მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) ახალი ანგარიშის თანახმად, განვითარებულ სამყაროში მცხოვრებ ადამიანებს მაინც შეუძლიათ მიირთვან გემრიელი ჰამბურგერი ისე, რომ პლანეტა არ გაანადგურონ. ამისათვის მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო — მათი მოხმარება კვირაში ორი ნორმალური ზომის ბურგერამდე უნდა შემცირდეს.
გარდა ამისა, კიდევ ერთი მკაცრი მითითება არსებობს: ეს ორი ჰამბურგერი ერთადერთი ხორცი უნდა იყოს, რომელსაც მთელი კვირის განმავლობაში მიირთმევთ. მოხსენებისთვის მკვლევრებმა გამოიკვლიეს ზუსტად რამდენი, უფრო სწორად, რამდენად მცირე პროგრესია მიღწეული კლიმატის 40 სხვადასხვა ინდიკატორთან დაკავშირებით.
მოხსენების თანახმად, თუ ადამიანებს სურთ, თავიდან აიცილონ ყველაზე უარესი კლიმატური კატასტროფები, ბევრი რთული საქმის გაკეთება გაცილებით მოკლე დროშია აუცილებელი, ვიდრე ამჟამად ვაკეთებთ — მაგალითად, მკვეთრად უნდა შემცირდეს ტყეების გაჩეხვის მაჩვენებელი, წიაღისეული საწვავის გამოყენების სწრაფი ზრდა კი ნამდვილად შემაშფოთებელია.
„მსოფლიომ დაინახა განადგურება, რომელიც მხოლოდ 1,1ºC-ით იყო გამოწვეული. მარტივად რომ ვთქვათ, ხარისხის ყოველ ნაწილს აქვს მნიშვნელობა ადამიანებისა და პლანეტის დასაცავად ბრძოლაში“, — განმარტა მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა. ანი დასგუპტამ.
რაც შეეხება ხორცის მოხმარების შეზღუდვას, მკვლევრები, ისევე როგორც მრავალი სხვა, ასახელებენ სასოფლო-სამეურნეო ემისიებს — ფენომენს, რომელიც იმპულსს იძენს ინდუსტრიალიზაციის შემდეგ. ეს სექტორში შეშფოთების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. თანაც, ქოლესტერინის ფაქტორსაც თუ გავითვალისწინებთ, კვირაში ორზე მეტი ბურგერის ჭამის იდეა არც უნდა გვხიბლავდეს.