11
Apr
2019

ვინ არის Leavingstone-ის ახალი დირექტორი?

11 Apr 2019

ფოლკერ ვრაგე

კრეატიული სააგენტო “ლივინგსტონის” ახალი დირექტორი ფოლკერ ვრაგე გახდა. ფოლკერ ვრაგე 20 წელზე მეტია საკომუნიკაცო სფეროში მოღვაწეობს. ის თანამშრომლობდა ისეთ საერთაშორისო სააგენტოებთან, როგორებიცაა McCann, Publicis, Ogilvy, Saatchi & Saatchi, Leo Burnett, Havas. მუშაობდა გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთსა და შვეიცარიაში. რამდენიმე წლის წინ, მან საკონსულტაციო და სარეკლამო სააგენტო Wrage/Antwort გახსნა. ფოლკერ ვრაგე საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალების, მათ შორის “კანის ლომების”, ხშირი სტუმარია. მას კარგად იცნობენ ქართული სარეკლამო ფესტივალის Ad Black Sea მონაწილეებიც – 2015 წლიდან მოყოლებული, ფოლკერ ვრაგე ფესტივალის ჟიურის პრეზიდენტია. უკვე ოთხი წელია, ფოლკერ ვრაგე საკუთარ შთაბეჭდილებებს, ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს ქართველ კრეატორებს შთამაგონებელი სემინარების, ვორკშოპებისა და პანელური დისკუსიების სახით.

სააგენტო “ლივინგსტონში” ფოლკერ ვრაგე პირველად 2017 წლის შემოდგომაზე მიიწვიეს. ერთი თვის განმავლობაში, ის გუნდს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა და კრეატიული პროცესის მართვაში ეხმარებოდა. როგორც თავად ამბობს, საქართველოში სამუშაოდ გადმოსვლა სამმა ფაქტორმა განაპირობა:

“პირველ რიგში, მეგობრობამ. ლევან ლეფსვერიძე ორი წლის წინ გავიცანი, რამდენიმე თვის შემდეგ კი, მის გუნდსაც შევხვდი. მათთან ერთად მუშაობა და დროის გატარება ძალიან მსიამოვნებს. ამასთან, ლივინგსტონი უნიკალური კომპანიაა და მე ღრმად მწამს იმის, რასაც ისინი აკეთებენ. ვამაყობ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. მესამე ფაქტორი თავად საქართველოა (და თბილისი). მიყვარს აქ ყოფნა და დარწმუნებული ვარ, აქ დიდი პოტენციალი და შესაძლებლობებია.”

დღესდღეობით, “ლივინგსტონს” კანის კრეატიულ ფესტივალზე ორი ბრინჯაოს ლომი აქვს მოპოვებული. მის ანგარიშზეა საერთაშორისო ფესტივალებზე მოპოვებული 134 ჯილდო. 2018 წელს, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ ACAG “ლივინგსტონი” წლის სააგენტოდ დაასახელა. რა გამოწვევების წინაშეა სააგენტო და მისი ახალი დირექტორი და როგორ აღმოჩნდა ფოლკერ ვრაგე შვეიცარიიდან საქართველოში, ქართულ სააგენტოში? დეტალებზე ფოლკერ ვრაგეს ვესაუბრეთ.

M: Ad Black Sea 2017-ზე თქვენ განაცხადეთ, რომ საკუთარ სააგენტოს სახელით დაიწყეთ მუშაობა. რამ გადაგაწყვეტინათ კვლავაც გეთანამშრომლათ სხვა სააგენტოსთან?

თავის დროზე, მქონდა მიზეზი უარი მეთქვა სარეკლამო კომპანიებში მუშაობაზე და საკუთარი გამეხსნა. ტოქსიკური ხელმძღვანელები, ინოვაციის ნაკლებობა, მოძველებული სტრუქტურა და განვითარების ნულოვანი შანსი – ერთი სული მქონდა ამ გარემოს გავცლოდი. “ლივინგსტონში” ყველაფერი პირიქითაა. არაჩვეულებრივი კოლეგები მყავს, ყოველდღიურად ვსწავლობ მათგან. თავად კომპანიაც ინოვატორია და გამორჩეული სამუშაო გარემოს შექმნის საშუალებას იძლევა.

საქართველოში მუშაობა არასოდეს მქონია გეგმაში, თუმცა კარგია, რომ ასე მოხდა. ამ შედარებით პატარა ქვეყანაში კრეატივისა და განვითარებისკენ ლტოლვის ხვედრითი წილი ძალიან დიდია. არსებობის საკმაოდ მცირე დროის განმავლობაში, ინდუსტრიამ ძალიან გრძელი გზა განვლო და გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს წინ. ვფიქრობ, თბილისი იდეალური ადგილია ბიზნესის საკეთებლად, როგორც რეგიონული მასშტაბით, ისე კავკასიის მიღმაც. აქ მაგარი ამბები დატრიალდება.

M: როგორია თქვენი ხედვა და გეგმები “ლივინგსტონში”?

“ლივინგსტონს” უზარმაზარი პოტენციალი აქვს და მსურს ვაჩვენო, როგორ აკეთონ თავიანთი საქმე გლობალურ დონეზე. გვაქვს დიდი რესურსი, გავხდეთ საერთაშორისო კომპანია. დღესდღეობით, ჩვენი ნამუშევრების 10% საერთაშორისო კლიენტებისთვისაა შექმნილი. ამ ხვედრით წილს მნიშვნელოვნად გავზრდით და უსათუოდ გავალთ საქართველოს ფარგლებს გარეთ. სულ მალე დავფუძნდებით ბერლინში და უკვე ვეძებთ ამ რეგიონის ქვეყნებს, სადაც გავხსნით წარმომადგენლობას. საამისოდ, გვჭირდება ბევრი მუშაობა, სტრუქტურისა და პროცესების დახვეწა და უფრო მეტი მსოფლიო დონის სპეციალისტის შემოერთება.

M: მოსალოდნელია ცვლილებები “ლივინგსტონის” სტრატეგიაში?

ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც “ლივინგსტონის” მთავარი სტრატეგია უნდა შეიცვალოს. სააგენტოსთან თანამშრომლობა იმის გამო არ დამიწყია, რომ მას ახალი სტრატეგია ესაჭიროება, არამედ გვსურს არსებული სტრატეგია პრაქტიკაში გადმოვიტანოთ. გვსურს, საუკეთესო შესაძლო შედეგი დავანახოთ ჩვენს ქართველ კლიენტებს და გავიზარდოთ საერთაშორისო ბაზარზე.

M: რა გამოწვევებს ხედავთ საქართველოში, ქართულ სააგენტოში მუშაობისას?

ბუნებრივია, აქ მუშაობა არ ჰგავს შვეიცარიაში ან გერმანიაში მუშაობას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში შედარებით ცუდი გარემოა. პირიქით, ბევრი რამ ცენტრალურ ევროპაზე მეტად მომწონს. აქ არის ანტრეპრენუარული სული, დიდი ენერგია, განვითარებისა და ახლის სწავლის წყურვილი. ამ ყველაფერს მე შემიძლია დავამატო ცოდნა, სტრუქტურა და სტაბილურობა, შემდეგ კი შთავაგონო და ავუმაღლო მოტივაცია. ეს მშვენიერი კომბინაციაა.

M: ამ დროისთვის, რა არის თქვენი უმთავრესი მიზანი?

“ლივინგსტონში” უზარმაზარი პოტენციალია და ჩემი მთავარი მიზანია, ავამუშავო ეს პოტენციალი სააგენტოსთვის, ინდუსტრიისთვის და ქვეყნისთვის. გვინდა, “ლივინგსტონი” ვაქციოთ წარმატებულ საერთაშორისო კომპანიად.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა