25
Jun
2019

მსოფლიოში პირველი „თვალების ენა“ – პარალიზებული ადამიანების „საუბრის“ გზა

25 Jun 2019

არსებობს რამდენიმე დაავადება (NMD, ლეის სინდრომი, ზურგის ტვინის დაზიანებები), რომლის გადატანის შედეგადაც ადამიანები პარალიზებულები რჩებიან. პარალიზება გულისხმობს ნერვული სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების გავლენით, სხვადასხვა კუნთის ფუნქციის მოშლას/გაჩერებას, მათ შორის კი, ზოგ შემთხვევაში, მეტყველების უნარის დაკარგვასაც. მსგავს სიტუაციაში მყოფი პაციენტები სტაციონარში, ან სახლში ყოფნისას კომუნიკაციას ვერ ამყარებენ გარშემომყოფებთან, ვერ გადმოსცემენ ინფორმაციას მათი მდგომარეობისა თუ განწყობის შესახებ. პაციენტის უკუკავშირი მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის მხრიდან, შესაბამისი დახმარების აღმოჩენის საკითხშიც. მაგალითად, პაციენტს შეიძლება უნდოდეს წოლისას პოზიციის შეცვლა, მეორე გვერდზე დაწოლა, თუმცა, ამის შესახებ ვერაფრით გააგებინებს ექთანს, რომელის მის გვერდით დგას. ასევე, შესაძლოა პარალიზებული ადამიანი კრიტიკულად ცუდად გრძნობდეს თავს, თუმცა, ამის შესახებაც ვერ გადმოსცემს ინფორმაციას.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ადამიანებისთვის თვალი და მის გარემო განლაგებული კუნთები ერთადერთია, რაც სიცოცხლის ბოლომდე არ წყვეტს ფუნქციონირებას. ამ ფაქტის გათვალისწინებითა და პარალიზებული ადამიანების მიმართ არსებული ემპათიის გავლენით, ინდოელმა მკვლევარებმა შექმნეს სახელმძღვანელო – მსოფლიოში პირველი „თვალების ენა“, რომლის დახმარებითაც პარალიზებულ ადამიანს შეუძლია ისაუბროს საკუთარ მდგომარეობებზე, საჭიროებებსა თუ განწყობაზე. „თვალების ენის“ ანბანი 8 სიმბოლოსგან და თვალის 50 მოძრაობისგან შედგება, რომელთა კომბინაციებითაც პაციენტებს შეუძლიათ თქვან – არა, კი, არ ვარ კარგად, დაუძახე ექიმს, საფრთხეა, გართობა მინდა, მიყვარხარ და ა.შ. 

 

როგორ აღვიქვათ თვალის ხამხამი, ან მოძრაობა საუბრად? ამისთვის „თვალების ენა“ უნდა ვისწავლოთ და რა თქმა უნდა, ვასწავლოთ ჩვენს პარალიზებულ პაციენტებსა თუ ახლობლებს.

„თვალების ენა“ ახალი გლობალური ენაა, რომელიც ინდოეთში, ორგანიზაცია Asha Ek Hope-ისა და NeuroGen Brain & Spine ინსტიტუტის თანამშრომლობით შეიქმნა. ენის შემქმნელები, სრულიად უსასყიდლოდ, დღემდე ატარებენ ტრენინგებს პარალიზებული ადამიანებისა და მათი მხარდამჭერი ახლობლებისთვის. ისინი, ვისაც მხოლოდ თვალის მოძრაობა შეუძლიათ, უკვე თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადმოცემასაც შეძლებენ.

„თვალების ენის“ სახელმძღვანელო უფასოდაა ხელმისაწვდომი და მისი ინგლისურენოვანი ვერსიის გადმოწერა ამ ბმულიდან შეგიძლიათ.

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა