ახალი წელი და საშობაო ბაზრობა აქამდე ერთმანეთის განუყოფელი ნაწილი იყო ხოლმე, თუმცა, როგორც უკვე იცით, საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო ბევრმა მცირე მეწარმემ თქვა უარი ამ ბაზრობებში მონაწილეობაზე. შედეგად, მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებამ მათ ფინანსურ მდგომარეობას დიდი ზიანი მიაყენა, რაც განსაკუთრებით მწვავედ აისახება ამ მეწარმეებზე წინა საახალწლო პერიოდში. სწორედ ამიტომ „ვაუჩიმ” გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეეტანა ამ მცირე ბიზნესების დახმარებაში.
ვაუჩი ციფრული სასაჩუქრე ვაუჩერების პლატფორმაა, რომელზეც შესაძლებელია ვაუჩერების შეძენა და ადრესატისთვის გაგზავნა. ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს მომხმარებელს შეუძლია, სულ რამდენიმე წამში აარჩიოს სასურველი ვაუჩერი და სპეციალური პრომოკოდი გაუგზავნოს სასურველ ადამიანს. ამისთვის კი მას მხოლოდ ადრესატის ტელეფონის ნომრის მითითება სჭირდება. ვებსაიტზე ბრენდები შემდეგ კატეგორიებად იყო დაყოფილი: აქსესუარები, ტექნიკა, თავის მოვლა და ა.შ. ახლა კი ახალი კატეგორია დაემატა – „გაფიცულები”.
ეს იმიტომ, რომ კომპანიამ გადაწყვიტა, უსასყიდლოდ დახმარებოდა გაფიცულ მეწარმეებს და წვლილი შეეტანა მათი მცირე ბიზნესის გადარჩენაში. ვაუჩის კატალოგში, გაფიცულების კატეგორიაში, ამჟამად 13 ბრენდია წარმოდგენილი, თუმცა ვაუჩიში გვეუბნებიან, რომ სურთ, სხვა მეწარმეებსაც მიაწვდინონ ხმა და უთხრან, რომ ვაუჩის პლატფორმა ღიაა მათთვის.
ჩვენ ვნახეთ, საზოგადოება რამდენად მოტივირებულია, რომ დახმარების ხელი გაუწოდოს ყველას. ჩვენ ვნახეთ, როგორ ყიდულობდა ხალხი გაუქმებული სპექტაკლების ბილეთებს, რომ არტისტებისთვის მხარდაჭერა გამოეხატათ…ჩვენი ვაუჩერების შემთხვევაშიც, თუ ადამიანს არ ჰყავს კონკრეტული ადრესატი სასაჩუქრედ, მაგრამ სურს მხარდაჭერის გამოხატვა, მას შეუძლია, საკუთარ თავს გაუგზავნოს სასაჩუქრე ბარათი თავისი ნომრის მითითებით, რითაც მყისიერ შემოსავლის წყაროს გაუჩენს ამ მცირე მეწარმეებს, თვითონ კი ნებისმიერ დროს შეძლებს ამ ბარათის განაღდებას, რადგან ჩვენს სასაჩუქრე ბარათებს საკმაოდ ხანგრძლივი ვადა აქვს”, – აცხადებენ ვაუჩიში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.