წარმატება – ზოგი მას იღბალს მიაწერს, ზოგი შრომისმოყვარეობას, ზოგი ფიქრობს, რომ წარმატებას ისინი აღწევენ, ვინც რისკავენ…Wrigley’s-ის ისტორია გვასწავლის, რომ წარმატებული მაშინ ხდები, როცა ამ სამ კომპონენტს ერთმანეთთან შეაერთებ, თუმცა, სანამ შეფასებებზე გადავალთ, ისტორიას გადავხედოთ.
ახალგაზრდობაში დაწყებული ბიზნესი
უილიამ ვრიგლი უმცროსმა, Wrigley’s Chewing Gum-ის დამფუძნებელმა, ფილადელფიაში, მამამისის საპნის ქარხანაში დაიწყო მუშაობა დაახლოებით 1870 წელს. ის მალე გაერკვა ბიზნესის წარმოების დეტალებში და 18 წლის ასაკში მთელ ფილადელფიაში დაიწყო საპნის გაყიდვა.

ახალი ბაზარი
1891 წელს 29 წლის ვრიგლიმ გადაწყვიტა ჩიკაგოში გადასულიყო, სადაც განაგრძო მამის მიერ წარმოებული საპნის გაყიდვა. მან გაყიდვების გასაუმჯობესებლად გეგმა შეიმუშავა და თავის პროდუქტს გამაფხვიერებლები დაამატა, რითაც შეუთანხმდა მის მწარმოებელ კომპანიას, რომ ის დაეხმარებოდა საპნების გაყიდვაში, თუმცა მალე გამაფხვიერებელი უფრო მოთხოვნადი გახდა, ამიტომ ვრიგლიმ აქაც ჭკვიანურ სვლას მიმართა – ყოველ ქილაში ორ საღეჭ რეზინს ამატებდა.
საღეჭი რეზინი მალე უფრო პოპულარული გახდა, ვიდრე გამაფხვიერებელი. ამან დააფიქრა ვრიგლი და დაიწყო ახალი ბიზნეს ფოკუსის ძიება. ბევრი დრო არ დასჭირვებია იმის მისახვედრად, რომ მხოლოდ რეზინის პაკეტების გაყიდვა დაეწყო. მის პირველ ორ ბრენდს ერქვა Lotta Gum და Vasser.
იმ პერიოდში საკმაოდ ბევრი კონკურენტი ჰყავდა ბაზარზე, თუმცა მან ყველაზე დიდი რესურსი ჩადო რეკლამაში, რათა მისი საღეჭი რეზინები რაც შეიძლებოდა მეტ ადამიანს გაესინჯა. 1893 წელს მან წარმოადგინა Juicy Fruit.

Wrigley’s Spearmint
1907 წლისთვის Wrigley’s Spearmint ყველაზე გაყიდვადი საღეჭი რეზინი იყო შეერთებულ შტატებში. ამაში მას რეკლამაც ეხმარებოდა. ვრიგლიმ $284,000 დახარჯა, რაც იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა იყო. 1910 წლისთვის Wrigley ყველაზე დიდი რეზინის მწარმოებელი გახდა მსოფლიოში.
გაფართოება
დიდი ქონების მოგროვებამ ვრიგლის საშუალება მისცა, შეეძინა Chicago Cubs-ის აქციები. ასევე მან იყიდა ლოს-ანჯელესის ბეისბოლის კლუბი და Santa Catalina Island Company-ის აქციები. საინტერესოა, რომ ვრიგლის რეალურად დიდი ხნის განმავლობაში არ უნახავს კუნძული, რომელშიც ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული, თუმცა, როდესაც 1919 წელს პირველად ჩავიდა ამ ადგილზე, მან ის გამოისყიდა ყველა ინვესტორისგან, რათა კუნძულის ერთადერთი მფლობელი გამხდარიყო.

Wrigley-ის ხედვა
Wrigley-ის წარმატების ერთ-ერთი მყარი საიდუმლო მისი პოზიციონირება იყო. ის ამბობდა, რომ ეს პროდუქტი უნდა მიიღო ჭამის შემდეგ, როგორც კბილების წმენდის, ყელის დამშვიდების და ნაყროვანების შეგრძნებისგან გათავისუფლების საშუალება. ასევე, ის მოუწოდებდა მომხმარებელს, რომ ბავშვებისთვის არ ეთქვათ უარი საღეჭი რეზინის ყიდვაზე.
Wrigley და ომი
მიუხედავად იმისა, რომ პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს ბევრი საწარმო იხურებოდა ან ფორმატს იცვლიდა, ვრიგლის აქაც ეყო მახვილგონიერება, რომ ომიც კი სათავისოდ გამოეყენებინა. მან ყურადღება გაამახვილა Wrigley’s-ის სარგებელზე და პროდუქტი განათავსა, როგორც საუკეთესო საშუალება ჯარისკაცებისთვის, რომელიც კარგად კლავდა წყურვილს და ეხმარებოდა მათ ნერვების დაწყნარებაში.

Wrigley დღეს
Wrigley 100 წელზე მეტია, რაც არსებობს და სთავაზობს მომხმარებელს საღეჭი რეზინებისა და მაღალი ხარისხის ლოლიპოპებს მთელ მსოფლიოში. ის მომხმარებელზე სტაბილური ფოკუსირებით გაფართოვდა და დღემდე პოპულარულ პროდუქტად რჩება.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი











