა და თურქმენეთის ტერიტორიაზე შესვლა. კასპიის ზღვიდან შევდივართ შუა აზიის ქვეყნებში და პორტშიც გვექნება წარმომადგენლობა, რაც მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებს.

ამჟამად, ამ პორტებში გვყავს მეორე და მესამე დამატებითი რგოლები, მაგრამ სამომავლოდ, ჩვენ თვითონ, პირადად ვიქნებით წარმოდგენილი. ჩვენი კომპანიის ფილიალი იქნება ადგილზე და ამ მესამე რგოლებს გამოვრიცხავთ, რაც უფრო კონკურენტუნარიანს გაგვხდის.

[R]

თიბისის ბიზნესმომხმარებლად დარეგისტრირება უკვე ბიზნესმობაილბანკით, 90 წამშია შესაძლებელი

ვუგულშემატკივროთ ქართველ ჯუდოკებს ევროპის ჩემპიონატზე – საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია