16
Aug
2019

წრეში ბურთი – ანა ღვინიანიძე, #აზრები

16 Aug 2019

M2
M2


„წრეში ბურთი“ რომ გვეთამაშა, უნდა განგვესაზღვრა, რომელი ჩვენგანი იქნებოდა „არჩევანი“ და რომელი – „არადანი.“

ეს ამოცანა, ძირითადად, ორგვარად წყდებოდა. თუ პირველი წამოიყვირებდი – „არჩევანი, “„არჩევანის“ როლი გერგებოდა, თუ „არჩევანს“ „არადანით“ უპასუხებდი, „არადანის“ როლი გხვდებოდა წილად.

თუ ვერ ვთანხმდებოდით, ვინ რომელ როლს შეითავსებდა, ჩვენ შორის აუცილებლად გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც შემოგვთავაზებდა: „მოდით, გავითვალოთ.“

„ერთი, ორი, სამი, სამი კაპიტანი…“

„ბებია ყიდის „კევებს,“ ნაირ – ნაირ ფერებს. რომელი გინდა შენ? ამოირჩიე.“

თუ ფერი შენ უნდა დაგესახელებინა, ცდილობდი, ისეთი ფერი შეგერჩია, რომ თან ისინი არ გაგენაწყენებინა, ვისთანაც მეტ საერთოს გრძნობდი, თან როლები შენი სურვილისამებრ განაწილებულიყო. თითქოს, არაწინასწარმეტყველებადი იყო, საბოლოოდ, ვის ერგებოდა კონკრეტული როლი. თუმცა, თუ სწრაფად გადაითვლიდი მონაწილეებისა და ფერის დასახელებაში შემავალი ასო – ბგერების რაოდენობას, მეტ – ნაკლებად განსაზღვრავდი, რომელი ფერი დაგესახელებინა იმისათვის, რომ სასურველი შედეგისთვის მიგეღწია. თუმცა, ვერ განსაზღვრავდი, რომელი მონაწილიდან დაიწყებდა ათვლას ის, ვინც გაითვლიდა. სხვა მონაწილეებიც გაჩქარებდნენ, რადგან გამოთვლა რაღაც ძირეულს ეწინააღმდეგებოდა, რაც გათვლაში დევს − გათვლა გამოთვლა არაა.

გათვლის შედეგად განაწილებული როლების შეცვლა კვლავ გათვლით შეიძლებოდა. გათვლის შედეგი ისეთი რამაა, რაც შემთხვევითია და, აქედან გამომდინარე, მისაღები. გათვლაში მე ვერ გავითვალისწინებ, შენ რამდენჯერ გითამაშია „წრეში ბურთი“ ან აქამდე რამდენჯერ იყავი „არჩევანი“ ან „არადანი.“

შემთხვევითობის ძალა წყვეტდა, რომელ როლს შეითავსებდი ამჯერად.

თითოეული ჩვენგანიც, შემთხვევითობას დამორჩილებული, თუ სრულიად მშვიდად არა, რამდენადმე მშვიდად მაინც ვიღებდით ჩვენთვის მოკუთვნებულ როლს. ამავდროულად, არცერთი ჩვენგანი არ იყო პასუხისმგებელი, ვის რა როლი ერგებოდა. შესაბამისად, პასუხისმგებლობა შემთხვევითობას მიეწერებოდა.

გადაწყვეტილებების მიღების დროს, ადამიანები ხშირად განიცდიან შფოთვას. მათ, ერთი მხრივ, სურთ სასურველ ადამიანთან ურთიერთობა, დაწინაურება, ნივთი და ა. შ., მეორე მხრივ, სასურველთან დაახლოება მოიაზრებს დანაკლისს, ანუ სანაცვლოს გაცემას. ეს შეიძლება იყოს თანხა, ნაკლები თავისუფალი დრო, სხვადასხვაგვარი ურთიერთობის შეზღუდვა, ადამიანების დამოკიდებულების ცვლილება. თითოეული ჩვენგანი დანაკლისს სხვადასხვაგვარად უმკლავდება. ზოგიერთისთვის დანაკლისი გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილია, ზოგიერთისთვის − ხელის შემშლელი დათრგუნვილობის წყარო. ზოგიერთ ჩვენგანს სწამს, რომ დანაკლისის გარეშეც შეიძლებოდა.

„რომელი კაბა ვიყიდო [იმ ოცდაათი კაბიდან, რომელიც უკანასკნელი სამი საათის მანძილზე ვნახე და იმ ოციდან, რომელიც მომეწონა]?,“ „რამდენად „ჭკვიანი“ უნდა იყოს ტელეფონი იმისათვის, რომ ჩემი საჭიროებების უმრავლესობას შეესაბამებოდეს [ამ ნივთით ირგვლივმყოფების აღფრთოვანებაა ჩემი გაუცნობიერებელი სურვილი, ის სტატუსი, რომელიც ამ ტელეფონს მწარმოებელმა დაუკავშირა, თუ კონკრეტული ფუნქცები]?,“ „რომელი კერძი მინდა შევუკვეთო წარმოდგენილი მენიუდან ისეთი, რომელიც, მომეწონება [და არ დამებადება განცდა, რომ ფული ტყუილად გადავყარე]?“

ეს ის გადაწყვეტილებებია, რომელთა შედეგებიც, ადამიანების უმრავლესობაში, ძლიერ ემოციურ დატვირთვას არ იწვევს და მათთან გამკლავება წარმატებით შეუძლია.

მნიშვნელოვან დანაკლისს უკავშირდება ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა საგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიის, მეწყვილის არჩევა.

შფოთვა იმატებს, რადგან რასაც სასურველთან დაახლოებას ვუკავშირებ, ზოგჯერ ძლიერ შფოთვას იწვევს. მეშინია წარმოსახული დანაკლისის ან დანაკლისის, რომელიც აუცილებლად მოჰყვება სასურველთან დაახლოებას. ვორჭოფობ, ნამდვილად იყო თუ არა ჩემი გადაწყვეტილება გონივრული.

„ხომ არ გავითვალო?“

შესაძლოა, სრულყოფილი შესატყვისის ძიებაში ავირ – დავირიო, დიდმა არჩევანმა (თუნდაც, შეზღუდულმა) დამაბნიოს და მომიცვას განცდამ, რომ არსებობს რაღაც და ვიღაც ისეთი, ვინც ჩემს ყველა სურვილს, საჭიროებას და მოლოდინს შეესაბამება და ამართლებს.

შესაბამისად, დროდადრო ან იქნებ, საკმაოდ ხშირად ვუბრუნდები გადაწყვეტილების სისწორეზე ფიქრს. იმაზე ფიქრი კი, რომ შეიძლებოდა, მცდარი გადაწყვეტილება მიმეღო, მტანჯავს, მაშფოთებს, ზოგჯერ ბრალეულობის აუტანელ განცდას აღმიძრავს.

როდესაც ვცდილობ, გადავწყვიტო, ვისთან განვაგრძო ურთიერთობა, ვისთან ურთიერთობას მივუძღვნა ძალისხმევა, შესაძლოა, ვიფიქრო: „დრო გვაჩვენებს,“ „როგორც სიტუაცია გადაწყვეტს,“ „თუ განათლებულია, მაშინ კეთილიცაა,“ „გარეგნულად თუ ასეთი და ასეთია, მაშინ სანდოა,“ „თუ ჩემი თანამოაზრე არაა, მაშინ ჩემი მტერია,“ „თუ მან მიაღწია წარმატებას, მეც მივაღწევ“ და ა. შ. 

ეს რწმენებიც გათვლას მაგონებს, რადგან არ იცი, არის თუ არა შენი არჩეული „ფერი“ (მაგალითად, გარეგნული მახასიათებლები) მოვლენების ისე განვითარების წინაპირობა, როგორც შენ გინდა, ანუ ნამდვილად დაკმაყოფილდება თუ არა კონკრეტული გარეგნული მახასიათებლების მქონე ადამიანთან ურთიერთობის დროს, შენი ძირეული მოთხოვნილებები და, შესაბამისად, რა როლი გერგება შენ. შენ გწამს, რომ შენი რწმენები წინასაწრმეტყველებადობას ქმნის ისევე, როგორც ბავშვობაში შენი არჩეული ფერი. თუმცა, იცოდი, რომ ვერ გათვლიდი, რომელი მონაწილიდან დაიწყებდა ათვლას გამთვლელი.

ჩემი უმცროსი დეიდაშვილი ზღაპრის მოსმენისას ზღაპრის მთხრობელს კითხვებს უსვამდა გმირებზე: „ეს კეთილია, თუ ბოროტი?“

კარგია თუ არა, რომ ასეთ მსჯელობებს ვეყრდნობით?

როდის − როგორ… გათვლასავით.


ანა ღვინიანიძე, ფსიქოლოგი, საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოების თანადამფუძნებელი

განხილვა