21
Sep
2017

ფოლკერ ვრაგეს კონსულტაცია და ტრენინგები „ლივინგსტონისთვის” – როგორ აფასებს მსოფლიოს მასშტაბით საკომუნიკაციო სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ქართულ სარეკლამო ინდუსტრიას?!

21 Sep 2017

„საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის  კრეატიული  ნამუშევრები  რეკლამის ტრადიციულ ჩარჩოებს სცდება. ეს სტანდარტული გზების ჯანსაღი უარყოფა და კონცეპტუალური შემოქმედების მაღალი დონეა. ათეულობით წლის გამოცდილების უქონლობა, შესაძლოა, ზოჯერ სასარგებლო იყოს. თუმცა, როგორც წესი, მთავარი გამოწვევაც სწორედ ეს არის ხოლმე”, – ამბობს ფოლკერ ვრაგე, საკონსულტაციო კომპანია Wrage/Antwort-ის დამფუძნებელი, რომელიც საკომუნიკაციო სააგენტო „ლივინგსტონს”, ერთი თვის მანძილზე, უზიარებდა საკუთარ გამოცდილებას, უწევდა კონსულტაციას და ეხმარებოდა კრეატიული პროცესის მართვაში.

ფოლკერ ვრაგეს აქვს საკომუნიკაციო სფეროში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. იყო სხვადასხვა გავლენიანი სარეკლამო სააგენტოების კრეატიული დირექტორი და მთავარი კრეატიული დირექტორი. თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: McCann, Publicis, Ogilvy და Havas. ცხოვრობდა და მუშაობდა გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთსა და შვეიცარიაში. ახლა დროის ძირითად ნაწილს საკუთარ სააგენტოს უთმობს. ფოლკერ ვრაგე ასევე მუშაობს კომპანიაში Ghostlamp, რომელიც Influencer Marketing-ის პლატფორმას წარმოადგენს. საკომუნიკაციო სფეროს გარდა, არის DJ და დიდი მელომანი. აღსანიშნავია, რომ ფოლკერ ვრაგე საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალ AD Black Sea 2017-ის  სპიკერია, თუმცა, სტუმრების წინაშე ის დიჯეის ამპლუაშიც წარდგება.

„ლივინგსტონის” დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ლეფსვერიძე ამბობს, რომ ფოლკერ ვრაგე თბილისში სარეკლამო ფესტივალის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ჩამოვიდა და  სააგენტოს წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა: „გაგვიწია „მენტორშიპი”.  ფოლკერი გვეხმარებოდა კრეატიული პროცესის გამართვაში. მოგეხსენებათ, „ლივინგსტონი”, როგორც სააგენტო, ძალიან სწრაფად იზრდება. შესაბამისად, სააგენტოში არსებული წესებისა და პროცედურების იდეალურად გამართვისთვის გამოცდილი პროფესიონალის რჩევები ნამდვილად სასარგებლოა. საქართველოში სარეკლამო ინდუსტრია ძალიან ახალგარზდაა, საბაზრო ეკონომიკის 25 წელი არ არის საკმარისი, რომ ჩამოყალიბდეს მუშაობის კულტურა. უმრავლესობა ჩვენგანს არ უნახავს ის სამუშაო კულტურა, რაც ევროპაში უკვე 50-60 წელია სისხლში აქვთ გამჯდარი. ფოლკერი, გვიზიარებდა თავის გამოცდილებას და ცდილობდა, დეტალებში ჩაღრმავებით,  ჩვენთვის „ხეზე ცოცვა”ესწავლებინა. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, დაგვეხმარება, ვიყოთ უფრო ეფექტურები, სწრაფები და დახვეწილები. ამ ერთი თვის განმავლობაში, ფოლკერი მთელს „ლივინგსტონს” (120 ადამიანი) კონსულტაციებს საოპერაციო პროცესების ნაწილში გვიწევდა. გვიხსნიდა, როგორ  დავხვეწოთ პრეზენტაციის უნარები, „თაიმ” მენეჯმენტი, შემოქმედებითი პროცესი და ა.შ. გარდა ამისა,  ჩართული იყო კრეატიული დეპარტამენტის ქოუჩინგში. მიმდინარე „თასქების” გათვალისწინებით,  ჩვენს თანამშრომლებს პერსონალურ კონსულტაციასაც უწევდა”.

ფოლკერ ვრაგე ამბობს, რომ მასზე საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარების დონემ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა: „განსაკუთრებით მაშინ, თუ გავითვალისწინებთ, ქვეყანაში საომარი მოქმედებებიდან 10 წელიც არ გასულა.  ამ პერიოდში დარგი ისე განვითარდა, რომ საქართველო, ბოლო 3  წელია, კანის საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებულთა შორისაა. საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის კრეატიული  ნამუშევრები  რეკლამის ტრადიციულ ჩარჩოებს სცდება. ეს სტანდარტული გზების ჯანსაღი უარყოფა და კონცეპტუალური შემოქმედების მაღალი დონეა. ათეულობით წლების გამოცდილების უქონლობა, შესაძლოა სასარგებლო იყოს”.

თუმცა, ფოლკერ ვრაგე ამბობს, რომ  ხშირ შემთხვევაში, მთავარი გამოწვევაც სწორედ გამოუცდელობა ხდება: 

„ამ დროს გიწევს, გაიგო მეტი სარეკლამო ინდუსტრიის  სტრუქტურაზე, წესებზე, სტანდარტებსა და მიმდინარე პროცესებზე. ეს ყველაფერი შემოქმედებას  არ ზღუდავს,  პირიქით, ახალისებს მას. კრეატივს ქაოსის სინონიმი არ არის. ის  პრობლემის ელეგანტური მოხდენილი და ინსპირაციული ფორმაა. საქართველომ უკვე დაიმკვიდრა ადგილი შემოქმედებითი ინდუსტრიის გლობალურ რუკაზე. თუმცა, ეს ქვეყანა სარეკლამო ინდუსტრიის მიღმაც დიდ ყურადღებას იპყრობს. აქ სულ უფრო მეტი ადამიანი ჩამოდის და ქვეყნის უნიკალურობით ტკბება. რაც შეეხება სარეკლამო ინდუსტრიას,  ვფიქრობ,  ამ სფეროს წარმომადგენლები უნდა გაერთიანდნენ, რომ შეინარჩუნონ არსებული იმპულსები და განვითარდნენ, უნდა შექმნან საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანი ნამუშევრები და წარდგნენ მსოფლიო სარეკლამო სცენაზე. გარდა ამისა, მგონია, რომ სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეუძლიათ  იმუშაონ ერთად ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და კრეატივი მხოლოდ კამპანიებს დაგეგმვისას არ გამოიყენონ”.

განხილვა