ავტომობილი, რომელზეც დღეს მოგიყვებით, მის მძღოლებს, როგორც წესი, ძალიან უყვართ. ცოტა ბრენდს თუ ნახავთ ისეთს, რომელსაც იმ რაოდენობის ფანკლუბი და ფორუმი აქვს, როგორიც მას. მომხმარებლები ამბობენ, რომ ამაყობენ თავიანთი მანქანით და თითქოს მათთვის ერთგვარი სტატუსია, რომ სწორედ ამ მარკის ავტომობილში სხედან. საუბარია Wrangler-ზე, მშობელი ბრენდის Jeep-ის ერთ-ერთ გამორჩეულ მოდელზე, რომელიც ცალკე სამყაროა ავტომობილების ისტორიაში.
პირველი გამოჩენა
ეს 1987 წელს მოხდა და გამოჩენის დღიდან ერთ-ერთ ყველაზე საკულტო მანქანად იქცა. ასევე ცნობილი როგორც YJ, TJ, JK, Wrangler თავდაპირველად შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის ჯიპის მანქანის მემკვიდრედ, მაგრამ დროთა განმავლობაში განახლდა. აღსანიშნავია, რომ ამ წელს ის გამოვიდა, როგორც Chevrolet პიკაპის განახლებული ვარიანტი, თუმცა 1992 წლიდან ოფიციალურად გადავიდა Jeep’s Toledo North Assembly-ის ქარხნის მფლობელობაში, რომელიც ოჰაიოში მდებარეობდა.

გაძლიერება
მანქანის დღევანდელი რეპუტაცია off-road-თან, ავტოსპორტის ერთ-ერთ სახეობასთან არის დაკავშირებული, რომელიც გზის დაუფარავ ზედაპირზე, ტალახსა და კლდეებზე გადაადგილებას გულისხმობს, თუმცა პირველად გამოსული „ვრანგლერი” ასეთი დანიშნულების არ იყო და ის ისე იყო აწყობილი, როგორც ჩვეულებრივი, საგზაო მანქანა, შედარებით ძლიერი სხვა მსუბუქ ავტომობილებთან.
ავტომობილის სიმძლავრე გაიზარდა 2.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ან 4.2-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ძრავის შემოღებით, რომელსაც ავტომატიკის შემთხვევაში, 3-სიჩქარიანი, ხოლო მექანიკის 5-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი ჰქონდა. მომდევნო წლების განმავლობაში, მისი მშობელი კომპანია Jeep ცდილობდა, მუდმივად ეფიქრა, მის მეტად გაძლიერებაზე და მანქანის მგზავრების კომფორტზე, რასაც ემსახურებოდა უკანა ღვედების დამატება და დაბლოკვის საწინააღმდეგო მუხრუჭები.
1997-2006: Jeep Wrangler TJ
1997 წელს ჯიპმა წარმოადგინა Wrangler-ის ახალი თაობა TJ. ეს ვერსია ხაზს უსვამდა მრგვალი ფარების დაბრუნებას, თუმცა არ წარმოადგენდა წინა მოდელის სრულ რედიზაინს, არამედ ის უბრალოდ განახლებული ვარიანტი იყო.
ახალ მოდელს ჰქონდა უკეთესი სტრუქტურა: მაღალ ადგილებზე ასვლისას ნაკლები ხმაური, ტემპერატურის კონტროლი სალონში, თანამედროვე ლუქი და სხვა. დახვეწილი სიახლეები მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა Wrangler-ს. მას გამოუჩნდა ბევრი ერთგული მომხმარებელი, რომელიც დღემდე არ ღალატობს მას.

Wrangler JK
2007 წელს ჯიპმა მთლიანად შეცვალა Wrangler-ის დიზაინი. ახალი მანქანა უფრო მაღალი, განიერი და გრძელი იყო და უფრო გრძელი დისტანციით მოძრაობდა. იგი შექმნილია იმისთვის, რომ კიდევ უფრო კომფორტული ყოფილიყო ვიდრე TJ და შემოგვთავაზა უსაფრთხოების ფუნქციები, როგორიცაა სტაბილურობისა და წევის კონტროლი. ვრანგლერმა ამ მოდელით ასევე პირველად გამოუშვა ოთხკარიანი მანქანა და უნდა ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილებაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
JK ასევე იყო Wrangler-ის პირველი თაობა, რომელიც შექმნილია AMC-ის ნაწილების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ 4-ცილინდრიანი ძრავა 3.8-მდე ჩამოიყვანა. ასევე გარკვეული ცვლილებები შეიტანა გადაცემათა კოლოფშიც. მყიდველებს არჩევანის გაკეთება შეეძლოთ 6-სიჩქარიან მექანიკურ ან 4-სიჩქარიან ავტომატიკურ მოდელებს შორის.

ამ მოდელს ხშირი ინტენსივობით იყენებდნენ აფრიკაში გადასაადგილებლადაც და ამ მხრივაც, იგი ფასდებოდა, როგორც უფრო ცივილიზებული და მოსახერხებელი, ვიდრე წინამორბედები. მანქანა არის სანდო და თავდაჯერების მიმცემი მძროლისა და მგზავრებისათვის.
Jeep Wrangler JL – 2018 წლიდან დღემდე
JL-მა „ვრანგლერელების” ერთგვარი თაობა შექმნა. ის ფოკუსირებულია ყველა წინა მანქანის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე. მას აქვს მაღალი სიმტკიცის ფოლადისგან დამზადებული ფოლადის კორპუსი, ალუმინის ძრავის წინა ნაწილი, კარები და საქარე მინის ჩარჩო. უკანა კარი კი მაგნიუმისგანაა დამზადებული. მისი ძრავა არის 4-ცილინდრიანი ტურბო და რვასიჩქარიანი ავტომატიკური გადაცემის კოლოფი, თუმცა მასთან ერთად, მექანიკის მოყვარულებისთვის 6-სიჩქარიან მოდელსაც სთავაზობს.
JL ასევე იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიურ სისტემას, როგორიცაა: სენსორული საინფორმაციო-გასართობი სისტემა, უკანა პარკირების სენსორები და მონიტორინგი ცუდი ხილვადობისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ Wranlger JL სრულიად მოდერნიზებულია, ის თავისი ამოსავალი კონცეფტის ერთგული რჩება – მძლავრია ე.წ. უგზოო გზებზე და ერთგულია პირველადი მოდელის ხედვებისა. ბრენდი ლეგენდად იქცა სწორედ ამ თავისი მახასიათებლით – ევლო ყველგან, სადაც სხვები ვერ მიდიოდნენ, ამიტომ მისი მომხმარებლები იმედოვნებენ, რომ ის არასოდეს გადაუხვევს ამ პოზიციიდან.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი










